“…ვისაც მონეტა, წითელი წიწაკა ან თხილი ერგება, მას ბედი გაუღიმებს”

“…ვისაც მონეტა, წითელი წიწაკა ან თხილი ერგება, მას ბედი გაუღიმებს”

ახალი წელი ის ტრადიციაა, რომელსაც უძველესი დროიდან დღესასწაულობენ. ამ დღეს მთელი მსოფლიო სხვადასხვანაირად აღნიშნავს. თითოეულ ქვეყანას საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და წესები გააჩნია.

იაპონიაში ყველა ცდილობს საახალწლოდ ვალის გასტუმრებას. სახლებს რთავენ ბამბუკის ღეროებით, ანანასის ფოთლებითა და ტოტებით. ბამბუკი ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა, ანანასი კი წარმატებისა. არ შეიძლებოდა სუფრასთან ოთხი კაცის დაჯდომა, რადგანაც, სიტყვა ოთხი და სიკვდილი ერთნაირად გამოითქმებოდა. აკრძალული იყო საქონლის ხორცის ჭამა. სუფრაზე პირველად წყალს სვამენ - ადამიანი წლის განმავლობაში ჯანმრთელი იქნებაო. აუცილებელია ბრინჯის ფაფა, ჩაი, მაკარონი, ბრინჯის ღვინო, ბარდა ჯანმრთელობისა და ჭანარი, როგორც ძალის სიმბოლო. თუ ბავშვი დაიბადებოდა 31 დეკემბერს, პირველ იანვარს იგი უკვე მეორე წელიწადში იყო გადამდგარი.

ვიეტნამში საახალწლოდ ერიდებიან დავას, მოინახულებენ ნათესავებს, ახლობელთა საფლავებს, ბაზარში ვაჭრობენ იაფად, რათა მთელ წელიწადს იაფობა იყოს.

ავღანეთში მინდვრად პირველი მეფე გადიოდა და გუთნით პირველ ხნულს ავლებდა. ამ ქვეყანაში ქალები ცალკე ეგებებიან ახალ წელს. მამაკაცები სვამენ ხილის წვენს, ღვინო აკრძალულია.

ინგლისში შობას უფრო ზეიმით აღნიშნავენ, ვიდრე ახალ წელს. საშობაო სუფრა განსაკუთრებული უნდა იყოს. მთავარი კერძია პუდინგი, რომელსაც ინგლისელები შვრიის ბურღულით, „სალით“, ქიშმიშით, კვერცხით, ვაშლით, თხილითა და სხვადასხვა სუნელებით ამზადებენ. სუფრასთან მიტანის წინ კერძს, რომსაც მოასხამენ, ცეცხლს წაუკიდებენ და ასე აბრიალებულს დგამენ სუფრაზე. შობა დიდ ბრიტანეთში წარმოუდგენელია ინდაურის გარეშე. მას საგანგებო გარნირს უმზადებენ ბოსტნეულითა და მოცხარით.

ამერიკაში ტრადიციული საშობაო კერძი შემწვარი ინდაურია, რომელსაც შებრაწული პურით, ყველით, შავი ქლიავით, ნივრითა და სოკოთი გამოტენიან ხოლმე. ზოგჯერ ვაშლითა და კომბოსტოთი.

საფრანგეთში ინდაური წაბლით უნდა იყოს ფარშირებული. სადღესასწაულო სუფრაზე აქ ნახავთ მოლუსკებს ხახვის ცხელი სოუსით. ასევე, აუცილებელი კერძია, ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭრილი შებოლილი ორაგული და იხვის ღვიძლის პაშტეტი. ასევე, თეთრი ღვინო.

ინდოეთში აკრძალულია ჩხუბი და აყალმაყალი. ყველა ცდილობს ერთმანეთთან თბილი და ლმობიერი იყოს.

ბირმაში ახალი წლის დადგომა ყველაზე ცხელ დღეებს ემთხვევა, ამიტომ ნაცნობებსა და უცნობებს წყლით წუწავენ. ასევე იცოდნენ საბერძნეთში და აზორის კუნძულებზე.

თურქეთში ახალი წლის ღამეს ცოტა ხნით ქრება შუქი და თანამესუფრენი ერთმანეთს კოცნიან. სუფრა 30-40 კერძისაგან მაინც უნდა შედგებოდეს.

საბერძნეთში ახალი წელი წმინდა ბასილის დღედ ითვლება. წმინდა ბასილი საოცარი სიკეთითა და გულუხვობით გამოირჩეოდა, ამიტომ ბავშვები თავიანთ ფეხსაცმელებს ბუხართან ახლოს ტოვებენ იმ იმედით, რომ დილით იქ წმინდანისაგან მოძღვნილი საჩუქრები დახვდებათ.

იტალიაში ძველი წლის დასრულებისთანავე ბინიდან ყრიან გატეხილ ჭურჭელს, ძველ ტანსაცმელს და ავეჯსაც კი. ამ ნივთებთან ერთად ფანჯრიდან ცვივა კანფეტები, ასაფეთქებლები, შუშხუნები… იტალიელები მიიჩნევენ, რომ თუ ახალი წლის მოსვლისთანავე ძველ ნივთებს გადაყრი, მომავალ წელს ახალს შეიძენ.

ესპანეთში როგორც კი 12 საათი შესრულდება, აუცილებლად ჭამენ ყურძენს. სასურველია ყურძნის 12 მარცვალი მიირთვათ, რაც წელიწადის 12 თვეს შეესაბამება.

შოტლანდიაში სწამთ, რომ ოჯახის წინსვლა იმაზეა დამოკიდებული, ვინც ახალი წლის პირველ დღეს სახლში პირველად შემოაბიჯებს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ რომ ეს წესი, ჩვენს ქვეყანაშიც "აქტუალურია". შოტლანდიელების აზრით, ბედნიერება მოაქვს მუქთმიან მამაკაცს, რომელიც სახლში საჩუქრით შემოდის.

ბელგიაში საშობაო სუფრაზე აუცილებლად არის ხბოს ხორცისგან დამზადებული ძეხვი. ტრუფელი და წითელი ღვინო.

ლუქსემბურგის მცხოვრებნი საშობაოდ უპირატესობას სისხლიან ძეხვს, შემწვარ ვაშლს და შუშხუნა შამპანურს ანიჭებენ.

უნგრეთში ახალ წელს საყვირების ხმით ხვდებიან, რადგან სწამთ, რომ მათი საცხოვრებლიდან ბოროტ სულებს განდევნიან და სანაცვლოდ სიხარული, ხვავი, ბარაქა შემოვა. უნგრელებს საახალწლო სუფრის მაგიური ძალისაც სჯერათ: მათი აზრით, ვაშლი სილამაზისა და სიყვარული წყაროა, კაკალი ადამიანს უბედურებისაგან იცავს, ნიორი - ავადმყოფობისაგან, მარილი და ბარდა კი - სულსა და სხეულს აძლიერებს.

ნიდერლანდებში საშობაო სუფრა წარმოუდგენელია კურდღლის ხორცის გარეშე. უკეთესია, თუ ის ნანადირევი იქნება. გარდა ამისა, იქ დღესასწაულის დღეებში მუხუდოს მარცვლებსაც მიირთმევენ.

რუმინეთსა და ბულგარეთში საშობაოდ საგანგებო ღვეზელს აცხობენ სიურპრიზებით. ვისაც მონეტა, წითელი წიწაკა ან თხილი ერგება, მას ამ წელს ბედი გაუღიმებს.

ავსტრიაში, უნგრეთსა და იუგოსლავიაში საშობაო სუფრაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფრინველი. ამ დღეს ფრინველის ხორცის ჭამა ცუდის ნიშანია. ბედნიერება სახლიდან გაფრინდებაო.

სერბეთში კლავენ ღორს, დანარჩენ ქვეყნებში ბატკნის ხორცს მიირთმევენ.

გერმანიაში სადღესასწაულო კერძები ფერადი და ჭრელი უნდა იყოს. ამიტომ, აქ მათ ვაშლისგან, თხილისგან, ქიშმიშისა და მარციპანისგან ამზადებენ. ვაშლს აქ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის ცხოვრებისეულ სიბრძნეს განასახიერებს. საშობაო სუფრაზე გერმანელები დებენ შებოლილ ქაშაყს და შემწვარ იხვს შემწვარი ვაშლებით. მთავარი სასმელი გლინტვეინია.

კუბაში ახალი წლის დადგომამდე ყველანაირ ჭურჭელს წყლით ავსებენ და შუაღამისას წყალს ფანჯრებიდან ღვრიან. კუბელებს სჯერათ, რომ ამ რიტუალის შემდეგ მათი ცხოვრება წყალივით სუფთა და ნათელი იქნება. ვიდრე საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, ისინი ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ და ფიქრობენ, რომ სიკეთე, სიმშვიდე და ბარაქა იქნება ადამიანის თანამგზავრი მთელი 12 თვის განმავლობაში.

ბრაზილიაში ახალი წლის ღამეს პლაჟები ხალხით ივსება. ისიც კი, ვინც ზღვასთან ახლოს არ ცხოვრობს, ცდილობს როგორმე მივიდეს ზღვის სანაპიროზე და იქ მიიტანოს სპეციალური ძღვენი - ყვავილები, რომლებიც პატარა ხის ნავზეა დამაგრებული.

პოლონეთში საშობაო სუფრაზე თორმეტი თავი კერძი უნდა იყოს. ეს აუცილებელია, თანაც ხორცისგან მომზადებული არც ერთი არ უნდა იყოს. სოკოს წვნიანი და თევზის ჩაშუშული, ტრადიციული კერძებია. ტკბილეულიდან კი – შოკოლადის ტორტი. თევზი, რაც შეიძლება, მსუქანი და ცხიმიანი უნდა იყოს.

ნეპალელები ახალ წელს მზის ამოსვლისას ზეიმობენ. ღამით, სავსე მთვარის შუქზე ანთებენ კოცონს, რომელშიაც უსარგებლო ნივთებს წვავენ. მეორე დღეს კი, მთელი ქვეყანა ნამდვილ ცისარტყელას ემსგავსება. ნეპალელები უცნაური ნახატებით იფარავენ სახეს, ხელებს, მკერდს… ხალხი მთელი დღის განმავლობაშიცეკვავს და მღერის.