„...ამრიგად, ისინი დანათესავდნენ, ვინსენტე შეიცვალა ანტონიოს მიმართ, უუუფრო თავაზიანი და მეგობრული გახდა, ბუნებით მოყვარული ანტონიო კი სულ დადნა მის ასეთ საქციელზე და ყველანი მოწმეები ვართ, რა მშვენივრად არიან ახლა ისინი, როგორ დაახლოვდნენ, ერთად სვამენ, ქეიფობენ, ქაღალდს მხოლოდ გასართობად თამაშობენ, გროშებზე კი არა... აი, რა შეუძლია უნებურ, მისჯილ ახლობლობასა და სიყვარულს, თუმცა, ეს უნებური სიყვარული ვერ მივა, ვერა, საყოველთაო, გაბატონებულ სიყვარულთან, ვერ მივა, ჩემო ძვიიირფასო ადამიანებო, და მათ ერთმანეთს გაუღვივეს ყოველივე კარგი თვისება, სულ დათმობაზე მიდიან... - და ალექსანდრო ისევ შეიცვალა - ეს ყველაფერი, დავუშვათ, ძლიერ კარგია, მაგრამ ახლა მე გეკითხებით...“
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
„რამდენიც არ უნდა დაიჭიროთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გაანადგურებთ“ – ეს სიტყვები გოკა გაბაშვილს ეკუთვნის. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გოკა გაბაშვილი მართალს ამბობს. ვეთანხმები – რამდენიც არ უნდა დავიჭიროთ, ნაციონალურ მოძრაობას მაინც ვერ გავანადგურებთ. დაგითვლიათ, რამდენი კოღო, ბუზი, ვირთხა და ტარაკანა ნადგურდება ყოველწლიურად? მილიარდობით! მაგრამ მაინც არიან. ბავშვი არ ვარ, მათი საბოლოო განადგურების იმედი რომ მქონდეს, ეს შორეულ 1986 წელს იყო, რომ მეგონა, გაივლიდა რამდენიმე წელი და კომკავშირლები აღარ იარსებებდნენ. კომკავშირი აღარ არის, მაგრამ „ექსპო ჯორჯიაში“ შეკრებილები მხოლოდ გარეგნულად არიან კრაკაძილები, თორემ მაგათში კომკავშირს რა მოკლავს? ჰოდა, ალბათ ამიტომაც თქვა მიხეილ ს–მ ეს სიტყვები: „იმ ხალხმა, ვინც ძალიან ჩქარობს, კარგად იცის ერთი რამ, რომ 2014 წელს მათ შანსი არ ექნებათ. უფრო მეტსაც გეტყვით, 2013 წლის ბოლოსაც არ აქვთ მათ შანსი“ - ერთი წლის წინანდელია.
ჰოდა, აი, მოვიდა კიდეც 2013 წლის ბოლო და შეგვიძლია, შედეგები შევაჯამოთ, ვისაუბროთ შანსებზე - ვის რა შანსი აქვს, რისი შანსი აქვს, ისედაც, რა უნდა და ვის დაკარგვია. ყველაფერს ვერ გაიხსენებ, ვის ახსოვს ყველაფერი? ხან რა წამოტივტივდება თავში და ხან რა, მაგრამ თავსაც ხომ გააჩნია? ზომა-წონის ამბავია, თორემ ერთი და იგივე ჯიშის თავისგან ხალადეციც კეთდება და მორთულ-მოკაზმულს და პირში ბოლოკგაჩრილს თამადასაც მიართმევენ ხოლმე.
ღორო, მომე ჯაგარი...
არა მგონია, დღევანდელი წერილი რომ ნიუსებით დავტვირთო, მაგრამ წინა კვირაში ერთი ისეთი ამოვიკითხე, რომ ლამის მთელი წელი შეკრიბა და შეაჯამა, ზოგს საფიქრალი გაუჩინა, ზოგი დაამძიმა და ზოგსაც საქილიკო მისცე - „ენდე, ეგეც თქვენ!“ აი, ამ ნიუსის ნაგლეჯები:
„ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, 6 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უშიშროების საბჭომ მის ბალანსზე არსებული 2010 წლის „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“ რომლის ღირებულებაც 35 ათას შვიდასი ლარი იყო, ჩანაცვლდა ახალი „ტოიოტა ლენდ კრუიზერით“ 78 ათას 241 ლარია. შეძენილი იქნა პლანშეტური კომპიუტერი რომლის ღირებულებაც არის, 1499 ლარი. ამას გარდა, ირინე იმერლიშვილის აპარატმა შეიძინა iphone 5S, რომლის ღირებულებაც არის 1749 ლარი და კომპიუტერის ჩასადები ჩანთამ რომლის ღირებულებაც 335 ლარია. როგორც იმერლიშვილი განმარტავს, მათ, როგორც საიდუმლო დოკუმენტაციაზე მომუშავე უწყებას, "მაღალი დაცულობის მქონე ტექნიკა" სჭირდებათ. ამასთან, როგორც იმერლიშვილი ამბობს, ავტომობილის ჩასანაცვლებლად ბიუჯეტიდან დამატებით, 42 ათასი ლარის გამოყოფა გახდა საჭირო. "არაფრის დამატება არ მომხდარა, ჩანაცვლდა ერთი ავტომანქანა მეორეთი. დიახ, იყო ძველი მანქანა. უშიშროების საბჭოს მდივანს ემსახურებოდა საკმაოდ მოძველებული, რამდენიმე წლის მანქანა, სადაც დაცვის წარმომადგენლებს მთელი რიგი პროცედურები ჰქონდათ ჩატარებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არაა პირადი, ეს არის უშიშროების საბჭოს მდივნის საკუთრება. არ მინდა დეტალებში ჩაძიება, მაგრამ ბოკერიას მანქანა იყო გაჟღენთილი სიგარეტის სუნით“.
მეც, თქვენს მონა მორჩილს, არ მინდა დეტალებში ჩაძიება, მაგრამ ამ ქვეყანაშიც არის მთელი რიგი პროცედურები ჩატარებული (23 წელია, რაც ტარდება), ეს ქვეყანაც სიგარეტის (ოღონდ - იაფფასიანი სიგარეტის) სუნით არის გაჟღენთილი და კიდევ - უმუშევრობით, უიმედობით, სიღარიბით... რომ აღარაფერი ვთქვა ნაჩალიჩარ არაყზე, დიმედროლიან ღვინოზე, ჩხირებიან სოსისზე და ტუალეტისქაღალდიან ძეხვზე. ეს ქვეყანა არის ჩვენი საკუთრება, მაგრამ არჩევანი ყოველთვის არსებობს, ზოგი დარჩება და რაღაცის გამოსწორებას შეეცდება, ზოგიც ქვეყანას გამოიცვლის. მართალია, ამ მარკის სხვა ქვეყანა არ არსებობს (სხვა საქართველო სად არის?), მაგრამ ზოგს ისე ეიოლება მანქანების გამოცვლა, რომ არც სამშობლოს გამოცვლაზე იტყვის უარს.
სიგარეტის სუნით იყო გაჟღენთილიო... მოძველებული მანქანით სარგებლობდაო... ლამის იყო, ბოკერიასადმი კინაღამ სიმპათიით განვეწყე. მოფიქრება არ გინდა? გაფიქრება არ გინდა? და თქმა? ეგეთებს, საერთოდ, ქათმებს ვუწოდებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ინდაურთან უნდა გვქონდეს საქმე.
ხელისუფლებაში (თან, ცხენის წელი მოდის) ინდაურებს ვერ მოვითმენთ! ეგეთი ინდაური არც საცივში მინდა და, საერთოდ, ჯიპების თემა აჭარაში დაიწყო. ბერიძე, ხომ? ეგეთი ხალადეცი ყელში არ გადავა.
2013 წელი პრემიების თემით სრულდება. კი, იყო უგულავას ამბები, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებზე მიმდინარე გამოძიების გააქტიურება, ვილნიუსის სამიტი, საზმაუს ბორდი და სხვებიც, მაგრამ პრემიები, პრემიები... მანამდე - პარლამენტი, ახლახანს - თბილისის საკრებულო, გუშინ - გურჯაანის გამგეობა, ხვალ... ყველა ერთს ამბობს, ყველა იმეორებს: „დღედაღამ ვმუშაობთ. გვეკუთვნის“. უკვე 23 წელია, ამ ქვეყანაში ჩინოვნიკები სულ დღედაღამ მუშაობენ, თავს არ ზოგავენ და ბოლოს ისე გამოდის, რომ ქვეყანა არ იზოგება. ვიღაცა - ვადაგასულ ძეხვზე ოცნებობს, ვიღაცისთვის კი ოთხი წლის მანქანაა ვადაგასული, სულ იოლად იხდენს საკუთარ, წლების განმავლობაში ნალოლიავებ ქართულ ოცნებას და... ოთხი წლის მანქანას ოთხი დღის მანქანით ცვლის.
ასეთი ცოდნით, ასეთი ფიქრით, ასეთი ოცნებით ჩვენ ვერ გავფრინდებით. არადა, უფსკრულის პირას ვართ და თუ არ გავფრინდებით, მაშინ უნდა გადავიჩეხოთ.
მთელი წლის განმავლობაში ხალხიდან, საზოგადოებიდან მხოლოდ ერთი ისმოდა - აღადგინეთ სამართლიანობა. როგორ უნდა აღდგეს ის, რაც არასოდეს ყოფილა? აღსრულდეს სამართალი - ალბათ, ასე ჯობს თქმა, რადგან თუ არ არის სამართალი, არ იქნება მშვიდობა, სამართალი კი ის არის, პურს რომ მეპურე აცხობს და დამნაშავე ციხეში რომ ზის.
ჯერ-ჯერობით, პურს ისევ ხაბაზი აცხობს. კობა ხაბაზი რომ არის, გოიმი... ხომ გახსოვთ? ეგ აცხობს პურს და სანახაობასაც ეგ უკვეთავს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები - ეს არის ერთადერთი წამალი, თორემ ის, რაც დღეს ხდება, მხოლოდ საწამლავია.
მაგრამ - არაო! ვადამდელი არჩევნების ხსენებაც კი ზარავთ. ნაცების ამბავში გასაგებია - დედა აღარ ეყოლებათ, მაგრამ ოცნება? ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ ჩართავ ტელევიზორს და გულზე სკდები. იტყვის რამეს ნაცი, მოიყვანს სტატისტიკას, დაასახელებს ფაქტებს, წავა-წამოვა, მიედ-მოედება, ტყუილს და მართალს ერთმანეთში აურევს და რა? რას პასუხობს ქოცი? „თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო? მაშინ ამოგეღოთ ხმა! ხომ არ დაგავიწყდათ?“ - პასუხობს ქოცი და ორივეს აწყობს ის, რაც ხდება, ზამთარში თბილად, ზაფხულში გრილად. ხანდახან დაცხებენ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ როცა პრემიებზე მიდგა საქმე, ეგეთი კონსენსუსი მხოლოდ ერთხელ მახსოვს - როცა დამოუკიდებლობის აღდგენაზე რეფერენდუმი ჩატარდა.
ეს წელიც ასე გადავაგორეთ - ჯირყვნა-მიჯირყვნაში, ჩმორებში და ბლატნოებში, ფარული ჩანაწერების განადგურება-არგანადგურებაში, ფირებში და პარაფირებში. მთელი წელი პანაშვიდებსა და გასვენებებში დავდიოდი, ბევრი წავიდა, ოცნება ოცნებად დარჩა... მეოცნებეები პრაგმატიკოსებად გადაიქცნენ, მშვენივრად მოერგნენ ყვითელი ჟურნალების ყდებს, გასართობი გადაცემების სტუდიებს, ვიგინდარა ვანოს ღლიცინა შოუებს. ეს ელიტაა. ელიტა უკვდავია. კომკავშირია უკვდავი.
რამდენიმე დღის წინ, მოსაღამოვებულზე გავიარე პეკინის გამზირზე და უზარმაზარ ბილბორდს მოვკარი თვალი - ბერას ტელევიზია, ჯიდიესი, მალე შემოგვთავაზებს ახალ შოუს სახელწოდებით „ერთი ერთზე“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი და ავტორი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, აქტივისტი მაინც იქნება დავით გომართელი (თვალი მოვკარი მეთქი და, მგონი არ შევცდი, ნამდვილად გომართელი იყო) - მამა აფრიკა.
ეგრეა - დრო გადის, ჩვენ კი კვლავ ერთი ერთზე ვართ კომკავშირთან. ამჯერად, იმ კომკავშირთან, „გულის სიღრმეში ყოველთვის „ქართულ ოცნებას“ რომ თანაუგრძნობდნენ“.
ყვარყვარე ხომ გახსოვთ? მაგას რა დაგვავიწყებს! რომც გვინდოდეს, მაინც არ მოგვცემენ მაგის დავიწყების საშუალებას - „2006 წლიდან ნაცებს ვებრძვი“, „2007-დან ოპოზიციაში ვარ“, „ჯერ კიდევ 2008-ში მივხვდი, ნაცები რასაც წარმოადგენდნენ“... „მე რომ 2012-ში ბიძინას გვერდით დავუდექი, სად იყავი მაშინ შენ?“
ჰოოო... კადრები ნამდვილად ყველაფერს წყვეტენ და ჟლეტენ კიდეც. ისეთებს დანიშნავენ ხოლმე, ისეთებს დააწინაურებენ, ისეთებს ჩაიხუტებენ და აქებენ, გული გაგისკდება კაცს და მერე ვამბობთ, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. იმისი არ იყოს, ერთ გურულს ცოლი რომ მოუკვდება და მეორე გურული რომ ეკითხება - რით მოკვდაო და იმან - გრიპითო და ამან - გრიპი, მაი არაფერიო. დაამშვიდა.
ვერაფერი გამიგია, თუმცა ხანდახან ერთი რამით ვიმშვიდებ თავს - ბიძოს იმედი მაქვს, თუ დაიწყო, ბოლომდე მიიყვანს საქმეს. მაშინაც, პირველ ოქტომბრამდე, არ მომწონდა რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ფაქტია, რომ საქმე გააკეთა, უსისხლოდ მოაშორა ხელისუფლებას ისინი, ვისაც სისხლი წყუროდა, მაგრამ ახლა სამართლიანობა გვწყურია, გვეჩქარება. მოჩქარეს მოუგვიანდესო, მაგრამ როცა უფსკრულის პირას დგახარ და წონასწორობას გაჭირვებით იმაგრებ... ცოტაც და, დაკარგავ წონასწორობას, დაერევი და მიჯირყნავ - მე ვარ ეგრე და ბევრი ჩემს გარშემო.
ხანდახან გულში გამკრავს ხოლმე, იქნება და, ჯერ კიდევ ის არის - ჟამი ქვათა შეკრებისა, ანუ ნიღბების ჩამოხსნისა და გამოაშკარავებისა, ცხვრის ტყავიდან მგლის გამოძრომისა, ანუ შეცნობისა?
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის კომისია თუ რაღაც ოხრობა გავიხსენოთ. ამხელა კომისიაში ორად-ორი წესიერი ადამიანი იყო - თამაზ ჯოლოგუა და ზაზა შათირიშვილი. შედეგიც ისეთი დადგა, როგორიც უნდა დამდგარიყო. მაგ საქმეს ჩაშლის პირი უჩანს და აჰა - ხმაშეწყობილად, უნისონში აყროყინდნენ ნაცები და გნაცები, რუსთავი ორები და ენჯეოშნიკები, ათასი ჯურის უსაქმური და ვიგინდარა... და იქნებ იმ კომისიის ისეთი შემადგენლობით დაკომპლექტების მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ყველას დაენახა, ვინ ვინ არის, ანუ ვინ არის ის „ჰუ“, ნაცებს ბანს რომ აძლევს.
ფარცხალაძის ამბავშიც (რომელსაც სულაც არ ვიცავ), როგორ ერთბაშად აღმოჩნდა, რომ ნაცებს დიდი ხნის წინ ცოდნიათ ყველაფერი, მაგრამ ხმას არ იღბდნენ. ცოდნია ზოგ ჟურნალისტს და ზოგ არასამთავრობოს, რომლებიც გასუსულები იყვნენ. და რას ელოდებოდნენ? სკანდალს!
ახლაც ელიან რაღაცას. რას? მაგასაც გეტყვით. ორი-სამი კვირის წინ ახალი შს მინისტრი გამომცემლებს, რედაქტორებს და პროდიუსერებს შეხვდა. საინტერესო საუბარი იყო - კითხვა-პასუხი. მეტ-ნაკლებად, პასუხი ყველა კითხვას გაეცა, თუმცა იყო ერთი, სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა კუთხით დასმული კითხვა, რომელსაც პასუხი არ გაეცა და ვერც გაეცემოდა - „რა მოხდება 2014 წლის 17 მაისს?“.
2013 წლის დეკემბერში ვის შეიძლება აინტერესებდეს ის, თუ რა მოხდება 2014 წლის მაისში? გავითვალისწინოთ, რომ ივნისში არჩევნებია.
ამ არჩევნებით უნდა დასრულდეს ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში; ის, რაც ხდებოდა გასულ წელს; ის, რაც ხდებოდა ბოლო ათი წელი.
რაღაცეები ვიბოდიალე, აბა, მთელ წელს რა გაიხსენებდა?
ს.ბ.მ. (სხვაც ბევრი მახსოვს) „...ამ ჩვენ ვინსენტეს თავისი ცხოვრების თანამგზავრად რომ არ ამოერჩია მშვენიერი ჯულია, ახლაც ხომ ისევ ძაღლი-კატასავით იქნებოდნენ? ხომ ვარ სწორი, ვინსენტე?“ „კბილებს ამოგამტვრევ...“ „დაწყნარდი ვინსენტე, დაწყნარდი, ხომ იცი - გიჟია“ - დაამშვიდა ანტონიომ. „კბილებზე გამახსენდა, - გაახსენდა ალექსანდროს...“