რვა

რვა "პრადო" = ძმის სიცოცხლეს

"თუ გინდა, შენი ძმა ცოცხალი დარჩეს, 8 "პრადოს" იყიდი, შავი ფერის უნდა იყოს და თან ახალი და აი, აქ, ეზოში დააყენებო...."

"კვირის პალიტრაში" (#50) გამოქვეყნებულ სტატიაში, "ბომბი ბოროტასთვის", მოხსენიებული იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალი კახეთის კუდ-ის სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით ლორთქიფანიძეს დასდეს. ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბიზნესმენი სანდრო მეგუთნიშვილი დაგვიკავშირდა და გაუხმაურებელი დეტალები გაგვაცნო.

სანდრო მეგუთნიშვილი: - "რამდენიმე წელია, ბიზნესს მივყავი ხელი. ჩემს მეგობრებს აქვთ ღვინის ქარხანა, რომლის დირექტორიც წინანდალში მე ვარ. 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში დამირეკა კახეთის კუდ-ის თანამშრომელმა, ვინმე ზაზა უზუნაშვილმა - 12 საათზე დათო ლორთქიფანიძესთან უნდა მოხვიდეო. ლორთქიფანიძის კაბინეტში დამხვდნენ თელავის მარნის დირექტორი რამაზაშვილი, თელავის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ყამბარაშვილი და ჯართის მიმღები პუნქტების მფლობელები. ლორთქიფანიძემ გვითხრა, - ყველამ ათ-ათი ათასი (დოლარი) უნდა მოიტანოთ, ვინც არ მოიტანს, დედას მ...თ, მუშაობის საშუალებას არ მივცემთ, ჩვენზე დიდი მტერი არ ეყოლებაო, თან დაამატა, - ჩვენთვის არ გვინდა, ქვეყანას სჭირდება, აფხაზეთის რადიოს უნდა ჩავურიცხოთო (?!). ვუთხარი, მეპატრონე ერევანშია, მე ფინანსური საკითხების გადაწყვეტა არ შემიძლია, თუმცა პირადად 2.000 დოლარს დღესვე მოგართმევთ და როცა მეპატრონე დაბრუნდება, რასაც ყველა გადაიხდის, ჩვენც იმას გადავიხდით-მეთქი (გაგებული მქონდა, რამდენიმე ბიზნესმენისთვის სიცოცხლე ჰქონდათ გამწარებული, კახეთში კუდ-ის ხსენება თავზარს სცემდათ, ის იყო რეგიონის ბატონ-პატრონი - რთვლობას კაი ბიჭი იყავი, ღამის 3 საათზე კუდ-ი რომ დარეკავდა, ქარხანა არ გაგეღო).

ლორთქიფანიძემ თავი დამიქნია და - წადი, წადი, ფული იშოვეო. გამოვედით. თელავის მარნის დირექტორი ვერ იცნო. მკითხა, ვინ არისო, ზურა რამაზაშვილია-მეთქი. მერე რა "ნედავოლნი" ჩანდაო (კაცს 10 000-ს აწერდნენ და თან კმაყოფილიც უნდა ყოფილიყო). ერთ საათში უზუნაშვილმა ისევ დამირეკა - დღესვე თუ არ მოიტან ფულს, საქმე ცუდად წაგივაო. თელავის ბაზარში ნაცნობი მევალუტეებისგან”1.000 დოლარი ვისესხე... მეტი ვერ ვიშოვე-მეთქი. მაგ საქციელზე უფროსები გამწარდებიანო, - მითხრა, თან დამემუქრა, - მერე ვნახავთ, ფული ვის აქვს და ვის არაო.
ნარკომანი არ ვარ და ყაჩაღი, ჩემთვის ვშრომობ და რა უნდა დამაბრალოთ, ან რაში მახდევინებთ ფულს-მეთქი, - მივახალე და გულმოსული წამოვედი.

სამი კვირის მერე ქარხანაში ზურა გრძელიშვილმა მომაკითხა. შორიდან ვიცნობდი, რაღაც პატარა საწარმო ჰქონდა. ჩემთან სამი მუშა იყო - ჩემი ბიძაშვილი ლექსო, გიორგი აბაშიძე და ვალერი ზარნაძე. ზურა შორიახლოს გაჩერდა და ბიჭებს გადახედა. დავუძახე, - მოდი, რითი შემიძლია დაგეხმარო-მეთქი. ჯერ მითხრა, - ცალკე მინდა გელაპარაკოო, მერე მოულოდნელად მკითხა, - ყურძენს არ იბარებთო? რა დროს ჩაბარებაა, სექტემბრიდან ვიწყებთ-მეთქი. რა ფასადო. ჯერ არ ვიცი-მეთქი. წასასვლელად მიბრუნდა, მერე მოტრიალდა და - დედას მ...ვთო. გავოცდი. ჩემი ბიძაშვილი ეცა - ვის ლანძღავო. წაკინკლავდნენ. გრძელიშვილმა დაიყვირა, - ნახეთ, ამ უზრდელობისთვის რაც მოგივათ, კუდ-ის თანამშრომელი ვარო. ელდა მეცა. ლექსოს დავუყვირე, - ხელი არ დააკარო, მოგზავნილია-მეთქი. იმ წუთში დავურეკე ჩემს ძმას - გრძელიშვილმა დედა გვაგინა და კუდ-ის სახელით დაგვემუქრა, მიშველე-მეთქი - ჩემი ძმა წინანდლის გამგებელი იყო. წავედით თელავში. გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის მოადგილეები იყვნენ პეტრე კიკნაძე და ალეკო კახიძე. ორივეს მოვუყევი ყველაფერი. კახიძე გუბერნატორთან შევიდა, გამოვიდა და დამამშვიდა, - ნუ გეშინია, ქვეყანა ჩალით კი არ არის დახურული! წადი, იმუშავე, ხელს არავინ გახლებსო.

საღამოს 7 საათი იქნებოდა, შინ დამირეკა უზუნაშვილმა - შენი ნახვა მინდა, ქარხანაში მოდიო. მივედი. დარაჯი გავაფრთხილე, - უზუნაშვილი შემოუშვი-მეთქი. 8 მანქანით მოვიდნენ. ყველა იქ იყო: ლორთქიფანიძე (ოპერაციის ხელმძღვანელი), კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ქოქიაშვილი, თელავის პოლიციის უფროსი ბეჟანიშვილი... აყვირდნენ, - დანარჩენები სად არიანო (ანუ ის სამი მუშა). იმათ რას ერჩით-მეთქი. ლორთქიფანიძემ - ჩემი თანამშრომელი რომ შემოდის, უნდა წამოუდგეთო. ავუხსენი, რომ გრძელიშვილმა თავად დაიწყო გინება, მისთვის ხელი არავის დაუკარებია. გამწარებულმა მივახალე - ეს იმიტომ ხდება, 10.000 რომ არ მოგიტანეთ-მეთქი. ჩამსვეს ბეჟანიშვილის მანქანაში და წამიყვანეს თელავის პოლიციაში. შემიყვანეს ცალკე კაბინეტში. ჩემი ბიძაშვილი და ის ორი ბიჭი თავისი ფეხით მოვიდნენ, მამაჩემი და ჩემი ძმაც მოჰყვნენ. ყველა ცალ-ცალკე შეგვიყვანეს. შემოვიდა გამომძიებელი. 5 წუთში ქოქიაშვილი და ლალიაშვილი (კუდ-ის უფროსი) შემოცვივდნენ. ლალიაშვილი ვერცხლისფერ "ბერეტას" ატრიალებდა, - დაგბრიდავთო. ზურა, შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ ხელი არ დამიკარებია შენი თანამშრომლისთვის-მეთქი. დამიწყეს ცემა, ხელსაც ვერ ვუბრუნებდი.

ძიუდოისტი ვარ და ორი კაცის ცემა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ პოლიციელებით სავსე შენობაში ვიყავი... ლალიაშვილი "ბერეტას" ტარს თავში მირტყამდა, ბოლოს იარაღი ძირს დაუვარდა. ქოქიაშვილი მიხვდა, კუდ-ის უფროსი დაუკრეფავში გადადიოდა, იარაღი აიღო და აღარ დაუბრუნა. ჯოჯოხეთში გაგიშვებთ, შე ნაბოზაროო, - ღრიალებდა ლალიაშვილი, ქოქიაშვილმაც ჩამაზილა ერთი-ორი წიხლი.…ამის კვალად ჩემს ბიძაშვილს წყლით სავსე პლასტიკატის ბოთლით სცემდნენ ბეჟანიშვილი და მისი მოადგილე საჩიშვილი. ზარნაძეს ისე დაარტყეს ფეხზე, ძარღვები ამოუცვივდა, გიორგი აბაშიძე თორმეტმა კაცმა სცემა და ერთი კვირა გონზე ვერ მოიყვანეს. მოგვიანებით ზარნაძე და აბაშიძე გაუშვეს, მე და ჩემი ბიძაშვილი კი სამხარეო პოლიციის შენობაში გადაგვიყვანეს. პროტესტს აზრი აღარ ჰქონდა. გამომძიებელს ვეუბნებოდი, - მოიტა, ყველაფერზე ხელს მოგიწერ-მეთქი.

საქმე პოლიციელის შეურაცხყოფაზე აღიძრა, პარალელურად აღიძრა საქმე მეორე მუხლითაც. გამოძიებით - თურმე ჩვენს ქარხანაში მოსული კაცი წინასწარი შეთანხმებით გვიცემია და მანქანაც დაგვილეწავს (მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მანქანა თავად დალეწეს კუდ-ის თანამშრომლებმა)..
მე და ჩემი ბიძაშვილი გლდანის ციხეში გადაგვიყვანეს. 18 დღე კარანტინში დავყავით. 18 კვადრატულმეტრიან ოთახში 28 პატიმარი ვიყავით. გამუდმებით გვცემდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, საკანში გამამწესეს. მეორე დილას საკნის კარი გაიღო და 5 კაცი შემოვიდა - მეგუთნიშვილი რომელიაო (გამიხარდა - ვიფიქრე, სიმართლე გაირკვა და მიშვებენ-მეთქი). მე ვარ! - დავიძახე. ბიჭო, შენ რა გადაძახილი გქონდა "კამერაზეო". კარანტინიდან გუშინ ამოვედი, აქ არავის ვიცნობ-მეთქი. ფურცელი მომაწოდეს - ხელი მოაწერეო. ფურცელზე ეწერა, რომ სამჯერ გაფრთხილებას არ დავემორჩილე, ვხმაურობდი და ა.შ. თან გამაფრთხილეს, თუ ხელს არ მოაწერ, 10 დღე კარცერში ჩაგსვამთ, თუ მოაწერ, 5 დღესო(?!). არ მოვაწერე. მაგრად მცემეს. ისე, რომ თავის მოკვლა მინდოდა. კვლავ კარანტინში ჩამიყვანეს. 5 დღის მერე ამომიყვანეს საკანში. შემდეგ ისევ კარანტინში დამაბრუნეს. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს.

საკანში ბუზის ხმა ისმოდა ხოლმე. ღამის 10 საათზე რომ დაიყვირებდნენ, - "შუქი ჩაქრა!" 5 წამიც რომ დაგეგვიანებინა ჩაქრობა, შემოცვივდებოდნენ და მთელ საკანს თავზე გვალეწავდნენ. საკნის კარზე სათვალთვალოდან რომ შემოიჭყეტდნენ, სიცოცხლე აღარავის გვინდოდა, ვიცოდით, ცემა ისევ არ აგვცდებოდა... ისე ვიყავით დაშინებულები, ერთმანეთს ვერ ველაპარაკებოდით. ასე მდუმარედ ვატარებდით დღეებს. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, აბანოში რომ გავყავდით, გვაიძულებდნენ, გავშიშვლებულიყავით და ჩავცუცქულიყავით, რათა შეემოწმებინათ, რამეს ხომ არ ვმალავდით.
ამ პერიოდში ჩემს ძმასთან მივიდნენ კუდ-ის თანამშრომლები. ჩასვეს მანქანაში და მიიყვანეს ლორთქიფანიძესთან. შეხვედრა ლალიაშვილის კაბინეტში შედგა. თუ გინდა, შენი ძმა ცოცხალი დარჩეს, 8 "პრადოს" იყიდი, შავი ფერის უნდა იყოს და თან ახალი (მაშინ ახალი "პრადო" 45.000 დოლარი ღირდა), და აი, აქ, ეზოში დააყენებო. ლორთქიფანიძემ დაამატა, - განვადებაც შეგიძლიათო...
10 დღის შემდეგ ლორთქიფანიძე და ზაქრო ქინქლაძე (კუდ-ის თანამშრომელი) ისევ დაადგნენ ჩემს ძმას სამსახურში თავს - ფული იშოვეთო? უარი რომ მიიღეს, დათომ უთხრა, - ახლა ჩვენ ვიცითო და წავიდნენ...