ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" მორიგი პოსტით ბიძინა ივანიშვილსა და მისი გუნდის წევრებს აფრთხილებს. მისი თქმით, ბოლო დროს გახმაურებული საბიუჯეტო ხარჯებითა და პასუხგაუცემელი კითხვებით მთავრობა ხალხის მოთმინებას ხარჯავს, რაც წინა ხელისუფლებას ძვირი დაუჯდა.
"ისინი ფულს კი არა, იმედს ხარჯავენ, ოცნებას და კიდევ, მოთმინებასაც - ხალხის მოთმინებას. წინა ხელისუფლებას ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ნუ იქნებით შემდეგი, შემდეგ არჩევნებზე. პირადად მე, ამაზე გული დამწყდება", - წერს დაჩი გრძელიშვილი.
დაჩი გრძელიშვილის პოტს უცვლელად გთავაზობთ:
"- პროკურატურამ ახლახან 175 ათას ლარიანი ჯიპი იყიდა, ცოტა ადრე კი 110 ათასიანი.
- უშიშროების საბჭომ 88 ათასიანი ჯიპი, 1500-იანი ტელეფონი და 350-იანი კომპის ჩანთა
- აუდიტის სამსახურმა ძვირადღირებული შვეიცარიული "ტისოს" მარკის 20 საათი შეიძინა
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთ დღეში, ალკოჰოლური სასმელებში 14 ათასი ლარი დახარჯა
- მთავარი პროკურორი 25 წლის ასაკში, გერმანიაში ყაჩაღობისთის გაუსამართლებიათ. რასაც 30 წლის პრემიერმა "ბავშვობაში ჩადენილი საქციელი" უწოდა.
უშიშროების საბჭოს მდივანი თავის შენაძენში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ცუდს ვერაფერს ხედავდა ვიაიპ ბერიძის მიერ მაცივრებიან-ტელევიზორიანი პრადოს შეძენაში მურმან დუმბაძეც. მთავარი არგუმენტი, ყველა შემთხვევაში იყო "სახლში კი არ წაიღებს, სახელმწიფო საკუთრებაშია". ამ ყველაფრის ფონზე ერთ-ერთი პოლიტიკოსი პენსიის უფრო "ყუათიანად" გამოყენებაზე საუბრობდა (სავარაუდოდ, "ყაირათიანად" იგულისხმა).
როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ჯორჯ ორუელი და მისი "ფერმა" ახსენა. დღეს, უკვე პოლიტიკიდან წასულ ბატონ ბიძინას ამავე ფერმიდან ერთ ფრაზას გავახსენებ იმ იმედით, რომ ძალიან შორს არ წასულა: "ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორი" - ასე შეცვალეს მასებისთვის ერთიანობის დევიზი პრივილეგირებულმა ცხოველებმა, თავისი განცხრომა რომ გაემართლებინათ. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ ცხოველები, ვერც სხვა ცხოველების განსაკუთრებულობას ვირწმუნებთ იოლად და ეს განცხრომიადა სახიფათო ზღვარს მიუახლოვდება. მიზეზი კი
მარტივია: რა თქმა უნდა, თქვენ თავი და ოჯახი დააყენეთ საფრთხის წინაშე, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდით. რა თქმა უნდა, თავდადებით იბრძოლეს თქვენმა თანაგუნდელებმაც - კარგად მახსოვს, დაუნდობლად რომ გალახეს თუნდაც, იგივე ზემოთ ნახსენები მურმან დუმბაძე. მაგრამ თქვენგან გამოჩენილი მოხერხებისა და თავდადების მუხედავად, მთავარი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ პოლიტიკურ ცვლილებაში ხალხი იყო. უბრალო, რიგით ამომრჩეველთაგან შემდგარი საზოგადოება, რომელმაც გადაწყვიტა, ხელისუფლებაში მოსულიყავით. თუმცა პარლამეტისა თუ მთავრობის ზოგიერთი წევრის ქმედებისა და ლაპარაკის შემხედვარე, სხვა განცდა ჩნდება - ძალაუფლება მათ მხოლოდ საკუთარი მონაპოვარი ჰგონიათ და შესაბამისადაც იქცევიან: იგინებიან და ჩხუბობენ პარლამენტში; თავისი შეხედულებით ხარჯავენ "ბიუჯეტიდან დაზოგილ" თანხებს და შემდეგ, თავისი შეხედულებითვე ამართლებენ. მაგრამ სინამდვილეში, ისინი ფულს კი არა, იმედს ხარჯავენ, ოცნებას და კიდევ, მოთმინებასაც - ხალხის მოთმინებას. წინა ხელისუფლებას ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ნუ იქნებით შემდეგი, შემდეგ არჩევნებზე. პირადად მე, ამაზე გული დამწყდება", - წერს დაჩი გრძელიშვილი.