პროექტ „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროს 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მედიკოსები, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები ესწრებოდნენ.
თავდაპირველად მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა, რომ მთლიანი სამთავრობო გუნდის მხარდაჭერის გარეშე რეფორმებს ვერ განახორციელებდა. მან მიმოიხილა ის მოცემულობა, რაც ჯანდაცვის სფეროში მის მისვლამდე არსებობდა და ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის, სოციალურ და შრომით მიმართულებებზე.
კერძოდ, შარშანდელი მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის ნახევრზე მეტი სამედიცინო დაზღვევის გარეშე იყო დანარჩენილი და საკუთარი ჯიბიდან იხდიდა ჯანმრთელობისთვის თანხებს. მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯების 70%-ს შეადგენდა ჯიბიდან გადახდილი თანხა, რაც, მინისტრის თქმით, მაღალი ციფრია. ამიტომ, ჩვენი მოსახლეობა უფულობის გამო უარს ამბობდა სამედიცინო მომსახურებაზე, ან კრიტიკული მდგომარეობის გამო დიდ ვალებს იღებდა და ბინებს იპოთეკით ტვირთავდა.
მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი დაიწყო, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია და ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების, ან უბედური შემთხვევისას უფულობის გამო ადამიანი აღარ კარგავს სიცოცხლეს.
2013 წლის 28 თებერვალს სამედიცინო დაზღვევის არმქონე 2 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 1-ელ ივლისს საყოველთაო ჯანდაცვის ერთგვარი გაფართოება მოხდა და ჩამოთვლილ სერვისებს რამდენიმე ათასი გეგმიური სერვისი დაემატა. დღეის მდგომარეობით კი, სახელმწიფო დაფინანსებით უკვე მილიონ 400 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა და სამინისტრომ მოახერხა, ეს პროექტი ხარჯეფექტურად, გაცილებით მცირე თანხით განეხორციელებინა. თანაც, სახელმწიფო პროგრამებმა არა მარტო საქართველოს მოსახლეობა მოიცვა, არამედ ლტოლვილების, დროებით მაცხოვრებლების 100%.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის პოლიტიკის შექმნა და ამ პოლიტიკის განხორციელებაზე მონიტორინგი სამინისტროს მთავარი ფუნქციაა, რაც მანამდე საერთოდ არ სრულდებოდა. ხარვეზებით მუშაობდა სოციალური დახმარების მინიჭების სისტემა და სოციალური დახმარების მიმღებთა მკვეთრი ზრდა დიდ კორელაციაში იყო პოლიტიკურ აქტივობებთან, ანუ წინა საარჩევნო პერიოდთან. ეს დინამიკა აშკარად თვალსაჩინო იყო. სოციალური მომსახურების სააგენტო კი ცალსახად პოლიტიზირებული იყო. მეთოდოლოგია, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი ენიჭებოდა, ზოგჯერ უსამართლოდ ანაწილებდა სოციალურ დახმარებებს. თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უსერიოზულესი გამოწვევაც მათ დაძლიეს. უფრო ზუსტად, მათ აღმოაჩინეს რამდენიმე ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავლებიც ათეულობით ათასი ლარი იყო და ისინი იღებდნენ დახმარებას. მაშინ, როცა უკიდირესად ღარიბ ადამიანს, რომელსაც ვიღაცამ აჩუქა სატელიტური ანტენა, ეხსნებოდა სოციალური დახმარება. განაწილების ეს უსამართლო მეთოდიკა უკვე გამოსწორდა.
დავით სერგეენკომ, ასევე, განმარტა, რომ ძველი შრომის კოდექსი დაქირავებულის მიმართ ცალსახად დისკრიმინაციული იყო. შესაბამისად, წლის განმავლობაში ახალი შრომის კოდექსი შემუშავდა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.
გარდა ამისა, მინისტრმა კიდევ ერთი სირთულის შესახებაც აღნიშნა - ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებლები იყვნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები და ამ ინდუსტრიას არ ჰქონდა ნდობა მთავრობისადმი. ამიტომ სადაზღვევო ინდუსტრიასთან დიალოგი თავიდან საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში აღდგა ნდობა და თითქმის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწევადია.
რაც შეეხება მონაცემთა მართვას, ანუ სტატისტიკას, მინისტრის თქმით, შეიქმნა ერთგვარი საკონტროლი ჯგუფი, დაფუძნდა ინფორმაციის მიწოდების ოპერატიული არხი, რომლითაც ერთი საათის განმაცვლობაში სამინისტრო ფლობს ინფორმაციას ნებისმიერი გარდაცვალების ფაქტის შესახებ. არადა, მანამდე პრობლემა იყო არასრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემები. ყველაზე მკაფიოდ მონაცემთა უზუსტობა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევაში გამოიხატა და აღმოჩნდა, რომ წინა წლების სურათი აბსოლუტურად არარეალური იყო და 100%-იან ცდომილებას იძლეოდა. სინამდვილეში, დედათა სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკური არხებით მიწოდებული ინფორმაცია ადასტურებდა.
რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დამხმარების კომპანიებს, მინისტრის თქმით, თბილისის მასშტაბით ჩავარდნილი გამოძახებებისა და დაგვიანების დინამიკა მოგვარდა, თუმცა რაიონული სასწრაფო დახმარების სადგურები ვერ უძლებს კრიტიკას. ერთი ჩავარდნილი გამოძახება კი ნიშნავს, რომ ავადმყოფის გადასარჩენად ბრიგადა ვერ მიდის მანქანის გაუმართაობის გამო. ამიტომ მინისტრის თქმით, მომზადდა 2-წლიანი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სასწრაფო გამოძახებებზე დროული რეაგირება. შესაბამისად, ცოტა ხანში მართვის მოდელები შეიცვლება და ეს სამსახური ეფექტური გახდება.
მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის წამყვანი რგოლია: ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკის ექიმი, სოფლის ამბულატორიის ექიმი. ის ფაქტი, რომ თავის დროზე მხოლოდ 3-4 %-მა ისარგებლა სიმსივნური დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის კვლევებით, მინისტრს მიუღებლად დაბალ მაჩვენებლად მიაჩნია. იგი თვლის, რომ ამის მიზეზი იყო ოჯახის ექიმის არარსებული ინსტიტუტი. ახლა კი ოჯახის ექიმმა უნდა აუხსნას ბენეფიციარს დროული გამოკვლევების მნიშვნელობა. ამიტომ ეს პროექტი უნდა გაძლიერდეს.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან წამოწყებად მინისტრმა თამბაქოს კონტროლი გამოარჩია, რომლის სტრატეგიის შექმნაშიც დაავადების კონტროლის ცენტრმა ეფექტურად იმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ აქ თამბაქოს ინდუსტრიასა და პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტებთან გვაქვს შეხება. მინისტრის თქმით, თამბაქოს გამო ათეულობით ათასი ადამიანი იღუპება საქართველოში. ამდენად, იგი იმედოვნებს, რომ ეს პროექტიც ეფექტურად იმუშავებს.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დავით სერგეენკომ განმარტა, რომ არანაირი სტრუქტურა არ არსებობდა საამისოდ ჯანდაცვის სამინისტროში და არავინ ზრუნავდა ამ საკითხებზე. ამიტომ მათ მოუწიათ სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელიც ამ საკითხებითაა დაკავებული.
ასევე, მინისტრის აზრით, მნიშვნელოვანი იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს შექმნა. უფრო მეტიც, ჩამოყალიბდა სტრატეგია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და ის მიუღებელი სტატუსი, რაც დღეს გვაქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მიმართებით, გამოსწორდება.
პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების შესახებ მინისტრმა აღნიშნა, რომ საამისოდ ახალი ფორმატით ამოქმედდა სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი მუდმივმოქმედი აქტირების კომისია. თუ აქტირების კომისიით, ავადმყოფობის გამო 2006-2012 წლებში მხოლოდ 7 პატიმარი გათავისუფლდა, 2013 წელს გათავისუფლდა 103 პატიმარი.
ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის, როგორც პირველი რანგის პრობლემების შესახებ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ სტრატეგია შემუშავებულია და დაწყებულია სამუშაო გეგმის განხორციელება. ასევე, დაწყებულია მუშაობა C ჰეპატიტის მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის მისაღწევად და სამკურნალო პრეპარატების ფასის შესამცირებლად. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის სახელმწიფო მექანიზმის გასაძლიერებლად.
მინისტრი სოციალური დაცვის თემასაც შეეხო. ამ მხრივ გამოარჩია რაოდენობრივი და თვისობრივი რეფორმები - სოციალური გასაცემლებისა და პენსიების (150 ლარი გახდა პენსია) ზრდა, შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის პენსიის მატება (რაც, მისი თქმით, საკმარისი არ არის), ასევე, მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებისა და პოლიტრეპრესიების მსხვერპლთა სოციალური პაკეტის ზრდა. საერთო ჯამში, მატება 1 272 250 პირს შეეხო.
მან დემოგრაფიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია დეკრეტული შვებულების ვადის გახანგრძლივება, ბავშვთა მზრუნველობის შესახებ კი განმარტა, რომ ბავშვი ოჯახში უნდა გაიზარდოს, თუნდაც ის არ იყოს ბიოლოგიური მშობლების შვილი.
რაც შეხება 2014 წლის სიახლეებს, 1-ლი იანვრიდან იცვლება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვთა მოვლის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ანაზღაურების წესი და შვებულება 730 კალენდარული დღით განისაზღვრება, საიდანაც ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე.
მინისტრმა შრომით მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დაიწყო სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის პროცესი -Worknet.gov.ge. ასევე, დაიწყო მუშაობა სისტემის მეორე მოდულზე, სახელწოდებით - დასაქმებული და ვაკანსია.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ამ სფეროსთვის დაიხარჯება სოლიდური თანხა, ბიუჯეტის დაახლოებით ერთი მესამედი. კერძოდ, 2014 წლის განმავლობაში 2 მილიარდ 700 მილიონ ლარამდე მოხმარდება პენსიებს, საყოველთაო ჯანდაცვას და ჯანდაცვის გარკვეულ პროექტებს.