თითქმის ყველა ლიტერატურული გმირი თუ ზღაპრის პერსონაჟი რეალური ცხოვრებიდანაა აღებული. თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენ გარშემო მათი მსგავსი ადამიანების აღმოჩენა არ გაგვიჭირდება. შესაძლოა, თითოეული ჩვენგანიც რომელიმე გმირს ჰგავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყურადღება საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებზე გავამახვილეთ. რატომღაც, რესპონდენტთა უმრავლესობამ ძირითადი აქცენტი პოლიტიკოსებზე გააკეთა. ჩვენ მიერ შეთავაზებული ნომინაციები და რესპონდენტთა მოსაზრებები კი ასეთია: ცნობილი ადამიანებიდან ვის რომელ ლიტერატურულ გმირსა თუ ზღაპრის პერსონაჟს ადარებთ?
"წლის რწყილი" - ეს ნომინაცია კანდიდატების სიმცირეს არ უჩივის, რადგან არაერთი პოლიტიკოსი გვყავს, რომელიც პარტიიდან პარტიაში "დახტის". ხალხის აზრით, ამ ნომინაციას ყველაზე მეტად, "ქართულ ოცნებაში" "გადამხტარი" პოლიტიკოსები იმსახურებენ. მათ შორის არიან ისევ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და ამავე საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნია.
"წლის ნაცარქექია" - ეს სახელი, ხალხის აზრით, ყველაზე მეტად, საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გოგა ხაჩიძეს "უხდება", რადგან მუდმივად ყვირის, რეპლიკას ისვრის, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებს. ბატონი გოგას გარდა, ამ ნომინაციაში პარტიიდან წასული, მაგრამ შესანახი შვილების გამო, კვლავ პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილიც დასახელდნენ. ხალხის თქმით, ბატონ კობას სხვა პრობლემა არ აწუხებდა და კანონპროექტებს პრეზერვატივის აკრძალვაზე წერდა; ითხოვდა, რომ პარლამენტარები სხდომას ეროვნული ტანსაცმლით შემოსილები დასწრებოდნენ, ეს კი ნამდვილად ნაცრის ქექვააო... არჩილ კბილაშვილს კი მთელი წლის განმავლობაში პროკურატურაში არაფერი გაუკეთებია და ნაცრის ქექვა სხვას აბა, რას ნიშნავსო? - ამბობს ხალხი.
"წლის ლუარსაბ თათქარიძე" - ეს ნომინაცია უპირობოდ, გუბაზ სანიკიძეს მიანიჭეს. როგორც ხალხმა განგვიმარტა, ბატონი გუბაზი ლუარსაბად მონათლეს არა იმიტომ, რომ მსუქანია, არამედ იმიტომ, რომ სულ თვლემს და არაფერს აკეთებს.
"წლის შერლოკ ჰოლმსი" - თეა წულუკიანია, მაგრამ ეს რამდენად გამოსდის, სხვა საკითხია", - გვითხრა ერთ-ერთმა რესპონდენტმა. მსახიობმა ზუზუ ბეჟაშვილმა კი გაგვანდო: შერლოკ ჰოლმსის როლს სიამოვნებით შევასრულებდი, თუმცა არ ვიცი, ამ პერსონაჟს რამდენად მამსგავსებთო.
"წლის ბურატინო" - ამ ნომინაციაში მხოლოდ ერთი კანდიდატურა, პარლამენტარი ზურაბ აბაშიძე დაასახელეს. მართალია, მას არც ისე დიდი ცხვირი აქვს, მაგრამ რატომღაც, ამ გმირს მაინც მიამსგავსეს.
"წლის სამი მუშკეტერი" - ეს ნომინაცია სამ მთავარ პერსონაზე გადაანაწილეს, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალურები არიან: ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია. დ"არტანიანად კი ბიძინა ივანიშვილი დაასახელეს.
"წლის კომბლე" - ამ ნომინაციის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გახლავთ. საზოგადოების აზრით, ის მუდმივად კომბლებს თლის, ჭერში აწყობს და დიდი სურვილი აქვს, რომ ვინც გააბრაზებს, თავში ჩასცხოს. ის კომბლით გამოჩნდა თეთრი სახლისა და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ.
"წლის დათა თუთაშხია" - ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოების მთავარი გმირის ხასიათს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილში ხედავს, რადგან ის სამართლის აღდგენას მუდმივად გვპირდებოდა. ამ ნომინაციაში მის მიერ მემკვიდრედ დატოვებული "პრემიეროვიჩი" (როგორც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი უწოდებს), ირაკლი ღარიბაშვილიც დაასახელეს, რომელიც წინამორბედზე უფრო მეტი სიმკაცრით გამოირჩევა.
"წლის მზეთუნახავი" - ვერა ქობალია და ხათუნა კალმახელიძე. მართალია, ამ ორი ექსმინისტრის მუშაობით საზოგადოება აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ გარეგნობით მართლაც
გამოირჩეოდნენ. ეს ორი ქალბატონი ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ტელეეკრანზე აღარ გამოჩენილა.
ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანებისგან საყვედურებიც მივიღეთ. ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა: "წლის ლურჯ მელაზე" რატომ არაფერი გვკითხეთ? ამ ნომინაციაში მარიამ საჯაიას დავასახელებდითო. მეორე რესპონდენტმა კი გულწრფელად გაკვირვებულმა გვკითხა: "ფუფალა" რატომ დაგავიწყდათ? ამ ნომინაციაში ფიქრია ჩიხრაძე გაიმარჯვებდაო. მოკლედ, ზღაპრების პერსონაჟებსა და ლიტერატურულ გმირებს რა დალევს, დანარჩენებზე მომავალ წელს ვისაუბროთ. მანამდე კი, ჩვენს მხიარულ სტატიას ისევ დავით კვინიკაძის მიერ ექსპრომტად შექმნილი ლექსით დავასრულებთ: "შრომობდა, როგორც ჭიანჭველა,/ ასე აშენა რაბათი,/ მერე ციხეში ჩავარდა,/ ცოდვა წაიღო ამათი./ აქ ჭიაბერა გამოხტა,/ მაგაში მეც მაქვს წილიო,/ ისე დაეძებს სამართალს,/ ვით ღორის ჯაგარს - რწყილიო./ ვით ჭიანჭველა და რწყილი,/ გზად მიდიოდნენ კაცები,/ ვანიჩკაცა და ზურიკოც,/ იყვნენ ბობოლა "ნაცები".../ პატარაა და მოქნილი,/ ნაცარქექიას მაგონებს,/ ხან ბადრის, ხან - ასლან ბაბუს,/ ხან თვით მიშასაც "აბოლებს"./ ამ თარგამაძე გიორგის/ უნდოდა პირველკაცობა,/ ხალხმა გაშიფრა, გაუგეს,/ მას შინაგანი "ნაცობა".