112-ის საინფორმაციო ბანერები გუდაურსა და ბაკურიანში განთავსდა

112-ის საინფორმაციო ბანერები გუდაურსა და ბაკურიანში განთავსდა

ზამთრის ტურისტული სეზონის მოახლოებიდან გამომდინარე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მნიშვნელოვნად იზრდება გადაუდებელი დახმარების საჭიროების რისკი, ამიტომ დამსვენებლებისა და მოქალაქეებისათვის ეფექტური დახმარების მიზნით, 2013 წლის 28 დეკემბერს „112“-ის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა და გუდაურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში შესაბამისი დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა.

„112“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებების მიმღები პირველადი რგოლია, ხოლო სააგენტოს გააჩნია გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე რეაგირების დამოუკიდებელი ჯგუფი, რაც შესაძლებელს ხდის კონკრეტულ შემთხვევებზე მოხდეს სწრაფი და ეფექტური რეაგირება. სისტემის დანერგვისთვის მნიშვნელოვანია მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობა.

„112“-მა გუდაურსა და ბაკურიანში საინფორმაციო ბანერები განათავსა, რის შემდგომაც გაუთვალისწინებელ შემთხვევებში დამსვენებლებსა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის მარტივი იქნება, დაიმახსოვრონ მხოლოდ ერთი ნომერი, როდესაც საჭიროა: საპატრულო, სახანძრო-სამაშველო ან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების გამოძახება.

პროექტის პირველ ეტაპზე, „112“-მა საინფორმაციო ბანერები სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ბაკურიანსა და გუდაურში, განათავსა. მეორე ეტაპზე, ანალოგიური შინაარსის ბანერების განთავსება საზღვაო კურორტებზეც იგეგმება.