3-4 დღის შემდეგ ამოქმედდება სისტემა, რომლის შემდეგაც ძნელი გასარჩევი იქნება აბონენტი რომელი მობილური ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს. შეიძლება აბონენტის ნომერი 899-ით იწყებოდეს, მაგრამ იგი “ჯეოსელის” ან სულაც “ბილაინის” ქსელში იყოს ჩართული. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ უხერხულობას შექმნის, მაგრამ მომხმარებლის და კომპანიების ინტერესი კომუნიკაციის მარგულირებელმა კომისიამ არ გაითვალისწინა.
15 თებერვლიდან ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ნომრის პორტაბელურობის სისტემა ინერგება. ახალი სისტემის შედეგად, “მაგთის”, “ბილაინის” და “ჯეოსელის” აბონენტი ნომრის შეცვლის გარეშე გახდება იმ ოპერატორის მომხმარებელი, რომელსაც თავად აირჩევს.
კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელსაც განვითარებული ქვეყნები დიდი ხანია იყენებენ. ეს პროცესი ევროპაში 2003-04 წლებიდან დაიწყო.
16 თებერვლიდან ყველა მომხმარებელი შეძლებს, ნებისმიერ სერვის ცენტრში მივიდეს პირადობის მოწმობით, დაწეროს განცხადება, რომ ერთი ოპერატორიდან მეორეზე გადასვლა სურს საკუთარი ნომრით. კომისიის შეფასებით, ეს სისტემა ხელს შეუწყობს კონკურენციას, ოპერატორები უფრო მოქნილები გახდებიან და მომხმარებელს სხვადასხვა სატარიფო გეგმას შესთავაზებენ.
თავად კომპანიებიც არ მალავენ, რომ ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ კონკურენცია გამძაფრდება. “ბილაინი” და “ჯეოსელი” 15 თებერვლის შემდეგ ახალ აბონენტებს ელიან.
“ბილაინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეონა ბაღდავაძის განცხადებით, ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ოპერატორები ეცდებიან, აბონენტებს მაქსიმალურად კარგი და ხელმისაწვდომი სერვისი შესთავაზონ, რომ არ მოხდეს მასობრივი გადინება ან პირიქით, მოხდეს კლიენტთა შემოდინება კომპანიებში.
“ისინი, ვინც ნომრის შეცვლის გამო არ გადმოდიოდნენ ჩვენთან, ახლა გადმოვლენ. ჩვენი გათვლებით, ამ სიახლის შემდეგ აბონენტები მოგვემატება”, - ამბობს ბაღდავაძე.
აბონენტების მატებას ელის “ჯეოსელიც.” კომპანიის იურისტის სანდრო სადაღაშვილის განცხადებით, ამჟამად პორტაბელურ პრინციპზე გადასვლის სისტემა სატესტო რეჟიმშია.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება თავიდანვე გააპროტესტეს ბაზრის უმსხვილესმა კომპანიებმა - “მაგთიკომმა” და “ჯეოსელმა”. “ჯეოსელმა” მარეგულირებელის გადაწყვეტილებას არაგონივრული უწოდა. კომპანიებისწარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ჯერ ბაზარი ამისთვის მზად არიყო.
“ჯეოსელში” აღნიშნეს, რომ ევროპაში ასეთი გადაწყვეტილებისმიღების შემდეგ კომპანიებს 18-თვიანი ვადა მისცეს, ხოლოსაქართველოში მხოლოდ 6-თვიანი. ასეთი ვადა “ჯეოსელის” წარმომადგენლების განცხადებით, არაგონივრულია. შედარებით მცირე ოპერატორმა “ბილაინმა” კი ახალი სისტემა დადებითად შეაფასა, ამ გადაწყვეტილებით კომპანიაში კონკურენციის გამძაფრების და კლიენტურის გაზრდის პერსპექტივა დაინახეს.
სასამართლოში ჩივილმა და კომისიასთან მოლაპარაკებებმა, რომ არ გაამართლა, კომპანიები იძულებულები გახდნენ განეცხადებინათ, რომ ნომრების პორტაბელურ სისტემაზე გადასასვლელად მზად არიან. “ჯეოსელში” აცხადებენ, რომ ახალი სისტემისადმი მომხმარებელთა ინტერესი შეინიშნება. კომპანიის შიდა ქსელში პორტაბელობით დაახლოებით ათასამდე აბონენტმა უკვე ისარგებლა.
შიდა პორტაბელობაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ “მაგთიშიც”, თუმცა რა დაუჯდებათ ეს სისტემა, არ აკონკრეტებენ. პორტაბელობის სისტემა მზად აქვს და სატესტო რეჟიმში ამუშავებს კომპანია “ბილაინი”. მენეჯმენტის განმარტებით, მომხმარებელს ყოველთვის ხელსაყრელი ტარიფის მიღება სურს და ინტერესი, შესაბამისად, მაღალია.