ცხენის წელიწადს კავკასიელები განსაკუთრებული მოლოდინით ხვდებიან

ცხენის წელიწადს კავკასიელები განსაკუთრებული მოლოდინით ხვდებიან

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ. მე-4 საუკუნეში ახალი წელი 6 აგვისტოს ემთხვეოდა, მე-7 საუკუნეში- ამ დღესასწაულს სექტემბერში ზეიმობდნენ, მე-9 საუკუნეში მარტიდან იწყებოდა დროის ათვლა, მე-14 საუკუნიდან კი ევროპული კალენდრის თანახმად, ახალი წელი იანვარში აღინიშნება.

როგორ ეგებებიან 2014 წელს ჩვენთვის ცნობილი ადამიანები?! ამის გასარკვევად For.ge საუკეთესო მეკვლედ აღიარებულ გივი ბერიკაშვილს დაუკავშირდა. მართალია, იგი ამჯერად მეკვლისთვის დამახასიათებელი ვაზის ლერწითა და ტკბილეულობით არ იყო ხელდამშვენებული, მაგრამ გულწრფელად გამოხატავდა სურვილს, რომ მის ნაფეხურს ბედნიერი ახალი წელი მოჰყოლოდა.

„გასული წელი იმით იყო აღსანიშნავი, რომ ჯოჯოხეთს დავუძვერით ხელიდან. საით წავალთ, იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მოგვიტანს ახალი წელი. ხალხი იმედებითაა სავსე, მათ ნებას კი წინ ვერავინ დაუდგება. პატარა აღარ ვარ, ჩემთვის გამორჩეული წელი ბევრი იყო და იმის გარჩევას არ დავიწყებ, თუ რომელი წელი იყო უკეთესი, ცუდიც ვნახე და კარგიც, გაჭირვებაც და დალხინებაც, ახლა კი მინდა, ვინც რჩება და, ვინც უნდა გააგრძელოს ცხოვრება, ჩემი ქართველი ხალხის სახით, კარგად იყოს და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს“, - გვითხრა გივი ბერიკაშვილმა. 

ამასთან, განმარტა, რომ მისი მეკვლეობა კვლავ ძალაში რჩება და მისთვის მთავარია, ის ურთერთობა და სიყვარული, რასაც უბრალო ხალხისგან გრძნობს. თუმცა ისიც ახსოვს, რომ წინა მთავრობამ რუსთაველის პრემიის ლაურეატთა სიიდან მხოლოდ ის ამოშალა; მაშინ, როცა ყველაზე მეტი ქულა სწორედ მან დააგროვა კომისიაში და ხუთი წლის განმავლობაში ზედიზედ პირველ მეკვლედ ასახელებდა ქართველი ხალხი.

„ეს იმიტომ მოხდა, რომ არ გამოვდიოდი და არ ვყვიროდი ქუჩაში მის მხარდასაჭერად. ახლა თვითონ გაიქცა ამერიკაში... ერთი უნდა ჩავაკითხო, ჩამოვიყვანო, მოვიდეს აქ და ეგდოს... ამ სიცივეში გარეთ კონცერტის გამართვის იდეაც არ მხიბლავს. ბავშვების ფილტვებით ავად გახდომა არ მაწყობს. ჩემი ბავშვობა ისე გავატარე, რომ, როგორც კი გათენდებოდა, გოზინაყს მომცემდნენ და მეტყოდნენ, ასე ტკბილად დამიბერდიო. ღამის 12 საათზე ზარების რეკვა ჩემს ბავშვობაში არ მახსოვს. უთენიიდან, 1-ლი იანვრიდან იწყებოდა ახალი წელი, მეკვლეობა და გადაპატიჟება თუ ქეიფი. მინდა, დიდი და პატარა, ჩვენი ხალხი, ვინც ჩვენთან ცხოვრობს და უყვარს ეს ქვეყანა, ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ კიდევ ერთი უბედნიერესი წელიწადი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“.

ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი აცხადებს, რომ  ყველა ადამიანისთვის ახალი წელი სიახლის, სიკეთის, ბედნიერების მომასწავებელია და ისეთ წარმოდგენას ვიქმნით, რომ ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება. ჯემალ ჭკუასელიც ამ განწყობით ხვდება ახალ წელს და, როგორც ბავშობაში და სიყმაწვილეში უხაროდა, ახლაც ისეთი განცდა აქვს ახალი წლის დადგომისას.

„გასულ წელს ბევრი რამ მოხდა ისეთი, რაც ჩემთვისაც სასიამოვნო იყო, ზოგის თქმა შემიძლია, ზოგის -არა, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, ვხედავ, რომ საქართველო  ნათელი გზით მიდის. რაღაცები უკვე აგვიხდა, რაღაცები აგვიანებს, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. 2013-მა წელმა დიდი მოლოდინი გამიჩინა, რომ საქართველო მართლაც გაბრწყინდება. გასული წელი ჩვენი ანსამბლისთვისაც წარმატებული იყო. როგორც მაყურებლები გვეუბნებიან, სასიამოვნო წუთები მივანიჭეთ. ახლაც დიდი სურვილი მაქვს, საქართველო გაერთიანდეს და, თუ რაიმე სიკეთე არსებობს, ყველაფერი ჩვენს ხალხს ჰქონდეს“.

ახალ წელთან დაკავშირებით ჩეჩნურ საზოგადოებაში განსაკუთრებული ტრადიციები აღარ შემორჩა, თუმცა წარსულში კერიაში ახალი ცეცხლის დანთების ტრადიცია ჰქონდათ, რაც ნიშნავდა, რომ ძველ ცეცხლს ყოველგვარი ცუდი უნდა წაეღო, ხოლო ახალი ცეცხლი იმედისა და კეთილი სურვილების ნიშანი უნდა ყოფილიყო.  საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი აცხადებს, რომ ახალ წელს ჩეჩნეთში ქალაქის ცენტრში ნაძვის ხეს დგამენ, შარშან ცნობილი მომღერლებიც ჩაიყვანა კადიროვმა. რაც შეეხება ქისტურ საზოგადოებას, იქ ქართული კულტურის გავლენა ძლიერია და თითქმის ისე ხვდებიან ახალ წელს, როგორც ქართველები. კერძოდ, ნაძვის ხის დადგმის ტრადიციით, გოზინაყით, საცივით.

„2013 წელი უფრო იმედების წელი იყო, თუმცა რატომღაც ბოლომდე ეს იმედები არ გამიმართლდა. არ მომწონს, როცა ახალი მთავრობის წევრები თავის თავს უფლებას აძლევენ, 357 ლარი გადაიხადონ კომპიუტერის ჩანთაში. ეს ნამდვილად ფუფუნებაა იმ ქვეყანაში, სადაც მოხუცებულობის პენსია 150 ლარია. მიუხედავად იმისა, რომ რიგითი თანამშრომლის ხელფასი არაფერში არ გვყოფნის და მაღაზიის ვალებიც გვაქვს, მაინც მიმაჩნია, სანამ პედაგოგისა და მოხუცებულობის პენსია არ გაიზრდება, ფუფუნების უფლება არ გვაქვს. სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ რიგითი თანამშრომლების ხელფასები არ იზრდება და მატულობს მხოლოდ თანამდებობის პირთა ანაზღაურება. არც სამართლიანობის აღდგენის, თანასწორობობის დაპირებამ გაგვიმართლა ბოლომდე“,-გვითხრა მექა ხანგოშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ 2014 წელი-ცხენის წელიწადი განსაკუთრებულია, რადგან მისთვის, როგორც მთიელისთვის, ცხენი უსაყვარლესი ცხოველია. ამიტომ იგი სრულიად კავკასიას მშვიდობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უსურვებს. ასევე, ნატრობს, რომ მსოფლიოში ომები არ იყოს. რაც შეეხება ჩვენს ინტერნეტგამოცემას, მექა ხანგოშვილი კვლავაც სიმართლის მსახურებას გვისურვებს.

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს,  შოთა გორგოძეს ძველი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალი ხელისუფლების იმედი აქვს. ფიქრობს, რომ ისინი სწორად წარმართავენ პოლიტიკას და ყველაფერი კარგად იქნება. შოთა გორგოძის ხელმძღვანელობით, 9 აპრილის ღამეს ყველას ახსოვს ქართული მილიციის თავდადება, ისიც ახსოვთ, რომ კამერებში ჩადიოდა პატიმრების მოსანახულებლად, იმდენად განიცდიდა მათ ამბავს, ერთი სული ჰქონდა, წასულიყო ორგანოებოდან, დაწერა კიდეც განცხადება, მაგრამ არ გაუშვეს. დღეს კი გენერალ-ლეიტენანტის ვაჟი კომაშია, გათიშულია, ხელოვნურ სუნთქვაზეა და ეს უკვე ხუთი წელია გრძელდება. იმის გამო, რომ წლების წინ ერთი დღე-ღამე რეანიმაციაში 570 ლარი ჯდებოდა, ოჯახმა ვერ გაუძლო და საავადმყოფოდან სახლში გაიყვანა ავადმყოფი. აპარატზე შეერთებულ ვაჟს დღესაც ექთნების 24-საათიანი მორიგეობა სჭირდება და, რომ არა მეგობრებისა და ვეტერანების თანადგომა, საკუთარი პენსია არაფერში ეყოფოდა.

„ვცდილობ, მოვხვდე თანამდებობის პირებთან, ჯერჯერობით ტელეფონს არავინ იღებს. დავით სერგეენკოსთან ვცდილობ შეხვედრას... უნდა აღვნიშნო, რომ კახი კალაძე ძალიან მეხმარებოდა, ასევე,- თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი რომან ფიფია. ეს ცხოვრება სულ წვალებასა და ჯოჯოხეთში გავატარე. დიდი იმედი მაქვს, სიკეთისკენ რაღაც შეიცვლება. მთავარი ჩემი პრობლემა არ არის, მთავარია, ჩვენს ხალხს ეშველოს“.

განვლილმა წელმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს თავი სწორედ იმით დაამახსოვრა, რომ ძალადობა, რაც იყო ქვეყანაში, მოისპო და აღარ არის; ხოლო ნაციონალური მოძრაობა ნელ-ნელა გაიკრიფა პოლიტიკური სარბიელიდან და მომავალში მაინც ხელს აღარ შეუშლის ქვეყნის ნორმალურ განვითარებას.

„მართალია, ქართველებისთვის შობა ბევრად უფრო დიდი დღესასწაულია, მაგრამ ახალი წელი ჩვენი წინაპრებისთვისაც გამორჩეული იყო. კომუნისტების დროს შობა არ აღინიშნებოდა, ერთმანეთში იყო არეული ძველი და ახალი წელიწადი, ამიტომ უფრო მეტი აქცენტი გადავიტანეთ ახალ წელიწადზე. ახლა კი ქრისტესშობის წელთაღიცხვით ვხელმძღვანელობთ და შობას და ახალ წელს შესაბამისად აღვნიშნავთ“.