ბიძინა გვა-სევდია-ნებს

ბიძინა გვა-სევდია-ნებს

ფურცელი აღარ შერჩა 2013 წლის კალენდარს. 2013 წარსულს ბარდება. რა მოხდა განვლილ წელს ქვეყნის ცხოვრებაში _ უკვე ეს ფიქრები მიტრიალებდა, როცა მერის წინააღმდეგ ბრძოლამ აპოგეას მიაღწია და გიგი უგულავამ საჯაროდ ამხილა ქვეყნის მთავარი პროკურორი _ თურმე ნუ იტყვით და, პროკურორად ევროპაში ნაყაჩაღარი კაცი გვყოლია. ატყდა გნიასი, ვაი უშველებელი, ზოგი ქოცთაგანი გიგი უგულავას ცილისწამებაში ადანაშაულებდა, ზოგი უარყოფდა, ზოგი მაინც თადარიგს იჭერდა და ხანდაზმულობის ვადაზე ბოდავდა. ბოლოს თავად პროკურორმა ფარცხალაძემ აღიარა, რომ, მართლაც, ნასამართლევი იყო გერმანიაში _ პოლიციასთან მომივიდა წაკინკლავებაო. ჯობდა, ბოლომდე ეღიარებინა, ამქვეყნად ლურსმული დამწერლობით ნაწერი ტექსტები არ დარჩა გაუშიფრავი და გერმანულ კოდექსში ვერ ჩაიხედავდა ვინმე და ვერ გაარკვევდა, რას ითვალისწინებდა ის მუხლები, რომლითაც იგი გაასამართლეს? ამ ყველაფერს დაემატა მისი უდიპლომობა.

დიახ, უდიპლომობა იმიტომ, რომ ჯერ წლებში ჰქონდა გარღვევა _ დაბადების წლიდან დაწყებული, ჩაბარებით გაგრძელებული და დამთავრებით დამთავრებული. და რომც დროზე შესულიყო და დროზე დაემთავრებინა, 61-ე სკოლაში გახსნილი უნივერსიტეტის დიპლომი დიპლომია? სწორედ ფარცხალაძის დიპლომმა წრედი შეკრა წულუკიანის დიპლომთან და დამებადა კითხვა _ რა დამემართებოდა ამ ხელისუფლების ხელში, მე რომ ქოცი ვყოფილიყავი და არჩევნებში ხმა მათთვის მიმეცა? არა, ხომ შეიძლება, ქოცი ვყოფილიყავი? ჰოდა, გადავწყვიტე, ამ საახალწლოდ, თავი წარმომედგინა ქართული ოცნების მხარდამჭერად და ისე შემეფასებინა განვლილი წელი.  მე რომ მეოცნებე ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, ვიოცნებებდი სამართლიანობის აღდგენაზე, მაგრამ ჩავთვლიდი კი მარტო ციხეებიდან გამოშვებულ პატიმრებს სამართლიანობის აღდგენად? არა მგონია. რანაირად ვიქნებოდი კმაყოფილი, როცა ამდენს გვპირდებოდნენ _ საქმეები გადაიხედებაო, წართმეული  დაგიბრუნდებათო, აკი ამ პათოსით იყო დამუხტული წინასაარჩევნო კამპანია, აკი ამასვე ამბობდა ბატონი ბიძინა არჩევნების მეორე დღესვე, სადაა უკან დაბრუნებული? აგერ წლის ბოლოს წულუკიანმა საერთოდ უარი თქვა საქმეების გადახედვაზე, მანამ კბილაშვილი გვაბოლებდა _  გადაიხედება, გადაიხედებაო. 

კბილაშვილის გამო, მე რომ ქოციონალი ვყოფილიყავი, რიგ დღეებში სახლიდან გარეთ გამოსვლის შემრცხვებოდა... მაშინ, როცა ვაშლისთლის გამო დაიჭირა ბაჩო ახალაია, ვერ უმტკიცებდა წაყენებულ ბრალდებებს და გზადაგზა პამპრესებივით უცვლიდა ბრალს _ გაანიორწყლებდა დაცვა და შემდეგ სასამართლო ბრალდებას, ახალს წაუყენებდნენ, გაანიორწყლებდნენ, ახალს წაუყენებდნენ. ბოლოს, ქურდებს რომ დედა უტირა, მარტო ის დაუმტკიცეს, ეგ ხომ უთქვენოდაც ვიცოდით და მაგით ხომ თვითონაც ამაყობდა, მაგას რა დამტკიცება უნდოდა, თქვე მართლა უკბილოებო!  სახლიდან ვერ გავიდოდი ან თუ გავიდოდი, ვასაძის მაღაზიაში მივვარდებოდი, ჭავჭავაძეზე, „სამოსელ პირველში“, ერთ ყაბალახს ვიყიდდი, ისე შევიფუთნებოდი და ისე ვივლიდი, მაგ კბილაშვილმა რომ ბედუკაძე გამოუშვა გარეთ. ჯერ თვითონ დაადანაშაულა წამების ეპიზოდებში და მერე პასუხისმგებლობიდან სრულად გაათავისუფლა. როგორ შემეხედა თვალებში ნაციონალებისთვის, ან მათი მხარდამჭერებისთვის _ რაც მე მაგათ ცოცხების გამო დღე ვაყარე, რაც ვლანძღე და შეურაცხყოფა ვაყენე.... როგორ შემეხედა თვალებში? რომც გამებედა და შემეხედა, თვალებს არ ამომკორტნიდნენ, მაგალითად, ქალბატონი მაია ორჯონიკიძე ან ქეთა გაბიანი? რა გამოვიდა, ცოცხები, ცოცხები გვაყვირეს, ქვეყანა დაგვაქცევინეს და მერე? მერე ის, რომ ლიტველმა ექსპერტმა დასკვნა დადო, ცოცხით არავინ იყო გაუპატიურებულიო, მერე თვითონ ბედუკაძემაც ბრძანა, ეგ დადგმული იყო _ მასე შეურაცხყოფას ვაყენებდითო... მერე ის რომ კადრებში სწორედ მისი ხმები ისმოდა, გეამა თუ გეტკინაო, თუ რაღაც ამდაგვარი ცოცხობა და რა გამოვიდა? თვითონ  დაუდგამთ, თვითონ გადაუღიათ, გავუგიჟებივართ და ახლა გმირადაც გამოგვიცხადეს... მე რომ მეოცნებე ვყოფილიყავი, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებოდი მაშინ, როცა საბოლოოდ გაირკვა, რომ წულუკიანი იურისტი არ ყოფილა.

აბა, კარგ დღეში რანაირად ვიქნებოდი, რაც მე ნაბლატავები მექნებოდა _ მაგარი იუსტიციის მინისტრი გვყავს, სტრასბურგში მუშაობდა, მაგარი იურისტია და რამე მეთქი და გაირკვა, რომ ვაფშემც არ ყოფილა იურისტი. კარგს და ცუდს ვინ ჩივის, ვაფშემც არ ყოფილა! ეს ძლივს მექნებოდა მონელებული, აი ამას კი ვეღარ გადავიტანდი _ ფარცხალაძის დიპლომის ამბავს. ნაღდად ტვინში სისხლი ჩამექცეოდა _ ეს რა ჭირი გვჭირს, ტო? წულუკიანს, იურისტის თუ არა, დიპლომი მაინც ჰქონდა _ აქაურიც, ფრანგულიც. ამას კარლოს დიპლომი აქვს მარტო. ბურატინო ხარ, პაპა კარლოს დიპლომით რომ მეპროკურორები?  და საერთოდ, ვინაა დამნაშავე, ვინც ფირალი პროკურორად დანიშნა თუ თვითონ ფირალი, პროკურორად დანიშვნაზე რომ დათანხმდა? ხანდაზმულობაზე რომ ლაპარაკობთ, იურიდიულ მხარეზე, მორალს საბოლოოდ მოეხნა დედამიწა? რატომ მაგდებთ ნაციონალების ყბაში, ერთი კაცი ვერ იპოვეთ, დიპლომიც რომ ჰქონდეს და ნაყაჩაღარი არ იყოს? დიმიტრი გელოვანს გთხოვთ, მამაძაღლი? ერთი იურისტის შოვნა რა გაგიხდათ, აგერ ნაციონალებს კონა ათ შაურად ჰყავდათ და დღესაც ჰყავთ, ისეთი იურისტი ჰყავდათ,

იუსტიციის მინისტრად ბატონ ბიძინას დღესაც ნერწყვი ადგება პირზე.  მე რომ მეოცნებე ვყოფილიყავი, ნამდვილად გატეხილში ვიქნებოდი ინაუგურაციის გამო _ დახურულ ეზოში რომ ჩაატრეს და „ზაბორს“ აქეთ დაგვტოვეს. გატეხვას და გაბზარვას ვინ ჩივის, ხო წნევაც მგლიჯავდა, მარგველაშვილის ნაშრომს რომ წავიკითხავდი, სადაც მსუბუქი დებილიზმით დაავადებულად გვიხსენიებდა ერს. მაგასაც იღბალი არ უნდა? აგერ, ნაციონალებსა და მათ მხარდამჭერებს მიშა დღემდე დასძახის, საუკეთესო ნაცია ვართ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო, წაგვჭამა ტვინი ტრაბახით და ეს რას გვეძახის _ დებილები ხართო?! მერე დადგება ვიღაც შატაკიშვილი და დაწერეს _ დიაგნოსტიკაში მაგარი ყოფილა ჩვენი ახალი პრეზიდენტი, მასე რომ არ ყოფილიყო, მაგას ვინ აირჩევდაო და რა უნდა მიმეკომენტარებინა მე? ვერც ვერაფერი.  მაგრად გამიტყდებოდა ჩემი არჩეული ახალი პრეზიდენტი მიშას გამონაცვალი პიარსვლებით რომ დაიწყებდა მოღვაწეობას _ სამსახურში ფეხით მივიდაო. მასე მიშა მეტრო-მეტრო დადიოდა, მთავრობასაც ატარებდა ტროლეიბუსით. მერე მანქანებზე გადასხდნენ და ამოვჭამეთ ტვინი _ ფულებს ხარჯავენ მანქანებში, ფულებს ხარჯავენ. ახლა რა გაირკვა? გვყავს აჭარის ახალი ასლანი, რომელიც 2014 წლის მოდელებს ყიდულობს, ცალკე კაცი ჰყავს „ზონტიკის“ დამჭერად და ამის პარალელურად ირკვევა, რომ ის პირსისხლიანი, ქვეყნის გადამჭმელი გიგა ბოკერია მოძველებული და სიგარეტის სუნით აყროლებული მანქანით დადიოდა... ეჰ, მე მგონი, მალე იმასაც იტყვიან, რომ ნაციონალებს არაფერი ებადათ, გაცვეთილი შინელისამარა იყვნენო... ჩემმა ნაქებმა პრეზიდენტმა კი რა ქნა? ხელფასი გაიორმაგა.  არდა, მე რომ ქოციონალი ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, მექნებოდა მოლოდინი, რომ გამიორმაგდებოდა შემოსავალი, რომ ბენზინი გაიაფდებოდა იმ ერთი ლარით, რომელიც იმ უსინდისო მიშას მიჰქონდა ჯიბეში. მეგონებოდა, რომ აწი ქათამს უდანაკარგოდ ვიყიდდი _ ბატონი გუბაზი ხომ გვეუბნებოდა _ ყველა ქათმიდან ცალი ბარკალი მაგათიაო. ახლა რა გაირკვა? „ვაფშემც“ ვეღარ ვყიდულობ ქათამს, ყოფილიყო ის ქათამი ცალბარკალა, არ მერჩია?  რა სამართლიანობის აღდგენა, რის სამართლიანობის აღდგენა, მთელი წელი გიგი უგულავასთან ომს მოანდომეს, ვერაფერი უღონეს და როდის მოუგრიხეს კისერი? შუაღამისას, 1 საათზე შეუჩერეს უფლებამოსილება ან შნო გქონდეთ და აკონტროლეთ სასამართლო და შუადღისითვე გამოატანინეთ ეგ გადაწყვეტილება, ან მოეშვით და შეეშვით, მთელ ევროპაში თავს ნუ იჭრით!

ნაციონალებმა, ლამის ევროკავშირში შეიყვანეს ქვეყანა და თქვენ რა ქენით, „მუზიკაც“ ვერ აარჩიეთ, „შალახო“ დააკვრევინეთ. ხო, გავიგეთ, რომ იმათ დაუკრეს, რომ ჩადიხართ და დატლაკუნობთ, დაწყებამდე რომ გეკითხათ, რას უკრავთ-თქო, ენები დაგძვრებოდათ ან ჩატანილი გქონდათ ფალიაშვილი და იმათ მაინც შალახო დაუკრეს?  ან უგულავას რომ უჩერებთ უფლებამოსილებას, რანაირად? აგერ გამოვიდა სევდია უგრეხელიძე და ამბობს, მე მერის ზემდგომი არა ვარ, გიგი გადავაყენოო, გიგიმ უნდა გადააყენოს თავი? რა ვერ მოითმინეთ, ან რა ვერ გააკეთეთ ისე, რომ ამდენი იაღლიში არ იყოს? მოკლედ, ბიძინა გვა-სევდია-ნებს. დედაქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი სევდია ხდება. ქალბატონმა სევდიამ ერთი ფრიად საინტერესო ფრაზა ჩაუფინა _ „ეს ხელისუფლება ჩემში საფრთხეს არ ხედავს პოლიტიკური თვალსაზრისით...“ არადა, წესით, უნდა ხედავდეს სევდია უგრეხელიძეში საფრთხეს და რომ ვერ ხედავს, სწორედაც რომ, ეგ დამასევდიანებდა, მე რომ ქოციონალი ვყოფილიყავი. გიგი უგულავას კორუფციის ფაქტებს თუ ვერ დაუმტკიცებ, ბოლო-ბოლო სადღაც წამოკოტრიალებული რომაა, იმ ფოტოებს მაინც აუფრიალებ, ენას ძვალი არა აქვს _ ცოლის ვიზაჟისტობას ყელში ამოუყვან (მერე რა, რომ შენი არჩეული პრეზიდენტის ცოლიც ვიზაჟისტია), და სევდიას რა უნდა წააძახო? ან რა კომპრომატი უნდა ამოუქექო? მე რომ მეოცნებე ვყოფილიყავი, ვიტყოდი _ არა რა, ამათ ხალხის ცნობა ისწავლონ და მე კიდე ოცნება... გიგი გზიდან მოიშორეთ ვითომ და დედაქალაქის მერად შეგრჩათ ქალი, რომლის პრინციპულობაზე ლეგენდები დადის? ეგ თუ ვირზე შეჯდა, მერე ირბინეთ თქვენი ზებრებით წინ და უკან, ბატონო ბიძინა! ძმამ ვერაფერი მოუხერხა მაგის პრინციპულობას და თქვენ მოუხერხებთ? შევარდნაძემ ვერაფერი მოუხერხა, მიტინგებს რომ ხვრეტდნენ, წინ უდგებოდა მხედრიონელებს და ეუბნებოდა, მესროლეთო და თქვენ შეაშინებთ უდიპლომო ფარცხვალაძით?  არა რა, მე რომ მეოცნებე ვყოფილიყავი, მართლა ტვინში სისხლი ჩამექცეოდა 2013 წელს. რა იღბალი აქვთ ნაცებს _ მიშა 10 წელი ჰყავდათ და კიდე წასვლა არ უნდოდა, ეს ბიძინა კიდე ერთ წელიწადში გაგვექცა.... მესამე სექტორი ვჭამოთ?  გამიმართლა, რომ მეოცნებე არ ვარ, თორემ ახლა რომ თვალი გადავავლე, ჩემი ამბავი რომ ვიცი, ნახევარზე სახლში ჯდომა მომიწევდა _ გარეთ გამოსვლის შემრცხვებოდა, ან რა ჯანდაბას გამოვიდოდი _ ან წნევა მგლიჯავდა ან ინფარქტი. იუსტიციის სახლისთვის „კრიშის“ აძრობა მეყოფოდა სიხარულისთვის მთელი ერთი წელიწადი?  მოკლედ, ბიძინა გვა-სევდია-ნებს. გვა-სევდია-ნებს კი არა, დაგვა-სევდია-ნა და ეგაა?!