2013 წელი დასასრულს მიუახლოვდა. გადავწყვიტეთ თვალი გადავავლოთ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რითაც ეს წელიწადი გამოირჩეოდა. უპირველესად აღსანიშნავია, რომ ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა ახალი სიტყვა და პოლიტიკური თანაცხოვრების ახალი რეჟიმი - კოჰაბიტაცია.
წლის პოლიტიკოსი
2013-ის წლის პოლიტიკოსი უდავოდ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარი წარმმართველი იყო, აქტიურად ურთიერთობდა მედიასთან, ტელეკამერების წინ კამათობდა ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საჯაროდ ტუქსავდა და აქებდა ოპონენტებსა თუ თავის მინისტრებს. განცხადება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, ჯერ კიდევ ზაფხულში გააკეთა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ივანიშვილმა საზოგადოება ნელ-ნელა შეაჩვია ამ აზრს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მას მერე, რაც ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დამტკიცდა, მართლაც წავიდა. როგორც დაიბარა, წავიდა სამოქალაქო სექტორში, მემკვიდრეებად კი დაგვიტოვა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
სააკაშვილის შემოდგომა
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის ბოლო წელიწადს გავლენიანი ნამდვილად ვერა, თუმცა ჩვეულებისამებრ, ჰიპერაქტიური იყო. ის ხან მთაში იყო, ხან ბარში, ხან ზღვაში, ხან ცაში. მიუხედავად უამრავი დისონანსური განცხადებისა და ქმედებისა, მაინც მოხერხდა, რომ კოჰაბიტაციურ რეჟიმში ეთანამშრომლა ივანიშვილის მთავრობასთან. ქვეყნის ცხრაწლიანი მართვის შემდეგ სააკაშვილის შემოდგომაც დადგა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მან საქართველო დატოვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ნიუ-იორკის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში რეფორმირების პროგრამაზე მუშაობს. "როდესაც ამ პროგრამაზე მუშაობას დავასრულებ, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში და ჩავერთვები პროცესებში," - აცხადებს სააკაშვილი.
წლის პატიმარი
2013 წლის მაისის ბოლოს ციხეში აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ექსპრემიერი და ქვეყნის "ექსხერხემალი" ვანო მერაბიშვილი. ის ჯერ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობისთვის დააკავეს, თუმცა მისი ბრალი გზადაგზა მძიმდებოდა. "მე და იულია ტიმოშენკოს ერთი ბედი გვაქვს" - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. ის და მისი პოლიტიკური გუნდი ბევრს ცდილობდნენ, მერაბიშვილის საქმესაც ისეთივე საერთაშორისო გამოხმაურება ჰქონოდა, როგორც ეს ტიმოშენკოს შემთხვევაში მოხდა, რაც მაინცდამაინც ვერ მოხერხდა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებას მერაბიშვილის გამო დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ უსაყვედურეს. წლის მიწურულს მერაბიშვილი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში. მან განაცხადა, რომ საპატიმროდან მალულად წაიყვანეს მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან, რომელმაც გამოძიებასთან თანამშრომლობა მუქარით მოსთხოვა.
გზა ევროპისკენ
29 ნოემბერს ვილნიუსში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებამ საზეიმო ვითარებაში, "სულიკოსა"და "შალახოს" ფონზე წარმატებით ჩაიარა. დოკუმენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა მოაწერეს ხელი. დეკემბრის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეიძლება დაჩქარდეს. ევროსაბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვასთან ხელშეკრულებებს შეიძლება მომავალი წლის აგვისტოსათვის მოეწეროს ხელი. ყველა აღიარებს, რომ მომავალი წელი და დრო ასოცირებულ წევრობამდე ურთულესი იქნება, და რომ ჩრდილოელი მეზობლისგან გართულებებს უნდა ველოდოთ.
რუსულ-ქართული კანტატა
რუსეთი პრობლემებს წლეულსაც გვარიანად გვიქმნიდა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო იმ ინიციატივების ფონზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტ ქვეყანასთან დასაახლოებლად გადადგა. ამან თავისი შედეგი ეკონომიკურ ურთიერთობებში გამოიღო -
რუსული ბაზარი გაიხსნა რიგი ქართული პროდუქციისთვის, თუმცა რუსეთი ლამის მთელი წელიწადი მცოცავ ოკუპაციას აგრძელებდა. რუსმა მესაზღვრეებმა მაისში აქტიურობა სოფელ დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით განაახლეს, შედეგად კი რამდენიმე მოსახლის სახლ-კარი და სახნავ-სათესი მიწა მოექცა მავთულხლართებს მიღმა. ვითარება დროდადრო განსაკუთრებით რთულდებოდა.
კოჰაბიტაციური ცემა-ტყეპა
ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ მომხრეებს შორის დაპირისპირება დროდადრო ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მიდიოდა. ნაახალწლევს "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტარებს ქუთაისსა და ზუგდიდში ცოცხებით დახვდენ და კვერცხების სროლით გაუმასპინძლდნენ. 8 თებერვალს დაპირისპირება გაგრძელდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლა მოიწადინა. ბიბლიოთეკასთან შეკრებილი საზოგადოება ფიზიკურად დაუპირისპირდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს. შეხლა-შემოხლისას დაშავდა პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი. ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პარლამენტარები: კობა დავითაშვილი და სერგო რატიანი. ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კამპანიამაც. წლის ბოლოს კი ცემა-ტყეპის სერია "წარმატებით" დააგვირგვინა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გია ბარამიძე სიტყვიერად შეურაცხყო, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
საპრეზიდენტო არჩევნები
27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. წინასაარჩევნო პროცესებმა კონკურენტულ გარემოში ჩაიარა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, 1 012 569 ხმით, რაც ამომრჩეველთა 62,12%-ს შეადგენს, "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე - 354 103 ამომრჩევლის, შესაბამისად, 21,72%-ის მხარდაჭერით. "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე კი მესამე ადგილს დასჯერდა 166 061 ამომრჩევლის, ანუ 10,19%-ის მხარდაჭერით.