ენერგოვაუჩერის დარიგებისთანავე გაჩნდა პრეტენზიები და ეჭვები. პრეტენზიები საფუძვლიანია, ეჭვები - უფრო ვარაუდის დონეზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ავლაბარში, ქეთევან წამებულის N70-ში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი გადასცა და იმ ვაუჩერზე უგრძესი ტირადა წარმოთქვა.
“პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. საქართველო გამონაკლისი არ არის და მსოფლიოში არსებული ინფლაციური ფონი აქაც იგრძნობა. ეს ურტყამს ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახებს. ჩვენ რამდენიმე კვირის წინათ გვქონდა შეკრება მთავრობის სხდომაზე და გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული დახმარების აქცია ჩაგვეტარებინა. ეს რა თქმა უნდა არ არის ანტიინფლაციური პროცესი. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას ფასების ზრდისგან წარმოქმნილი პრობლემები შევუმსუბუქოთ”, - სულმოუთქმელად ჩაარაკრაკა ნიკა გილაურმა და მორიგი პიარ-აქციის დასაგეგმად გასწია.
ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის გაცემა უკვე დაიწყო. ვაუჩერს საქართველოს მასშტაბით 941 ათასი აბონენტი მიიღებს. ისინი ე.წ. აქტიურ აბონენტებს დაურიგდებათ. კერძოდ, იმ ოჯახებს, რომლებმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინიმუმ 200 კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს. ვაუჩერების დარიგების პროცესი 15 მარტს დასრულდება.
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მომხმარებელების კატეგორიებად დაყოფას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. დეპუტატი ზაზა გაბუნია ხელისუფლებისაგან ენერგოვაუჩერების ყველა ოჯახისათვის დარიგებას მოითხოვს. მისი აზრით, მოსახლეობის აქტიურ და პასიურ მომხმარებლებად დაყოფა გაუმართლებელი ქმედებაა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას სწორედ ის ოჯახები საჭიროებენ, რომელთაც მომსახურების ხარჯის დასაფარად არ აქვთ შესაბამისი ფულადი რესურსი და საშუალება.
“მთავრობის აღნიშნული ინიციატივა შეიძლება აღვიქვათ მხოლოდ როგორც “პიარსვლა”. სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ ინიციატივას მოეცვა ყველა ოჯახი ქვეყნის მასშტაბით, რადგან მოქალაქეთა დაყოფა-სეგრეგაცია აბსოლუტურად გაუმართლებელია, რის გამოც ეს სამთავრობო ღონისძიება ვერ შეფასდება წარმატებულ სოციალურ აქციად და ხელისუფლების ეფექტურ ნაბიჯად”, - განაცხადა გაბუნიამ. ამასთან, იგი მოითხოვს, რომ ვაუჩერები არა ერთჯერადი, არამედ კვარტალური უნდა იყოს, რომ მოსახლეობამ მისი დახმარებით მართლაც შეძლოს არსებულ პრობლემებთან გამკლავება.
ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ შოშიაშილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ 20-ლარიანი ენერგოვაუჩერი დაურიგდება ქვეყნის მასშტაბით 1 მილიონ ოჯახს და მოსახლეობის არანაირ დაყოფას არ აქვს ადგილი.
“აქ საუბარია აგარაკის ტიპის და დაკეტილ სახლებზე, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში არ მოიხმარდნენ აქტიურად ელექტროენერგიას. ასეთ მოქალაქეებს არ გადაეცემათ ენერგო ვაუჩერი”, - დასძინა შოშიაშვილმა.
ხელისუფლებას და ენერგოკომპანიებს ხელს არც არასაპარლამენტო ოპოზიცია აკლებს. როგორც ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, სახელისუფლებო ენერგო-მაფიის მიერ გადმოგდებული ელექტროენერგიის 20 ლარიანი სატყუარა-ვაუჩერი, გამიზნულია მოსახლეობიდან მილიონების უკანონოდ ასაღლეტად...
“სინამდვილეში, რუსული კომპანია “თელასი” ხალხის მიმართ ახალი სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელებას აპირებს და ამისთვის ევრობანკიდან 25-მილიონიანი კრედიტის ასაღებად ემზადება. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ევროპის ბანკისგან “თელასისთვის” სესხის გაცემაზე უარი თქვას”, - განმარტა ლეიბორისტმა.
გუგავას არ დაუკონკრეტებია, რაში მდგომარეობს “თელასის” მზაკვრული გეგმა. თუმცა, მთავრობის მასშტაბურ სოციალურ აქციებს მუდმივად ნეგატიური პროცესები მოჰყვება (გავიხსენოთ დიზელისა და ფქვილის დარიგება და შემდგომ ფასების სწრაფი ზრდა), ამიტომაც არ არის გამორიცხული, ასეთი რამ მართლაც მზადდებოდეს.