ასაფეთქებელი ნაძვის ხე, ანუ... ანუ!

ასაფეთქებელი ნაძვის ხე, ანუ... ანუ!

სრულიად საქართველომ ახალი წლის მობრძანება უკვე იზეიმა. იმედია 2014 წელი ქართველებისთვის განსაკუთრებით ფეხბედნიერი აღმოჩნდება. ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს ამ საზეიმო თარიღს და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალ თორმეტ თვეს თითოეული ჩვენთაგანი ნებისმიერ ჩაფიქრებულ სურვილსა თუ ოცნებას აუცილებლად აისრულებს.

დღევანდელი წერილის მთავარი თემა რასაკვირველია ახალი წელი იქნება და მკითხველებთან ერთად მსოფლიო მოგზაურობაში გავეშურები.

თავდაპირველად „ამომავალი მზის“ ქვეყანას მივაშუროთ. ერთი კვირის წინ იაპონელმა იუველირებმა შექმნეს ნაძვის ხე სუფთა ოქროსაგან, რომელიც 24 კილოგრამს იწონის და 1.5 მილიონი დოლარი ღირს. ეს სააახალწლო სასწაული შემკულია 240 ძვირფასი ქვით, მათ შორის ბრილიანტებით და მარგალიტის “წვიმებით“.

მრავალი “ახალი“ ქართველი და ჩვენებური „ყოფილი პოლიტიკოსი“ ამ დუნიაზე აქტიურად მოგზაურობს. თუ დაინტერესდებიან შემიძლია ამ ორიგინალური ხელოვნების ნიმუშის ზუსტი ადგილმდებარეობა ვაცნობო. თუ ჯიბეში ფულის სიმცირეს არ უჩივით, ჩაფრინდით იაპონიაში, მიაშურეთ კუნძულ ჰონსიუს და დაბინავდით ქალაქ ოსაკაში. შემდეგ აიღეთ საჭირო თანხა და განზა ტანაკას ქუჩაზე მდებარე საიუველირო მაღაზიაში შეიარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ საშობაოდ ეს საჩუქარი თქვენი ახლობლებისათვის ნამდვილად რომ შესანიშნავი სიურპრიზი იქნება.

ახალი წლისთვის შესაფერისად მოემზადდნენ ბრაზილიაშიც. რამდენიმე თვეში ეს ქვეყანა მსოფლიოს მორიგ საფეხბურთო პირველობას უმასპინძლებს. იაპონელებისაგან განსხვავებით პელეს თანამემამულეები  განსაკუთრებული ეკონომიკური მიღწევებით არ გამოირჩევიან. ამიტომ  იქაურებმა საახალწლოდ მსოფლიოს გაკვირვება სხვა გზით სცადეს. სან-პაულოელმა კონდიტერებმა შოკოლადის ნაძვის ხე დაამზადეს, რომელიც 110 კილოგრამს იწონის და სიმაღლით ხუთი მეტრია. ტოტებზე საჩუქრების ნაცვლად 3 ათასამდე კანფეტი მოათავსეს, ნიგვზისა და კარამელის შიგთავსით.

ეს ნაძვის ხე მხოლოდ და მხოლოდ 6680 დოლარი ღირს, ოღონდ მას ვერ შეიძენთ, რადგან სამწუხაროდ არ იყიდება. 31 დეკემბერს სხვა ტკბილეულთან ერთად ის კიბოთი დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების მხარდამჭერ ფონდში გადააგზავნეს. საჩუქრის ადგილზე მისატანად გამოიყენეს სპეციალური სატვირთო-სამაცივრო დანადგარი. სხვაგვარად ლათინური ამერიკის ცხელ კლიმატში შოკოლადი გზაში დადნებოდა.

ნაძვის ხის სახლში დადგმა სასიამოვნო ტრადიციაა და არა რელიგიური რიტუალი. მას საფუძველი გერმანიაში ჩაეყარა იმ დროს როდესაც წინაისტორიული პერიოდის ადამიანები მარადმწვანე ხეებს ეთაყვანებოდნენ. ინგლისში ეს წესი მას შემდეგ დამკვიდრდა, როდესაც გერმანიის პრინცი ალბერტ საქს-კობურგ-გოტა დედოფალ ვიქტორიაზე დაქორწინდა. სწორედ რომ პრინცმა ალბერტმა მორთო პირველი ნაძვის ხე უინძორების სასახლეში 1814 წელს. აშშ-შიც ეს ტრადიცია გერმანელებმა შეიტანეს, როდესაც 1776 წელს ამერიკის რევოლუციის დროს პირველი ნაძვის ხე ჰესენელმა ჯარისკაცებმა ჩაიტანეს.

ნაძვის ხის მთავარი ატრიბუტი სათამაშოებია. ის უამრავი ფორმისა და სახისაა და ყველა ოჯახში მრავალი წლის განმავლობაში ინახება. მათ შორის ვხვდებით ერთგვარ რელიქვიებსაც, რომლებსაც თაობიდან თაობებში დიდი რუდუნებით გადავცემთ და განსაკუთრებული სიფრთხილითაც ვინახავთ. არ ვიცი ბებია-ბაბუების დატოვებულ ამ რელიქვიებს რა ფასს დაადებთ, მაგრამ წინა კვირას ინგლისში, მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ნაძვის ხის სათამაშო შეიქმნა. მისი ავტორია იუველირი ჰემფშირის საგრაფოდან, ვინმე მარკ ჰესეი.

ამ სათამაშოს ფასი არც მეტი არც ნაკლები 130 ათასი დოლარია. ის წარმოადგენს 1.5 ათასი ბრილიანტით მოჭედილ 18-კარატიანი თეთრი ოქროს ბურთს, რომელსაც გარს აკრავს 188 ლალის თვლით შემკული ორი რგოლი.

ამ შემთხვევაშიც გაცნობებთ მისამართს, სადაც ეს საჩუქარი შეგიძლიათ შეიძინოთ. „საახალწლო საჩუქარი“ გამოფენილია ლონდონის ერთ-ერთ უნივერმაღში. თუ მის მოპარვას შეეცდებით არ გირჩევთ, რადგან ის მოთავსებულია შუშის სქელი ფენით დაფარულ თუნუქის კოლოფში, რომელზეც დამაგრებულია სიგნალიზაცია. მისი ამოქმედების შემთხვევაში მაღაზია კვამლით იფარება და ბრიტანული სკოტლანდ-იარდის თანამშრომლებს თქვენი დაკავება არ გაუჭირდებათ.

ზემოთ ნაძვის ხის სათამაშოები ვახსენე და ჩილელ სერხიო კალდერონს დიდი საახალწლო სიურპრიზი ელოდა. რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის სხვენზე ასული, ნაძვის ხის მოსართავი ატრიბუტიკის მოძებნას აპირებდა და ბრჭყვიალა სათამაშოების ნაცვლად რვა საბრძოლო ყუმბარა დახვდა. კალდერონმა თოვლის ბაბუის საჩუქრის შესახებ მაშინვე პოლიციას აცნობა, რომლებიც ადგილზე სწრაფად გამოცხადნენ და ყუმბარებიც გააუვნებელყვეს. უიღბლო ჩილელის ვარაუდით, ყუმბარები საკუჭნაოში შესაძლოა 20 წლის წინ მამამისს შეენახა.

ასე რომ ფრთხილად იყავით, თუ კალდერონის მამა გენერალ პინოჩეტის რეჟიმს ებრძოდა და იარაღსაც ნაძვის ხის სათამაშოების გვერდით ინახავდა, თქვენი წინაპრებიც ასევე შესაძლოა ბოლშევიკური წყობის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები და თუ იარაღიც ექნებოდათ, შესაძლოა რომ ჩილელის მშობლის ანალოგიურად მოქცეულიყვნენ.

ყოველი ახალი და უცხოური სიახლე საქართველოშიც თანდათან იკავებს ადგილს. სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ბრიტანეთში საახალწლო ნაძვის ხის მორთულობის ახალი ტენდენცია წამოვიდა. “ნისლიანი ალბიონის” მცხოვრებლები შეძენილ ნაძვის ხეებს თავდაყირა დგამენ და ისე რთავენ. ალბათ თბილისის მერიაში ამ ახალი მოდის შესახებ არაფერი იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში მამა-პაპათა ტრადიციების მიმდევარ ქართველებს ახალი ნოვატორული წამოწყებით, კერძოდ კი თავდაყირა დადგმული რამდენიმე ნაძვის ხით გაგვახარებდნენ.

ახალი წლის მთავარი მომქმედი გმირი მაინც თოვლის ბაბუაა, რომელიც დეკემბრის თვეში გვეცხადება და ჩვენთვის უამრავი საჩუქარი მოაქვს. ეს უკანასკნელი ადამიანური ფანტაზიის ის ნაყოფია, რომლის არსებობისა ყველას გვჯერა და რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის მომავლის იმედისა და ყველა ჩაფიქრებული სურვილების აღსრულების მტკიცე გარანტია.

არ ვიცი ქართველი თოვლის ბაბუა რამდენი წლისაა, მაგრამ შემიძლია მოგახსენოთ, რომ ბოლო წლებში ჩვენს რეალობაში მყარად დაფუძნებული სანტა კლაუსი 1651 წლის გახლავთ.

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ჟურნალმა “ფორბსმა” გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა,რომ სანტა კლაუსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გამოგონილი ჰუმანისტი ყოფილა. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ სანტას არსებობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გჯეროდეს. ამერიკელების 75 პროცენტს მიაჩნია, რომ სანტა კლაუსს ნამდვილად მოაქვს მათთვის იმედი. ოკეანისგაღმელთა 60 პროცენტი კი დასავლური სამყაროს ამ თოვლის არსებას პოპულარობით უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ბარაკ ობამას, ბრედ პიტს და რომან აბრამოვიჩს.

ამ ქვეყნად მრავალი შეუგნებელი ადამიანი ცხოვრობს და მათთვის წმინდა არაფერი არ არსებობს. ამ კატეგორიის ხალხის რისხვას ვერც საყოველთაო სიყვარულის მქონე სანტა კლაუსი და მისი დაქალი ფიფქია გადაურჩნენ. ეს სამწუხარო ამბავი რამდენიმე დღის წინ ლონდონში დაფიქსირდა. ამ ქალაქის ერთ-ერთ პარკში, გასართობად მოსულებმა სანტა კლაუსი, სამი ფერია და ორი მცველი სცემეს. მათ ვერც ფიფქია გადაურჩათ.

ჩხუბის მიზეზი მრავალგვარი იყო. პარკში შესასვლელი ბილეთი 30 გირვანქა ღირდა და ატრაქციონების ნახევარი არ მუშაობდა. სიმართლე ითქვას და მთავარი პროვოკატორი სანტა კლაუსი აღმოჩნდა. ის უარს ამბობდა ბავშვების მუხლებზე დასმაზე და 10 გირვანქა სტერლინგს ითხოვდა მათთან ერთად სურათის გადაღებისათვის.