"ოთარ ფარცხალაძის ადგილას თავად მივიღებდი თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას"

"2014 წელი ეკონომიკური ზრდის დასაწყისი იქნება"

აუცილებელი არ არის, დასავლური სტანდარტები მაინცდამაინც მას შემდეგ დავამკვიდროთ, რაც ევროკავშირის კარს გაგვიღებენ. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ დღესვე, ნებისმიერ სფეროში, მათ შორის საკადრო პოლიტიკაში. დასავლეთშიც ხდება, რომ რომელიმე მაღალ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი წარსულში შარში იყო გახვეული. თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას მანამდე აცნობებენ, სანამ საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შემდეგ უკვე ყველაფერი საზოგადოების რეაქციაზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, თუ ასეთი პირი მაინც დაინიშნა თანამდებობაზე, ერთი მხრივ, მორალური პრინციპები დაცულია, რადგან საზოგადოებამ იცის მისი წარსული ცოდვების შესახებ და მეორე მხრივ - პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ძველ ამბებს კომპრომატად ვეღარ გამოიყენებენ. ოთარ ფარცხალაძეს თანამდებობაზე დანიშვნამდე რომ ეთქვა, - ჩემო თანამოქალაქენო, მე ნასამართლევი ვიყავი გერმანიაში, მაგრამ ეს ყველაფერი გაუგებრობას უკავშირდებოდაო, გიგი უგულავას სკანდალის აგორების საშუალება ვეღარ მიეცემოდა.

დღეს კი, საზოგადოება იმაზე მსჯელობის ნაცვლად, შეჭამა თუ არა 50 მილიონი თბილისის მერმა, იმაზე მსჯელობს - საქართველოს მთავარი პროკურორი გერმანიის ციხეში პოლიციელის ცემისთვის იჯდა თუ "ყაჩაღური ქურდობისთვის". ჩვენში დარჩეს და, ნასამართლები მთავარი პროკურორი ექსტრემალური და უცნაური ქართული პოლიტიკისთვისაც კი მეტისმეტია. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე, რომელთანაც საუბარი სწორედ "ფარცხალაძის სკანდალით" დავიწყეთ.

- ვერ დავეთანხმები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებას, რომ არ შეიძლება, ბავშვობაში ჩადენილი საქციელის გამო, ადამიანს პერსპექტივა მოუკლა. საქმე ეხება მთავარ პროკურორს. ისე, მე ოთარ ფარცხალაძის ადგილას თავად მივიღებდი თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი და ფარცხალაძის მორალური კრიტერიუმები განსხვავდება. ისე, ეს ისტორია თავიდან ბოლომდე უნდა გაირკვეს. როგორც ვიცი, ოთარ ფარცხალაძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და მაინტერესებს - თუ ასეთი ბრალდება არსებობდა მის მიმართ, რატომ მიიღეს სამსახურში.

- ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ფარცხალაძის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გადაჭარბებულია და "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ამოცანა იყო, მომხდარიყო ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია და დემონიზაცია.
- ალბათ, ღარიბაშვილმა, როცა ფარცხალაძეს მთავარ პროკურორად ნიშნავდა, იცოდა, რასაც აკეთებდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ფარცხალაძემ გადამწყვეტი როლი შეასრულოს გახმაურებული საქმეების გახსნაში და შემდეგ დატოვოს თანამდებობა. უამრავი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, მაგრამ ფაქტი ერთია - ხელისუფლება ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, კეთილი ინებოს და გასცეს იმ კითხვებს პასუხი, რაც არსებობს იმავე ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ასე ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ნუ გაიმეორებენ წინა ხელისუფლების შეცდომას. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს ხელისუფლება თავის შეცდომებზე სწავლობს. შეცდომა არ მოსდის იმას, ვინც არაფერს აკეთებს. ასე რომ, ფარცხალაძეზე ყველაფრის გარკვევის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, შეცდომა იყო თუ არა მისი დანიშვნა და უნდა ეპატიოს თუ არა წარსულში ჩადენილი საქციელი.

- გამორიცხავთ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ერთი ჯაჭვის რგოლები იყოს? ჯერ უკანონო შემოსავლების მიღების საქმეზე დააკავეს ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე, მაგრამ "ნაციონალებმა" მაშინვე განაცხადეს, - დაკავება რეალურად ჟვანიას საქმეს უკავშირდებაო; მალევე მერაბიშვილმა გააკეთა ცნობილი განცხადება, - ფარცხალაძე მემუქრებოდა და ჟვანიას საქმეზე თანამშრომლობას და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს მთხოვდაო; შემდეგ იყო უგულავას განცხადება ფარცხალაძის ნასამართლეობაზე. ამ კამპანიის მიზეზი რეალურად ის ხომ არ არის, რომ ჟვანიას საქმის გამოძიებაში პროგრესია?
- ჯერ მერაბიშვილზე გეტყვით - რომ ამბობს, ფარცხალაძე ჩემზე ზეწოლას ახორციელებდაო, რა, ნემსებს ურჭობდა ვინმე? ღიმილის მომგვრელია მერაბიშვილის განცხადება, რომ თითქოს სააკაშვილის ანგარიშების ნომერს ეკითხებოდნენ. საბანკო ანგარიშის ნომერი ცამეტნიშნაა და ვის შეუძლია მისი დამახსოვრება?! არ არის გამორიცხული, "ნაციონალებს" მართლაც აშფოთებდეთ განცხადებები, რომ ჟვანიას საქმის გახსნაში ძვრები შეინიშნება. ღმერთმა ქნას, ამ ამბავს მალე ფარდა აეხადოს.

როცა იღუპება თანამდებობის პირი, მისი დაცვის უფროსის კარიერა დამთავრებულია. "ნაციონალებმა" კი ხარშილაძე მერიაში დააწინაურეს. ეს, რა თქმა უნდა, აჩენს კითხვებს და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ასეთი კითხვები ხარშილაძესაც დაუსვეს. ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

- ჟვანიას საქმეზე ჩვენება ირაკლი კაკაბაძემაც მისცა. მისი თქმით, ჟვანია შეეწინააღმდეგა იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო მაფიას, რომლის ნათლია მიხეილ სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანია იყო. როგორ ფიქრობთ, სერიოზულად მოეკიდება მის ჩვენებას პროკურატურა?
- ვერ გეტყვით. ჟვანიას გარდაცვალების შესახებ უამრავი ვერსია გამოითქვა. არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანი გამართლდეს და გამოძიება სწორ კვალზე გაიყვანოს. თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი - ჟვანიას გარდაცვალებიდან იმდენად დიდი დრო გავიდა, შესაძლოა, მტკიცებულებებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნას.

- გიგი უგულავას გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც მინდა გკითხოთ. პრემიერის განცხადებით, სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ ხელისუფლებამ იმიტომ ჩამოიცილა გიგი უგულავა, თითქოს შეეშინდა, ხელმეორედ არ აირჩიონ მერის პოსტზეო.
- ირაკლი ღარიბაშვილს აბსოლუტურად ვეთანხმები. გიგი უგულავა ამტკიცებს, რომ თითქოს სასამართლოზე განხორციელდა ზეწოლა და ამიტომ შეუჩერეს უფლებამოსილება. კი მაგრამ, როგორ განახორციელეს ზეწოლა - კარი არავის შეუმტვრევია და იარაღით არავინ შევარდნილა მოსამართლესთან. კოტე კუბლაშვილმა ამაზე უგულავას დასაბუთებული პასუხი გასცა, კუბლაშვილს "ქართული ოცნების" პარტიზანად ნამდვილად ვერ ჩავთვლით. სასამართლომ უგულავასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ასე ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში. უგულავას 50 მილიონის გაფლანგვას ედავები და ასეთ დროს, რა ლოგიკით უნდა დაუტოვო ქალაქის ბიუჯეტის განკარგვის უფლება? რა უკვირს უგულავას და რატომ ლაპარაკობს სასამართლოზე ზეწოლაზე?

- ისე, უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება ცვლის რაიმეს? ჩემი აზრით, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე უგულავას გარეშე გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.
- რა თქმა უნდა, სევდია უგრეხელიძე გიგი უგულავას გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და სწორედ ამიტომაც სურდა პროკურატურას უგულავასთვის საპატიმრო ღონისძიების შეფარდება. სასამართლოს კომპეტენციაში ვერ შევიჭრები და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. შეგახსენებთ - რამდენიმე თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.

- "ნაციონალები" იერიშზე ე.წ. ჯიპების ფრონტზეც გადავიდნენ. კერძოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ირინა იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე 78-ათასლარიანი "ტოიოტა პრადო" შეიძინა...
- ასეთი შენიშვნის უფლება მაქვს მე, საქართველოს მოქალაქეს, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კი ასეთი განცხადებების გაკეთება ამორალურია. არ ვიცი, რა მანქანით დადის ირინა იმერლიშვილი, მაგრამ მინახავს, რა მანქანებით მოძრაობდნენ "ნაციონალების" ხელისუფლებისას გამგებლები და რაიონის პროკურორები. როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დადგინდება სტანდარტები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. ალბათ, ამის შემდეგ მსგავს თემებზე საუბარი აღარ მოგვიწევს.

- ისე, "ნაციონალები" ახალი წლის შემდეგ საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ.
- პარტიაზე, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს, სიტყვის გაგრძელება არ მსურს. ერთ თვეში "ნაციონალების" 22%-იანი რეიტინგი 9%-ზე ჩამოვიდა. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აქციებს გამართავენ თუ საკალათბურთო დარბაზში შეკრებებს. ისე, საინტერესოა, 28 დეკემბრის შეხვედრისთვის რატომ აირჩიეს ვერის საკალათბურთო დარბაზი და არა სპორტის სასახლე?! იმიტომ, რომ მათ შეკრებებზე მხარდამჭერების მიყვანის პრობლემა აქვთ.

- გასულ კვირას რუსულმა "ფორბსმა" ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა. ყოფილმა პრემიერმა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა - პოლიტიკაში არასოდეს დავბრუნდებიო. როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად როდის და რა მიმართულებით გააქტიურდება სამოქალაქო სექტორში ივანიშვილი?
- ივანიშვილის ნათქვამი, პოლიტიკაში აღარასოდეს დავბრუნდებიო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის თავისუფალი ადამიანია და თავის თავისუფლებას თვალისჩინივით უფრთხილდება. გამიჭირდება პროგნოზირება, კონკრეტულად როდის გააქტიურდება ივანიშვილი, მაგრამ ალბათ მისი პირველი ნაბიჯები დაკავშირებული იქნება თანადაფინანსების ფონდთან. ამავდროულად, ის შექმნის არასამთავრობო ორგანიზაციას და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო ცხოვრებაში, არ დასჭირდება გრანტების მიღება სხვადასხვა დონორისგან. ასე რომ, სხვა არასამთავრობოებისგან განსხვავებით, დონორების აზრის გამომხატველი არ იქნება.

- 2013 წელს, ეკონომიკური კუთხით, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მთლად წარმატებულს ვერ დავარქმევთ. რაც შეეხება 2014 წელს, ექსპერტები რადიკალურად განსხვავებულ პროგნოზებს აკეთებენ. კერძოდ, ნაწილი ამტკიცებს, რომ 2014 წელს ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ნაწილი აცხადებს - მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებაო. ცალკე თემაა ლარის კურსის რყევა, რომელიც ასევე აშფოთებს ჩვენს თანამოქალაქეებს.
- გარწმუნებთ - 2014 წელს ეკონომიკური კუთხით საქმე უკან არ წავა. ეს წელი ეკონომიკური ზრდის დასაწყისი იქნება. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობაში, 96%-ით გაზრდილია ღვინის ექსპორტი, უკვე 40 ათასი ტონა ციტრუსი გავიდა ექსპორტზე.

ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში უცბად არ გვაძლევს შედეგს, მაგრამ 2014 წლის ბოლოს რაღაც ხელშესახები იქნება. სახლის მშენებლობას თუ შევადარებთ ეკონომიკის მშენებლობას, ჩავთვალოთ, რომ სახლისთვის საძირკველი გავჭერით 2013 წელს, თუ, რა თქმა უნდა, მთავრობამ არ გადაუხვია აღებულ კურსს. რაც შეეხება ლარის კურსს - აქამდე იყო დეფლაციური პროცესები, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის ცუდია. ნორმალური ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის ინფლაციის 3 პროცენტი დადებითი შედეგის მომტანია, ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც მისდევს მსოფლიო და ამან არ უნდა შეგვაშინოს. ფულმა რომ იმოძრაოს, ინფლაცია აუცილებელია, რადგან სხვანაირად ფული კარგავს ძალას. ასე რომ, არ ვეთანხმები იმას, რომ ლარის კურსის რყევა ეკონომიკის ვარდნაა. პირიქით, ეს სწორი ეკონომიკური ცხოვრების მანიშნებელია.

- ერთ-ერთი მტკივნეული თემა საწვავის ფასია. არავინ ითხოვს, რომ საქართველოში საწვავი ხუთი თეთრი ღირდეს. უბრალოდ, გვსურს მივიღოთ კითხვაზე პასუხი - მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის მომატებაზე ქართველი ექსპორტიორები მომენტალურად რეაგირებენ, გაიაფებისას კი - ნურას უკაცრავად. სამწუხაროდ, ეს საკითხი 2013 წელსაც დაურეგულირებელი დარჩა.
- ჩვენთან ჯერ კიდევ კარტელური სისტემაა საწვავის სფეროში, ამიტომაც, ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს უნდა მოვთხოვოთ, რომ სრული მოცულობითა და სიმკაცრით ამოქმედდეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. გარდა ამისა, უნდა ამოქმედდეს საწვავის სასაქონლო ბირჟა. სხვანაირად, საწვავზე ნორმალურ ფასებს ვერ მივიღებთ.