"საცოდავი პარკში გაიყვანეს, ჯერ წიხლები ურტყეს, ბოლოს ქვა აიღეს და თავი გაუხეთქეს"
"იმიტომ გამოუშვეს ციხიდან ხალხი, რომ ბავშვები დახოცონ?!"
"იმ "ნასროკალმა" კაცმა კიდევ, ძმაკაცები დააყენა თავზე, ერთი 20 კაცი."
როცა გლდანში მეტრო ”ახმეტელიდან” ამოსულმა გახურებული საახალწლო სამზადისი დავინახე, ჯერ ჩემი ქვეყანაშემეცოდა, მერე ჩემი თავი - მოჩვენებითი მხიარულების მორევში ვართ გადაშვებულები და ვაი ჩვენი ბრალი! - იქვე, მეტროსთან გლდანის II მიკრორაიონში, მარკეტებითა და ჯიხურებით გაჭედილ პარკში, 20 წლის ჯიმი შელიას ცხედარი ესვენა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ციხიდან გამოსულმა კრიმინალებმა ცემით მოკლეს. მე კი საუბედუროდ, არა მხოლოდ ამ ბიჭის სიკვდილმა ჩამაგდო შოკში, არამედ უკვე ხალხში დაბრუნებულმა და საიმედოდ დაბანაკებული კრიმინალების შიშმა. ჩემსა და იქ მდებარე მაღაზიების დაახლოებით 2 ათეულ მოვაჭრეს შორის დაახლოებით ასეთი საუბარი გაიმართა:
” - გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქ, კერძოდ, 35-ე კორპუსის წინ, 20 წლის ბიჭი მეგობრის დედის გამოქომაგებისთვის მოკლეს. თურმე ამ ქალბატონს ე.წ. ”ძველმა ბიჭებმა” ფულის ”შეწერა” მოუნდომეს.
- ჩვენ არაფერი ვიცით, რადგან ეგ გვიან ღამით მოხდა და მაღაზიები უკვე დაკეტილი გვქონდა, აბა, რა უნდა გაგვეგო! არაფერი ვიცით, არაფერი!
- ისიც არ იცით, კონკრეტულად რომელ საათზე მოხდა ეს ამბავი?
- 9-დან 10-მდე.
- მერე ეგ გვიან როგორ არის, ამ დროს ფაქტობრივად ყველა სავაჭრო ობიექტი ღიაა...
-...”
... ამ თემაზე საუბარი მხოლოდ მან ისურვა, ვისაც დასაკარგავი აღარაფერი აქვს, - მოხუცებმა და ასევე ასაკოვანმა მენაგვემ. მან ჯერ დაკეტილი მწვანე ჯიხურისკენ (სურათზე) მიგვითითა, - მაგ მკვლელობის ამბავი აი, იქ დაიწყოო, მერე კი 30-ოდე მეტრის იქით, პარკისაკენ, - საწყალი ბიჭი მაგ პარკში ჯერ სიკვდილამდე მიიყვანეს ცემით და მერე ქვა ჩაარტყეს თავშიო.
- ვინ ჩაარტყა, იცით?
- ეხლა ეგ როგორ გითხრა! მე ის ვიცი, რომ ის უნამუსოები ერთი 20 იყვნენ, ის საცოდავი პარკში გაიყვანეს, წიხლები ურტყეს, ბოლოს ქვა აიღეს და საწყალს თავი გაუხეთქეს. სასწრაფომ რო წაიყვანა, სანამ საავადმყოფომდე მივიდოდა, მანქანაში მოკვდა.
- ამ ბიჭს იცნობდით?
- მაგ უბედურს? მაშ, ვიცნობდი, კარგი ბიჭი იყო, წესიერი. ეგ "ბუტკა" მაგისი ამხანაგის დედის არის. ბოსტნეულსა და სხვა რამეს ჰყიდის ის ქალი. შრომობს, შვილიც ეხმარება ხანდახან, - მაგ მოკლულის ძმაკაცი. ჰოდა, იმ ქალს ართმევდნენ საქონელსა, - ააწონინეს, ააწონინეს და უფულოდ უნდა წავიღოთო. აყვირდა ის ქალი და ეგ ბიჭიც მივარდა, მა რა იქნებოდა, მაგ ქალის ბიჭთან ამხანაგობდა. იმ ნასროკალმა კაცმა კიდევ, ძმაკაცები დააყენა თავზე, ერთი 20 კაცი. იმ 20 კაცმა გაიყვანა და მოკლა ეგ უბედური”. მითხრა მან და ჯიმი შელიას საცხოვრებელი კორპუსიც მიმასწავალა, - მანდ არის მიცვალებულიო.
ასეთთ სიტუაციაში ჭირისუფალთან ჟურნალისტისთვის მისვლა ძალზე ძნელია, თუმცა არც სხვა გზა არსებობს და მეც იქეთკენ დავიძარი. ამასობაში იქვე, სკამზე ჩამომსხდარმა მოხუცმა ქალბატონებმა მომატირეს: - შვილო, მტერსაც არ შეხვდეს ის უბედურება რაც მაგ ოჯახში დატრიალდა. ამის შემდეგ მაგ საცოდავის დედის სიცოცხლეს რაღა აზრი აქვს, ერთი შვილი ჰყავდა, ხუთი წლისა მამით დაუობლდა და წვალებით გაზარდა, ახლა კი ჩიტივით მოუკლესო.
- ზუსტად იცით რა მოხდა იმ ღამეს?
- როგორც ამბობენ, ასაკით უფროსს მოუკლავს. ციხიდან ყოფილა თურმე ის კაცი გამოსული. ეს რა ქნეს, მაგიტომ გამოუშვეს ციხიდან ხალხი, რომ ბავშვები დახოცონ?! ააწონინა თურმე იმ არაკაცმა, რაც თვალში მოუვიდა, ასე 20 კილო საქონელი და ახლა ეგ ყველაფერი 5 ლარად მომეციო. ხუთ ლარად როგორ მოგცე 50 ლარის საღირალი, განა, შენთვის ვმუშაობო?! უთხრა იმ ქალმა. იმან გინება დაუწყო, - ფეხებზე მკიდია, შენ თუ არ მომცემ, მე თავად წავიღებო და ეს საცოდავი ბიჭიც მოვარდა, - ამ ქალის შვილი მაგის მონათლული ყოფილა, ნათლიდედას მიეშველა. ეგრე არ უნდაო და გავიდა ის არაკაცი და ერთი 20 ბიჭი მოყარა. 20 კაცი ერთს ცემით მოკლავდა, აბა, რა იქნებოდა. ეს საცოდავი გამყიდველიც ტირის, - ნეტა, მე მოვეკალი, ისე მოხდა ყველაფერი, გონზე ვერ მოვედიო. სულ ეგ არის შვილო, შიშიანობა დაიწყო- დაამთავრეს მოხუცებმა.
მათ ნაამბობზე გული კიდევ უფრო დამიმძიმდა. თუმცა, უფრო უარესი თურმე წინ მელოდა, - 35-ე კორპუსში, მიცვალებულის საცხოვრებელი ბინის კართან. იქ ვიღაც კაცი გადამეღობა, - ჟურნალისტს არ შეგიშვებ, მოკლულის მამა ვარო. შევეკამათე, - გარდაცვლილს მამა საერთოდ არ ჰყავდა, ალბათ, თქვენს ინტერესში შედის, ეს საქმე არ გახმაურდეს, მაგრამ ამის უფლება არ გაქვთ-მეთქი. ამის თქმაზე ის კიდევ უფრო გაშმაგდა და ლანძღვა-გინებით ამავსო და კორპუსში შესვლის საშუალება არაფრით არ მომცა. მარტონი არ ვიყავით, მაგრამ არავინ გამომქომაგებია. მგონი, მართლა დაიწყო შიშიანობა...