,,სამ დურაკის’‘ პრინციპი საზოგადოებაზე დიდხანს ვერ იმუშავებს’‘

,,სამ დურაკის’‘ პრინციპი საზოგადოებაზე დიდხანს ვერ იმუშავებს’‘

კახი კახიშვილის საახალწლო რჩევები ხელისუფლებას

როდის გადადგება ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან და რა ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტში ახალი წლის შემდეგ, რატომ გამოვიდა ნაციონალური მოძრაობა ქუჩაში და რა გამოწვევების წინაშე დგას ,,ქართული ოცნება’‘? _ ,,ვერსიის’‘ კითხვებს პოლიტოლოგი კახი კახიშვილი პასუხობს.  
_ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ ინფორმირებული არ იყო, ამიტომ პრემიერ-მინისტრი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. თანამდებობაზე დანიშვნამდე, ოთარ ფარცხალაძეს ნასამართლეობის შესახებ სპეციალური საბუთი უნდა წარედგინა და ბლანკიც შეევსო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ გააკეთა.   
_ ეს ნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძემ სახელმწიფო შეცდომაში შეიყვანა. მსგავსი ტიპის დარღვევისთვის კანონში შესაბამისი მუხლი გათვალისწინებულია? 
_ ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, კანონდარღვევაა დაფიქსირებული _ პროკურატურის ორგანულ კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ თანამდებობაზე დანიშნული პირი ნასამართლევი არ უნდა იყოს, რაც გაქარწყლებულ ნასამართლეობას არ გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში, ნასამართლეობის მოხსნა ვერ მოხერხდა, რადგან, ჩემი ინფორმაციით, გერმანიაში გამოტანილი განაჩენი, აღსრულების ნაწილში, საქართველოს არ გადმოეცა და შესაბამისად, საზღვარგარეთ გამოტანილი განაჩენის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოხერხდა. ასე რომ, ფინანსთა სამინისტროსა და შემდეგ, მთავარ პროკურატურაში დანიშვნის პერიოდში, კანონი აშკარად დაირღვა.  
_ ასეა თუ ისე, მთავარი პროკურორის შეცვლას, როგორც ჩანს, არავინ აპირებს. ამ ფონზე, მთელი პროკურატურის ლეგიტიმაციის პრობლემა ხომ არ დადგება?  
_ სავარაუდოდ, პრემიერი ახალი წლის შემდეგ ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ოთარ ფარცხალაძეც მთავარი პროკურორის პოსტს დატოვებს, რადგან  ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხის დახურვას არ აპირებს. მეტიც, ეს მუდმივი პიარის თემა იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებსგარეთ, დასავლეთში _ ხომ გეუბნებოდით, ქვეყნის სათავეში ყაჩაღები მოდიან. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათო. საკმაოდ უხერხული მდგომარეობიდან გამოსასვლელად კი, ხელისუფლებამ დროული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რაც შეეხება პროკურატურის ლეგიტიმაციას, ნაციონალები მათ წინააღმდეგ წარმოებული საქმეების განხილვისას, სასამართლო პროცესებზე საუბარს სწორედ ოთარ ფარცხალაძით დაიწყებენ. მერწმუნეთ, ეს პროცესი გაისად უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.  
_ მომავალ წელს ხელისუფლება კიდევ ერთი სკანდალით ხვდება _ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე რეაგირება საგამოძიებო სტრუქტურებს ჯერ არ მოუხდენიათ. ფარცხალაძის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენება ხელისუფლებას ამ პრობლემასაც მოუგვარებს?  
_ აღნიშნული საკითხიც ხელისუფლებამ არასწორად გაწელა. ,,ქართულ ოცნებას’‘ ნაციონალური მოძრაობისთვის ამ თემით მანიპულირების საშუალება არ უნდა მიეცა და წმინდა სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადასულიყო. ფაქტია, ვანო მერაბიშვილის განცხადება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რომლის საფუძველზეც რეაგირება მაშინვე უნდა მომხდარიყო.  საქართველოს კანონში ხაზგასმით წერია _ თუ განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს, საგამოძიებო ორგანოები და პროკურორი ვალდებულია, საქმის მოკვლევა დაუყოვნებლივ დაიწყოს. ამ შემთხვევაში, კანონში დისკრეციული უფლებამოსილება მითითებული არ არის. თუ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი იტყუება, ეს მიუკერძოებელმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უამრავი კითხვა ჩნდება ქვეყნის შიგნით და დასავლეთშიც. გასაგებია, რომ პროვოკაციული განცხადება იყო, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ მიზანს რომ არ მიაღწიოს, ხელისუფლებამ გამოძიება უნდა დაიწყოს.  
_ ამ მიმართულებით მმართველი გუნდი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, ნაციონალური მოძრაობა კი ხელისუფლებას თავისმართლების რეჟიმში აყენებს.  
_ ნაციონალურმა მოძრაობამ ,,ქართული ოცნება’‘ თავისმართლების რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე ჩააყენა. მეტიც, ზოგჯერ საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებებზე მმართველი გუნდი არგუმენტირებულ პასუხს ვერ სცემს, ამიტომ ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკა კარგად უნდა გააანალიზოს, ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბდეს და ყველა ბრალდებას კანონმდებლობის შესაბამისად უპასუხოს. 
_ ბატონო კახი, ეს ,,ქართულ ოცნებაში’‘ არსებული არაპროფესიონალიზმის შედეგია?  
_ კომპეტენციის ნაკლებობა და კოალიციის ეკლექტურობა _ ესაა შეცდომების ძირითადი მიზეზი. გუნდში ფიქრობენ, რომ ,,სამ დურაკის’‘ პრინციპი საზოგადოებაზე მუდმივად იმუშავებს, მაგრამ შეცდომების ნაციონალურ მოძრაობაზე გადაბრალება დიდხანს ვერ იმუშავებს. კი ბატონო, კარგად გვახსოვს ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა, ისიც ვიცით, რას აკეთებდნენ და რამდენი დანაშაული ჩაიდინეს, იმასაც ვაანალიზებთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ,,ქართული ოცნება’‘ წინამორბედისგან ბევრად განსხვავდება, თუმცა რა გვინდა: ნაცმოძრაობაზე ოდნავ კარგი ხელისუფლება თუ მმართველი გუნდი, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას მყარ საფუძველს ჩაუყრის? ვფიქრობ, ახალი წლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრთა კაბინეტის გადახედვაც მოუწევს, რადგან ზოგიერთი სამინისტრო, ფაქტობრივად, ინერციით მუშაობს. თუ ხელისუფლება სათანადოდ არ მოემზადება და არ ჩამოაყალიბებს გუნდს, რომელიც ინერციით კი არ იმუშავებს, ნოვატორულ რეფორმებს გაატარებს, 2014 წელი ,,ქართული ოცნებისთვის’‘ ბევრად მძიმე იქნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თვითმმართველობის არჩევნები გველოდება, რომელიც ორგანიზებისა და შედეგების დათვლის კუთხით, სხვა არჩევნებთან შედარებით, საკმაოდ რთულია. ამასობაში, არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც კოჰაბიტაციის პერიოდში ვითარების გამწვავებას ერიდებოდა, თანდათან გააქტიურდება, ასე რომ, გაისად ხელისუფლება საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება.  
_ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გადატანას ქუჩაში ცდილობს მაშინ, როცა ყოფილ მაღალჩინოსნებზე არაერთი საქმეა აღძრული, საპარლამენტო ოპოზიცია რა გამოწვევების წინაშე დგას?  
_ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების დისკრედიტაციას მაქსიმალურად შეეცდება. თანაც, მსგავსი ვითარება ნაციონალებს უკვე გამოვლილი აქვთ _ 2000-2003 წლებში შევარდნაძის გუნდს გამოეყვნენ და მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა მეთოდი გამოიყენეს, ამიტომ ხელისუფლებამ ყოფილ სახელისუფლო პარტიას იმის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს, ხალხმა განწყობა შეიცვალოს და იმაზე საუბარი დაიწყოს, ნაციონალები ამ შემთხვევაში მართლები არიანო. ამის აღმოსაფხვრელად კი აუცილებელია, ,,ქართულმა ოცნებამ’‘ უპასუხო კითხვები არ დატოვოს. საზოგადოება იმასაც კარგად ხედავს, რომ ,,ოცნების’‘ წარმომადგენლები, თანამდებობებზე დანიშვნისთანავე, ძვირადღირებულ მანქანებს, ტელეფონებს, კომპიუტერებსა და ,,ქეისებსაც’‘ კი ყიდულობენ, უარს არც მაღალ პრემიებზეც ამბობენ, რაც მშიერი მოსახლეობას აღიზიანებს. ამ ფონზე, ,,ქართული ოცნების’‘ ლიდერების განცხადებები და არგუმენტები, თითქოს ნაციონალური მოძრაობის დროს უარესი ხდებოდა, აღარ მუშაობს და რაც დრო გავა, მით უფრო არაეფექტური გახდება. თუ მმართველი გუნდი ეფექტურ ნაბიჯებს არ შემოგვთავაზებს, პროცესები მისთვის ნეგატიური შედეგებით დასრულდება.   
_ 2003 წელი ნაციონალურმა მოძრაობამ რევოლუციით დაასრულა. 9-წლიანი მმართველობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პარტიას აქვს პერსპექტივა, მოვლენები იგივე სცენარით წარმართოს?  
_ არ მგონია, ნაციონალურმა მოძრაობამ სამ წელიწადში რევოლუციის მოხდენა შეძლოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლების  სერიოზული დისკრედიტაცია და მისი რეიტინგის ნულამდე დაყვანა მოახერხოს. ისიც მნიშვნელოვანია, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვინ, რა კონფიგურაციით შევა პარლამენტში, რადგან შესაძლებელია, გამოჩნდეს ძალები, რომლებსაც ნაციონალურ მოძრაობასთან უშუალო კავშირი არ აქვს, მაგრამ პარლამენტში მათ სასარგებლოდ იმუშაონ, ეს პროცესი კი საქართველოს სახელმწიფოებრიობას პრობლემებს შეუქმნის. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება საქართველოს სერიოზული პრობლემა გახდება, რადგან მისი მმართველობის სტილი ერთხელ უკვე ვნახეთ და ისიც ფაქტია, რომ მათი მეთოდები უცვლელია.