როგორ გადაურჩა “დაქორწინებას“ ოლიმპიური ჩემპიონი

როგორ გადაურჩა “დაქორწინებას“ ოლიმპიური ჩემპიონი

ორიოდე დღეში მორიგ ახალ წელს ვიზეიმებთ. ჩვენი ვებ-გვერდის ყველა ერთგულ მკითხველს ამ მშვენიერ დღესასწაულს ვულოცავ.  2014 წელს ჯანმრთელობასა და პირადი პრობლემების დადებითად გადაწყვეტას გისურვებთ. სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში დალხენილი ცხოვრება არ გაგვაჩნია, მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები და მომავალს იმედიანად შევხედოთ, - ცოტა ჩვენც მოვინდომოთ და ერთიანი ძალებით მთავრობასაც ადრე გაცემული არაერთი დაპირების შესრულებაც მოვთხოვოთ.

დღეს მიმდინარე წლის უკანასკნელ სპორტულ-სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ და მას ქართული რაგბის ოჯახის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბატონი ნოდარ ლიპარტელიანი გახსნის. სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებმა წელს თავი განსაკუთრებით ისახელეს და მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ ათეულში მყოფ სამოასთან ისტორიული გამარჯვება იზეიმეს.

ნოდარ ლიპარტელიანი: „რაგბის 1977 წელს ოლეგ ლიპარტელიანმა მაზიარა.

- მოწინააღმდეგეს, რომელსაც ბურთი აქვს ხელებში, უკეთებ შებოჭვას, ართმევ ბურთს და აღარავის დაანებებ - ასეთი იყო პირველი რჩევა-დარიგება.

მე და მაგას ვერ მოვახერხებდი?! ბრწყინვალედ დავეუფლე ამ ილეთს და ჩემი ხელიდან ბურთის გამოგლეჯვა ვერანაირმა მოწინააღმდეგემ ვეღარ მოახერხა. ერთ დღეს კოკა ლაზიშვილმა არ მითხრა:

"კაცო, ნოდარ... ასე არ შეიძლება ძმა, ბურთს რომ ხელში მოიგდებ, აუცილებელი კი არაა სახლში წაიღო, ან ჩვენიანებს მიაწოდე, ან მოწინააღმდეგესო!"

არა, მაგ ჭკუაზე ვარ ზუსტად! - არ დავეთანხმე გულში კოკას - ჩემით მოპოვებული ბურთი ჩემია (აბა ტყუილად ვიწვალე?!) და ლელოც მე უნდა დავდო, - ასეა ეს!“

წინასაახალწლო „მოგონებების“ მომდევნო სტუმარი სახელგანთქმული ქართველი ფალავანი რომან რურუა იქნება. ერთხელ ბატონი რომანი არაორდინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

რომან რურუა: „წარმატების ზენიტში ვარ – უკვე მსოფლიოს ჩემპიონი.  ერთ ახლობელ კაცთან ერთად მსუბუქად ვსვამთ თბილისის ერთ-ერთი რესტორნის მყუდრო კუპეში. ეს კაცი დიდი ხნის უნახავი მყავდა და გაცხარებით ვიხსენებთ იქითურ-აქეთურებს.

- ჩემო რომან, ერთი რაღაცა უნდა გკითხო, მაგრამ მერიდება. თან, თუ მართალი გამოდგა ეს ამბავი, ძალიან გამიხარდება, წინასწარ გეუბნები.

- მაინც რა? - დავინტერესდი.

- ქეთინო კ-ს თუ იცნობ? ახალგაზრდა გოგოა. 17-18 წლის, ლამაზ-ლამაზი.

- არა... ასეთ გოგოს არ ვიცნობ, - ვთქვი ალალად.

- ო, რა ხარ შენ! როგორ, კაცო, ქეთინო კ-ს მართლა არ იცნობ? ნუ მიმალავ, ბიჭო, თქვი, გაამხილე... ნათესავია ჩემი.

- არა, ნამდვილად არ ვიცნობ.

- ბიჭო, ქალზე დაქორწინებას აპირებ და მე მიმალავ? მე, მის ნათესავს?

- სულ გამოვედი მოთმინებიდან.

- რას გიმალავ, თუ ძმა ხარ, ნამდვილად არ ვიცნობ, ბიჯოს!

- ქეთინო მეუბნება, რომან რურუამ ცოლობა მთხოვა და როგორ მოვიქცეო, – მითხრა და...

მოულოდნელობისგან სულ დამება ენა.

- მაშინ შემახვედრე ეგ შენი ნათესავი და მოვრჩეთ საქმეს-მეთქი, - გავუადვილე, ხელი ხელს დავკარით და მეორე დღეს, დათქმულ ადგილზე მომიყვანა იმ კაცმა თავისი ნათესავი ქეთინო კ.

- აი, ესაა ჩემი ქეთო, - მეუბნება...

- სასიამოვნოა, - ხელი ჩამოვართვი ერთთავად შემცბარ-გაკვირვებულ გოგონას.

- ესაა, ხომ? - ეკითხება გოგოს ჩემზე. ქეთომ თავი გააქნია, - ნწუ! ეგ არაა, ის უფრო მაღალია და გამხდარი.

- ცუდი ხომ არაფერი უკადრებია იმ ყმაწვილს? - ფრთხილად შეეკითხა ჩემი მეგობარი.

- როგორ გეკადრება, ბიძია, - გოგომ, - მხოლოდ იმას მეუბნებოდა, მსოფლიოს ჩემპიონი რომან რურუა ვარ, წამომყევი ცოლად, შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს ჩემს ხელშიო.

- სადაა ახლა ის შენი რომან რურუა? - ახლა მე ვეკითხები.

- ერთი კვირით ტურნეში მივდივარო, ასე მითხრა.

რომ ჩამოვა შემახვედრე-მეთქი, ვუთხარი და კიო, დამპირდა.

ის ჩემი „სეხნია“ საერთოდ აღარ გამოჩენილა მას მერე. ან შეიძლება, გოგო ეშმაკია და დამიმალა. ასე მოკლე ფეხი აღმოაჩნდა იმ ტყუილს“.

ნება მომეცით ძიუდოზე გადავიდე, რომელიც საქართველოში ყოველთვის ერთ-ერთ წარმატებულ სპორტის სახეობად ითვლებოდა და ითვლება. რამდენიმე ათეული წლის წინ ძიუდოისტ გურამ გოგოლაურს შეკრებაზე ერთი „უსიამოვნო“ ამბავი შეემთხვა.

გურამ გოგოლაური: „ძალიან რთულია მოჭიდავის რეჟიმი. ვარჯიში – ვარჯიშად, დისციპლინა - დისციპლინად, მაგრამ, არსებობს ყველაზე „ბოროტი” ცნება - წონის შენარჩუნება. არადა, თუ მოჭიდავე ჯეროვნად არ იკვებება - ღონე არ აქვს, იკვებები და - წონაში იმატებ. მოკლედ, დილემაა, რა... მოგეხსენებათ, თუ შეჯიბრებაზე თუნდაც 100 გრამით მეტი ხარ შენს წონით კატეგორიაზე, მოგხსნიან...

1971 წელია. კიევში ვართ შეკრებაზე. სასტუმროს ერთ ნომერში ვცხოვრობდით მე, გივი ონაშვილი და ბუმბერაზი მოჭიდავე შოთა ჩოჩიშვილი. ჩემ გარდა თითქმის ყველა თავის წონაშია, მე კი 4-5 კილოგრამით მეტი ვარ ჩემს ნორმაზე.

დავჯექი „უჭმელობით დიეტაზე“. მშიერი კაცი მგელზე უარესი და ბრაზიანია. თავისი ჭკუით, მიადვილებენ და ათასნაირ ვითომ ხუმრობებს იგონებენ ჩემი გუნდის წევრები. ხან რა „შტუკას” მიწყობენ, ხან - რას.

ერთ საღამოს ცოტა გვიან მივედი ნომერში. შოთა-გივის უკვე „დაუძინიათ”. მახსოვს, რომ გასვლისას (დილით), ვჩქარობდი და ჩემი ლოგინი აშლილი დავტოვე. რომ შემოვედი - გაწყობილ-გაწკრიალებულია, მაგრამ, ყურადღება არ მივაქციე. არ მინდა, ბიჭები გავაღვიძო, მალულად ჩავაქრე შუქი და შევგორდი ლოგინში.

დავხუჭე თვალები, მალე წავედი ბურანში და... ზეწრის ქვეშ რაღაც აფუთფუთდა, ამოძრავდა... ალბათ, მომეჩვენა-მეთქი და ოდნავ შევსწორდი ლოგინში. ცოტაც და - ისევ აფუთფუთდა რაღაც... „ნუთუ თაგვია?” - ვფიქრობ, მაგრამ, რომელი თაგვი გაუძლებდა ჩემი ტანის სიმძიმეს.

მოვლენებს წინ ნუ გადაუსწრებთ და ნუ იფიქრებთ, რომ რაღაც რეპტილია შემისვეს ლოგინში.

ცოტა ხანში, ისევ რომ აფუთფუთდა ჩემი ზეწარი, მაშინ კი წამოვვარდი და ავანთე შუქი. ზეწარზე არაფერია. არც საბანზე ჩანს რაიმე საეჭვო. „ოოხ, მე შენიო, - რომ უნდა ვთქვა, „მძინარე” შოთა ყვირის:

- სტოპ! არ შეიგინო, კაცო! - და გივი-შოთამ ისეთი ხარხარი ატეხეს, მთელ შენობას გაეღვიძა.

...თურმე, კაპრონის ძაფები „შეუმონტაჟებიათ“ ჩემი ზეწრის ქვეშ და მეორე ბოლოები თითებზე მოუბამთ. ეწევიან და ეწევიან ჩუმ-ჩუმად თავიანთი ლოგინებიდან. იცოცხლე, გვარიანად შემომელანძღა ორივე იმ ღამეს, მაგრამ „შემაბეს” - არ გაგვთქვა და მეზობელ ნომერშიც ჩავუტაროთ ბიჭებს ასეთი რამეო.

მეორე დღეს მართლაც გაფართოებული მასშტაბით ჩატარდა ჩემზე უკვე აპრობირებული „ღონისძიება“. მეზობელ ნომერში გაეღვიძათ „ძაფნაფხაჭუნებ” ფალავნებს შუაღამეზე, ოღონდ, ერთი განსხვავებით - ძაფის „დამონტაჟების“ დროს ამათ პატარა ტექნიკური შეცდომა მოუვიდათ და კვალმა „დაზარალებულები” მალე მოიყვანა ჩვენს ნომერში, კინაღამ სერიოზულად იჩხუბეს, მაგრამ მოსაგონებლად ახლაც ღირს“.

დღევანდელ „მოგონებებს“ ქართული საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენელი კახი კაჭარავა დაასრულებს. იმედი მაქვს რომ მომავალ წელს ჩვენი ფეხბურთელები აღორძინების გზას დაადგებიან, გულშემატკივრებს სტადიონებზე დააბრუნებენ და კვლავ არაერთ სიხარულს მოგვანიჭებენ.

კახი კაჭარავა: „იუბილეს ვზეიმობთ ბიჭები - "დინამოს" იუბილეს. გვარიანი სუფრა გამოგვივიდა. ვართ ასე 30-40 კაცი ძველიან-ახლიანად. დაგვაფასა და გვეწვია ერთი (არ მინდ ახლა ვინაობა დავაფიქსირო) ძალიან ღვაწლმოსილი ვეტერანი ფეხბურთელიც. თავისი მოკრძალებული "ჟიგულით" მობრძანდა.

აქეთური-იქითური, სიყვარული, გაგება და ა.შ. მოკლედ ხელჩართული სმაა და ეს საპატიო ვეტერანი მაგრად დაითრო. მადლიერმა შეგირდებმა სკამიდან ხელით წამოვაყენეთ ქეიფის ბოლოს. მანქანის საჭესთან ეს რას დაჯდება. ცოდო არ მინდა, თვითონვე თქვა: "ჩემს მანქანას აქ დავტოვებ, ტაქსით წავალო".

ჩვენთან მანქანა კი არა ხუთთეთრიანი არ დაიკარგება, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ გაგვეცილებინა თავისივე მანქანით, არადა გაჭინჭყლდა "ტაქსით წავალ, ტაქსით!" - არ გვაწუხებს თავის ჭკუით და მორიდებით.

- კარგი, ბატონო... დავამშვიდეთ და ფხიზლად გადარჩენილი თითო თვალი ჩავუკარით ბიჭებმა ერთმანეთს. ჩანაფიქრი მარტივი იყო. ამ ჩვენს ვეტერანს ვითომ ტაქსით გავაცილებდით. სინამდვილეში მე - პირადად გამოვაცილე და ვითომ ტაქსს ველოდებით ქუჩაში. ამ დროს ამ ვეტერანის "ჟიგული" (ჩვენ რომ გვიტოვებდა, თქვენ მომიყვანეთ ხვალო) დაგვიმუხრუჭდა ფეხებთან.

- აი ტაქსიც მოვიდააა.... ჩავსვით და მივიყვანეთ სახლში. კაცმა ვერაფერი გაიგო, ოღონდ "მეობა" ახსოვდა. ჯიბიდან 10-იანი ამოიღო, "მძღოლს" მისცა და ჩემზე ეუბნება - "ეს კაცი მიიყვანე სადაც გეტყვის, ფული არ გამოართვაო". მეტი ვეღარ მოვითმინეთ მე და "მძღოლმა".

- ბატონო "იმანო" - ეს თქვენი მანქანაა... თქვენი!

- რატომ? - რატომღაც სრულიად მოულოდნელი და მდგომარეობისთვის შეუთავსებელი კითხვა დასვა ვეტერანმა.

- თქვენია ეს მანქანა, თქვენი ბატონო ბ-იონ...

- აუუუუჰ! - ბოლო ენერგია მოიკრიფა კაცმა - მადლობა ძვირფასებო, მადლობა! ვიცოდი მეეე, ვიცოდი.

...მეორე დღეს ამ ვეტერანის ცოლი რეკავს ჩვენთან.

- გისმენთ, ქალბატონ ლ-ლა, - ვიცანით ხმაზე.

- რა აჩუქეთ ჩემს ქმარს, რა, რომ გადარიეთ ამ სიბერეში?

სახტად დავრჩით.

თურმე ვეტერანს ცოლისთვის უთქვამს: "ბიჭებმა, საიუბილეოდ მანქანა მაჩუქეს - შენია შენიო!!!!"

შეგრცხვა და... ისე კი - კი ეკუთვნოდა წესიერ ქვეყანაში“.