სასამართლოებში, ციხეებთან, პროკურატურებსა და "კაპეზეებში" თითქმის მთელი წლის განმავლობაში მედიის მობილიზება შეინიშნებოდა. თუმცა, ვიდრე დაკავებები გააქტიურდებოდა, 2013 წლის დასაწყისში გამოცხადებული საყოველთაო ამნისტიით, ეტაპობრივად, ციხეები 8726 პატიმარმა დატოვა, მათ შორის – 175-მა პოლიტპატიმარის სტატუსით. ჯამში კი ამნისტია, რაც სასჯელის შემსუბუქებასაც გულისხმობდა, 17 726 მსჯავრდებულს შეეხო. ახლა ქართულ ციხეებში, ოფიციალური მონაცემებით, 9 000-მდე პირია მოთავსებული.
ციხეებში არსებული ვითარებაც მკვეთრად შეიცვალა. ძალადობაზე ბევრად ნაკლებს საუბრობენ, თუმცა მაინც საუბრობენ. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი ის არის, რომ გლდანის ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრის ცემის ფაქტს შეესწრო. ამჟამად ამ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.
ბოლო წლების განმავლობაში 2013 წელს პირველად დაფიქსირდა არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ფაქტი – ოფიციალური მონაცემებით, 16 წლის გოგა ძველაიამ თავი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩამოიხრჩო.
მიმდინარე წლის განმავლობაში დაფიქსირდა პატიმრის სასიკვდილოდ ცემის ფაქტიც. გეგუთის კოლონიაში ნაცემი ლევან კორტავა საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ, ალაპარაკდნენ ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის მოძლიერებაზე, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა აღიარა და აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტს ებრძვის.
გარემონტდა სასჯელაღსრულების დაწესებულებები. ყველაზე "პოპულარული" ე.წ. მატროსოვის ციხეა, სადაც VIP პატიმრებს მოუყარეს თავი.
. . . 2013 წლის 21 მაისი – ვანო მერაბიშვილის დაკავების დღე. ყოფილ პრემიერს ადგილი სწორედ მატროსოვის ციხეში მიუჩინეს და რამდენიმე მუხლით ბრალი წაუყენეს. მისი სასამართლო პროცესები დღემდე, ქუთაისსა თუ თბილისში მედიის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანია.
გირგვლიანის, ე.წ. ფიქტიურ დასაქმებებისა და 26 მაისის საქმეებზე ბრალდებული მერაბიშვილი სასამართლოში მთელი წელი აქტიურად იყენებდა ტრიბუნას სკანდალური განცხადებებისთვის, თუმცა სულ ახლახანს მისმა ნათქვამმა ყოველგვარ მოლოდნს გადააჭარბა. ვანო მერაბიშვილმა ახალი და უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი საკნიდან ღამით გაყვანასა და ზეწოლაში დაადანაშაულა.
ქუთაისის სასამართლოში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 12 დეკემბერს მატროსოვის ციხიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაიყვანეს, სადაც ოთარ ფარცხალაძე დახვდა და ჟვანიას საქმეზე და თანხებზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ინფორმაცია მოსთხოვა, სამაგიეროდ კი – ქვეყნის დატოვებას დაჰპირდა, უარის თქმის შემთხვევაში კი – ციხეში პირობების გაუარესებით დაემუქრა.
მერაბიშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ, ფარცხალაძეს ნასამართლეობა "ამოუქექეს" ოპონენტი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა. დედაქალაქის უკვე ყოფილმა მერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩვენი მთავარი პროკურორი გერმანიაში ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი.
ამავე წლის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი თარიღი პირველი აგვისტოა – ბაჩო ახალაია საქალაქო სასამართლომ ე.წ. სამხედროების წამების საქმეზე გაამართლა. მოსამართლე დავით მგელიაშვილის ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა, თუმცა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა და ბაჩო ახალაია მეორედ გახდა ერთ საქმეზე "მართალი". ამავდროულად, თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გამართლდა კიდევ ერთ ბრალდებაში - შს მინისტრობის დროს, 7 სპეცრაზმელის პოლიტიკური ნიშნით წამების საქმეში. ე.წ. ციხის
ბუნტის საქმეზე კი მას 3 წლითა და 9 თვით აღუკვეთეს თავისუფლება. ამ საქმეში დაზარალებულებად ცნობილნი იყვნენ ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები. მათი ჩვენებების საფუძველზე, ახალაიას გამტყუნება კი, "ნაციონალებისთვის" კარგი ლუკმა აღმოჩნდა, რათა ახალი ხელისუფლება ქურდული სამყაროს მფარველობაში დაედანაშაულებინა.
წლის ერთ-ერთი VIP პატიმარი ახალაიაც არის, რომელიც ასევე ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.
სამართლის სფეროს ერთ-ერთი სკანდალური დღე 2013 წლის განმავლობაში, ასევე იყო ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავება. იგი "ქართული ოცნების" ერთადერთი მაღალჩინოსანი იყო, ვის მიმართაც 2013-ში საქმე აღიძრა.
ხვედელიძეს ბრალად პირადი ცხოვრების გასაჯაროება წაუყენეს, რაც ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს სოციალურ ქსელში განთავსებას გულისხმობს. ხვედელიძე დაკავებიდან ორ დღეში გირაოთი გაათავისუფლეს. ჟურნალისტებთან მას მთელი წლის განმავლობაში კომენტარი არ გაუკეთებია და არც ის არის მკაფიოდ ცნობილი, რას ფიქრობს წარდგენილ ბრალზე მინისტრის ყოფილი მოადგილე. მის საქმეს არსებითად საქალაქო სასამართლო ჯერ კიდევ იხილავს.
ხმაურიანი აღმოჩნდა ინტერნეტში "თალიბების" სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოებიც. ეს საქმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გახსნილია, ბრალი კი – სოხუმში მცხოვრებ სამარ ჩოკუტაევს წაუყენეს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით, ვიდეოები სწორედ ოკუპირებული აფხაზეთიდან ატვირთა. ჩოკუტაევი ამ დრომდე ძებნაშია. ვიდეოების გავრცელებას კი პოლიტიკური ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას აბრალებდნენ. "ნაციონალების" განცხადებით, "აღნიშნული ვიდეოების გავრცელებით ახალი ხელისუფლება საზოგადოების საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე ზემოქმედებას ცდილობდა".
წლის სკანდალად იქცა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის დაპატიმრება, თუმცა არა საქართველოში, არამედ – საფრანგეთში. ოფიციალური ინფორმაციით, ბიზნესმენი კეზერაშვილი საქართველოს მოთხოვნით, "ტელე-იმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმის ფარგლებში გამოცხადდა ძებნილად და ამ მოტივით მოხდა მისი დაპატიმრება. კეზერაშვილი ამ დრომდე საფრანგეთის ციხეშია, ქართული მხარე კი, მის ექსტრადირებაზე მუშაობს.
ექსტრადირების კუთხით, 2013 წელს კიდევ ერთი გახმაურებული პატიმარი იყო აქტუალური. ჯერ კიდევ გასული წლის 7 დეკემბერს, კიევში დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, "თანამებრძოლებთან" ერთად, უკვე მატროსოვის ციხეში იმყოფება. მას 2005 წელს, ე.წ. მოდულის შენობაში ორი პოლიციელის ცემაში მონაწილეობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. მელნიკოვის ექსტრადიცია საქართველოში 23 სექტემბერს განხორციელდა.
საქართველოს კიდევ ჰყავს VIP პატიმრები, რომლებიც ამ დრომდე ძებნაში არიან, მათ შორის – კუდ-ის ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სამხედრო პოლიციის ყოფილი შეფი მეგის ქარდავა, კუდ-ის ყოფილი უფროსი სოსო თოფურიძე, ასევე სხვადასხვა დროს, ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში, მისი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, თინა ბურჯალიანის მეუღლეა.
ძიმცეიშვილს ბენზინის ტალონებთან დაკავშირებულ ბრალდებაზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დანარჩენი ძებნილებიც რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის ქვეშ იმყოფებიან, მათ შორის რამდენიმე დღის წინ, ქარდავას პატიმრობა სასამართლომ სხვადასხვა საქმეებზე, რომელიც ძირითადად წამებას ეხება, მეექვსედ შეუფარდა.
წლის ბოლოს, კიდევ ერთი დაკავება განხორციელდა. ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი და ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილე, კობა ხარშილაძე სააპელაციო სასამართლოს დარბაზში აიყვანეს. მას ბრალად სამეწარმეო დანაშაული აქვს წაყენებული, თუმცა თავადაც და მისი ადვოკატიც დარწმუნებულები არიან, რომ დაკავება ჟვანიას გარდაცვალების საქმეს უკავშირდება.
წლის ყველაზე ახალი მოვლენა გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებაა.
22 დეკემბერს უგულავას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერობა შეუჩერდა. მანამდე კი, "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებულ ბრალდებაზე, სადაც უკვე ყოფილ მერს თანხის გაფლანგვას ედავებიან, უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად 50-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლო პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში მოსამართლე დალი მეტრეველმა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, დაახლოებით ღამის პირველ საათზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და უგულავას თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.
დასამახსოვრებელი იყო 17 მაისი - "ელჯიბითი" საზოგადოების აქციას მართლმადიდებელი მრევლი და სასულიერიოპირები დაუპირისპირდნენ. ამ ფაქტზე რამდენიმე პირი, მათ შორის ორი მოძღვარი პასუხისგებაში მიეცა.
5 სექტემბერი - ეს ის დღეა, როდესაც შსს-ში ყოფილი ხელისუფლების პირობებში დაცული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები გაანადგურეს. ასეთი შსს-ში 144 ფაილი არსებობდა, რაც 181 საათის ხანგრძლივობის ჩანაწერს მოიცავდა.
სასამართლოსა და პროკურატურაში სავარაუდოდ მომავალი წელიც ცხელი იქნება. ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდებები მატულობს, სასამართლოს კი, ალბათ კიდევ ბევრი ხმაურიანი პროცესი ელოდება.
ამასობაში კი, გასულ წელთან შედარებით, მიუხედავად ამნისტიისა, ოფიციალური მონაცემებით, დანაშაულის მაჩვენებელმა 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 24%-ით იკლო.