2013 წელი სრულდება და, მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი გასულ წელს ფინანსურ ჭრილში: როგორც აღმოჩნდა, 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით (ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში), ახალი პარლამენტის წევრებმა 2 687 752 ლარის პრემია მიიღეს... წლის ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ბიუჯეტში 600-მილიონიანი გარღვევაა.
და მაინც, ჩვენ, რიგით ადამიანებს რა მოგვცა 2013 წელმა: რით გაგვახარა, რით გაგვაკვირვა, რა დაგვაჯერა, რაზე გვაცინა და ა.შ.
რით გაგახაროთ...
როგორც გაირკვა, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილი ვალდებულებების შესასრულებლად მთავრობამ შიდა და საგარეო ვალი აიღო და მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 332 მილიონი ლარით გაზარდა. ფინანსისტებმა დაიანგარიშეს და სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პროექტით, 2014 წლის ბოლოს, საგარეო ვალი 9 977,1 მილიარდი ლარი იქნება, შიდა კი, - 384,2 მილიარდი. დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე, ბიუჯეტის გარშემო დიდი დავა-კამათია და ფინანსისტები თვლიან, რომ 2014 წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი თუ არა, კრიზისი აუცილებლად იქნება.
ასეთია მშრალი ციფრების არითმეტიკა და მახსენდება ანტიკური ხანის ცნობილი ფილოსოფოსის, პლატონის გამონათქვამი, არითმეტიკა ისეთი მეცნიერებაა, რომელსაც ღმერთებიც ემორჩილებიანო... ღმერთებიც ემორჩილებიან და ადამიანებიც, ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები მყავს მხედველობაში. ჩვენი ყველა დროის მთავრობები კი, როგორც ჩანს, ღმერთებზე მაღლა დგანან. ხალხი კი... ყველაფერს იტანს, ყველაფერს იჯერებს, იმედს არასოდეს კარგავს და არც ოცნებას ეშვება.
ბედუკაძე - გაგიკვირდებათ, მაგრამ...
საქართველოს არცთუ ცოტა ისტორიული გმირი ჰყავს - ცოტნე დადიანი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, 300 არაგველი, გიორგი სააკაძე, მღვდელი თევდორე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და... ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. 21-ე საუკუნის ათიან წლებში კი, ისტორიულ ქართველ გმირთა პანთეონს ბედუკაძე შეემატა.
27 ნოემბერს, მოსკოვში, “რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტის, ვლადიმერ ხომერიკის ინიციატივით გამართულ ჟურნალისტთა კონკურსზე, ჟიურიმ საგანგებო პრიზით - “სიმამაცისა და მედიაში გარღვევისათვის” ციხის ყოფილი ზედამხედველი და “ციხის კადრების” ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე დააჯილდოვა. ანოტაციაში წერია, რომ “ბედუკაძის გმირობამ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დამხობა განაპირობა”. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასე გამოგვიცხვეს რუსებმა “გმირი” ბედუკაძე.
სხვათა შორის, ბედუკაძეს საქართველოშიც არ აკლდა მეხოტბეები და მას ქვეყნის გადამრჩენელად მიიჩნევდნენ... უწმინდესთანაც მიიყვანეს და დაალოცვინეს... იქნებ, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, მართლაც, შეიცვალა ბედუკაძის მსოფლმხედველობა?!
უფროსი ძმა და “სასარგებლო იდიოტები”
მერამდენე საუკუნეა, რუსეთი გვარწმუნებს, რომ ქართველი ერის გადამრჩენელია და საქართველოში ამის ვიღაცებს სჯერათ. სჯერათ მტკიცედ და უპირობოდ, ყოველგვარი კრიტიკისა და ანალიზის გარეშე.
რატომ?
ფსიქოლოგიაში, დიდი ხანია, დამკვიდრდა ტერმინი “სტოკჰოლმის სინდრომი”, რომელიც ასახავს მსხვერპლის ტრავმულ თავდაცვით-ქვეცნობიერ კავშირს აგრესორთან და მის მიმართ სიმპატიას. აგრესორის მხრიდან ძლიერი შოკის ზეგავლენის გამო, მსხვერპლი ამართლებს აგრესორის საქციელს, მოქმედებას, უპირობოდ იზიარებს მის იდეებს და, ერთი სიტყვით, მარტივად რომ ვთქვათ, უყვარდება მოძალადე.
“სტოკჰოლმის სინდრომი” მსოფლიოში ცნობილი ფენომენია და ამ “ფენომენით დაავადებულ” ქვეყნებს შორის, სამწუხაროდ, საქართველოცაა. ამ თემის ღრმა ანალიზი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ლენინის ცნობილი სიტყვები - “სასარგებლო იდიოტები” მინდა გავიხსენო და აი, რატომ:
არის ადამიანთა კატეგორია (საკმაოდ ბევრი), რომელიც მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე, მტრის პოზიციაზე გადადის, მის დავალებებს ასრულებს და ამ სამსახურისათვის გარკვეულ ანაზღაურებას, ან რამე პრიორიტეტს იღებს. არის ადამიანთა მეორე კატეგორია (გაცილებით მეტი, ვიდრე პირველი), რომელიც ძლიერის მიმართ უპირობო მორჩილებისთვისაა მზად. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ძლიერი და რა მიზნები აქვს, მაღალი ზნეობის მქადაგებელია თუ - პირიქით, ქვეყნის მტერია თუ პატრიოტი. მთავარია, იყოს ძლიერი, რომ მის მიმართ ძრწოლვასა და ფანატიკურ მორჩილებას გრძნობდეს.
ასეთი ადამიანებით მანიპულირება ძალიან იოლია. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, სიცოცხლე გაწირონ ძლიერისთვის და არაფერი მოითხოვონ სანაცვლოდ. სწორედ ასეთ ხალხს უწოდებდა ლენინი “სასარგებლო იდიოტებს”.
ასე უყვარდათ ჰიტლერი.
ასე უყვარდათ სტალინი და ასე უყვართ პუტინი!@
რაც შეეხება პუტინს, საქართველოს ერთი მესამედი ოკუპირებული აქვს და ე.წ. სასაზღვრო ზოლს სულ უფრო აფართოებს. ახლახან, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებში უნდა მოექცეს ყაზბეგის, ბაკურიანის, ბორჯომისა და თრიალეთის მხარე. საბოლოო ჯამში, როგორც რუსული საინფორმაციო წყაროები აცხადებენ, რუსეთსა და სომხეთს შორის საზღვარი უნდა გაკეთდეს.
რაც შეეხება ჯავახეთს, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, სეპარატისტები სომხეთთან მიერთებას მოითხოვენ. გამოუვათ ეს თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ მართლაც, ასე მოხდა, მაშინ საქართველო ორად გაყოფილი აღმოჩნდება და შუაში “სამხრთ ოსეთის რესპუბლიკა” იქნება, რომელსაც სომხეთთან ექნება საზღვარი.
მინდა, დავსვა შეკითხვა: ვართ რუსებისათვის “სასარგებლო იდიოტები?
ჩუკენობა და “ბუსუსებიანი” პრეზერვატივი
გიგი უგულავა, უფლებამოსილებაშეჩერებული ქალაქის მერი, ქართულ პოლიტიკაში სიტყვა “ჩუკენობის” დამამკვიდრებელია. ამ სიტყვის შინაარსი ბევრმა არ იცოდა და კორუფციაში მხილებული უგულავას დამსახურებაა, რომ ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, თუ რას ნიშნავს ჩუკენობა.
თითქმის ერთი წელია, უგულავასა და მის თანაგუნდელებს სასამართლოში დაატარებდნენ და წლის ბოლოს, როგორც იქნა, პროკურატურამ ქალაქის მერი “დააჩუკენა”.
აი, რაც შეეხება “ბუსუსებიან” პრეზერვატივს, 2013 წლის დასაწყისში, სწორედ ამ საკითხის განხილვით დაიწყო მუშაობა ახალმა პარლამენტმა. თითქმის ერთი თვე ამ თემის განხილვით იყო დაკავებული და ბოლოს, გადაწყდა და დამტკიცდა: აიკრძალოს “ბუსუსებიანი” პრეზერვატივის გაყიდვა. “არაბუსუსებიანი” პრეზერვატივი კი, გაიყიდოს აფთიაქებში, რომლებიც შორს იქნება საბავშვო მაღაზიებისა და დაწესებულებებისგან!
სხვათა შორის, “ბუსუსებიანი” პრეზერვატივის არსებობის შესახებ საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ (მათ შორის, წამოჩიტულმა თინეიჯერებმაც) პარლამენტისგან შეიტყო. ამის შემდეგ, მოხდა დაუჯერებელი ამბები, თუმც რატომ დაუჯერებელი?! - პარლამენტარების ერთთვიანმა ბჭობამ “ბუსუსებიანი” პრეზერვატივის აკრძალვაზე, ლოგიკური შედეგი გამოიღო - მათი გაყიდვა გაასმაგდა. ადამიანი ასეა მოწყობილი: რასაც კრძალავენ, თან დაბეჯითებით, სწორედ ის აინტერესებს!
ხუხაშვილის სინდრომი
2013 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბიზნესსა და, საერთოდ, ყველა სფეროში გია ხუხაშვილი გახლდათ.
მართალია, დღეს ვნებათაღელვა ხუხაშვილის მისამართით ჩაცხრა, მაგრამ თუ წლის მოვლენებს ვაანალიზებთ, ხუხაშვილის გამოტოვება არ ეგების.
როცა კრემლის სასახლეში ერთ-ერთი ქართული ფოლკლორული ანსამბლის გალაკონცერტი გაიმართა, ქართული მასმედია (სოლიდური ნაწილი), თუ როგორ გამოეხმაურა ამ ფაქტს, ცნობილია და ამაზე არ შევჩერდები. ამ დროს, ბატონი გია ხუხაშვილი ექსსაგარეო მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის წერილს აქვეყნებს. თურმე, სწორედ “ვარდოსნების” მთავრობის დროს, მაშინ, როცა რუსული აგრესია სრულიად საქართველოს საყოველთაო გმობისა და შეურიგებლობის საგანი იყო, “ვარდოსნების” საგარეო მინისტრმა ოფიციალური წერილით, თხოვნით მიმართა რუსეთის მთავრობას, რათა ქართული ცეკვის ანსამბლს კრემლში კონცერტები გაემართა. ცხადია, კრემლმა უარი შემოუთვალა. სწორედ ეს წერილი აუფრიალა ხუხაშვილმა საზოგადოებას. ეს იყო შოკი ყველასთვის და, პირველ რიგში, “ვარდოსნებისათვის”.
გარდა ამისა, ბატონი ხუხაშვილი “კვერცხების რამდენიმე მილიონიანი ბიზნესის ლობისტად” გამოაცხადა. ერთი სიტყვით, პრესა აჭრელდა, ტელევიზიით სიუჟეტები გავიდა და ბატონი გია მოიხსენიებოდა, როგორც “ახალი ბიზნესკლანების დამაარსებელი”, “ბიზნესმენების მოძღვარი და მათი აღსარებების ჩამბარებელი” და ა.შ.
მართალია, ხუხაშვილს კრიტიკისა და შეჩვენების ცუნამი დაატეხეს, მაგრამ ამით სულაც არ იყო შეღონებული, პირიქით, იხუმრა კიდეც, ხალხს “ხუხაფობია” დაემართა, “ლეგენდარულ იმიჯს” მიქმნისო და... ჩრდილში გადავიდა.
“ბოდიში, რომ გაწამეთ!”
2013 წლის ყველაზე დიდი შოკი საიდუმლო სამალავები გახლდათ - სხვადასხვა იარაღის დიდი არსენალითა და კასრებით, რომლებშიც 12 000 ვიდეო (ადამიანის სასტიკი წამებისა და ღირსების შეურაცხმყოფელი “სანახაობა”) იყო. წამებისა და გაუპატიურების შემზარავი ფაქტები, რომლებიც ვიდეოებში აღმოჩნდა, ნორმალური ადამიანის წარმოსახვისათვის წარმოუდგენელი და შემზარავია. სამალავის აღმოჩენას მოჰყვა ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბოდიშები.
ვანო მერაბიშვილმა განაცხადა: “ვფიქრობდი, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიამაყებდი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმებით, მაგრამ თუ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციელებმა მონაწილეობა მიიღეს ადამიანების წამებაში, ეს ჩემს წარმატებას ეჭვის ქვეშ დააყენებს. მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მინისტრობის დროს პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მინდა, ბოდიში მოვუხადო ათასობით პოლიციელს, ვინც ჩემთან ერთად არ დაიშურა ენერგია და დაუღალავი შრომის, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, საქართველო აქცია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს პარტიულ მეგობრებს, რომლებმაც მანდეს ეს საპასუხისმგებლო თანამდებობები და მეხმარებოდნენ რეფორმების განხორციელებაში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცემის, წამების და არასათანადო მოპყრობის გამო, რამდენიმე ასეული პოლიციელის დასჯის ფაქტი საკმარისი იქნებოდა, რომ მსგავსი პრაქტიკა პოლიციიდან მთლიანად აღმოფხვრილიყო, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ჩემს სისტემაში გამოვლინდა დანაშაული, რომლის გამოც დღეს მე საზოგადოებას და ათასობით პატიოსან პოლიციელს ბოდიშს ვუხდი”.
სააკაშვილმა კი, ყველაფერი კუდ-ის შემქმნელ ჩხატარაშვილსა და ქარდავას გადააბრალა და მანაც ბოდიში მოიხადა. წინა ხელისუფლების მთავარი ტელევიზიის გადაცემა “პოსკრიპტუმის” ავტორმა კი, პირდაპირ ეთერში განაცხადა: “არ მსურს დავემსგავსო იმ ადამიანს, რომელსაც დღესაც სჯერა, რომ “სტალინმა არ იცოდა!”
რიგი ნეგატიური მოვლენების მიუხედავად, 2013 წელი მაინც პოზიტიური იყო, რადგან ქართულ პოლიტიკაში ძირეული გარდატეხა მოხდა.
ახალი პრეზიდენტი, ახალი პრემიერი
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა. ეს ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარდამტეხია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ექსპერტთა შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატული იყო და ქვეყნის სათავეში, პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილი მოვიდა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და პრემიერ-მინისტრის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა.
ახალმა მთავრობამ პირველი და ყველაზე დიდი გამარჯვება ვილნიუსის სამიტზე აჩვენა - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა. მომავალი წლის ზაფხულში, უკიდურეს შემთხვევაში, შემოდგომაზე, წესით და კანონით, საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი უნდა გახდეს.
საქართველოში, “სასარგებლო იდიოტების” გარდა, პატრიოტი ქართველებიც არიან და მათი რიცხვი არცთუ მცირეა. გზა ვროკავშირამდე მარტივი არ იქნება და ამის მაგალითი უკრაინაა.
ახლახან, ევროკავშირის მაღალი ტრიბუნიდან ითქვა: “რუსეთის მხრიდან მრავალი პროვოკაციაა დაგეგმილი საქართველოსთან მიმართებაში, რათა საქართველომ ისევე, როგორც უკრაინის მთავრობამ, ბოლო მომენტში, უარი თქვას ევროკავშირზე. ამიტომ, უმჯობესია, რაც შეიძლება ჩქარა მივიღოთ საქართველო ევროკავშირის ასოცირებულ წევრად. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა ავარიდოთ იმ სერიოზულ პრობლემებს, რომლებსაც რუსეთის მთავრობა უმზადებს”.
2014 წელი, როგორც ჩანს, რთული და უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსათვის.
P.S. რამდენიმე დღის წინ სტალინისტმა ქართველებმა ბელადის დაბადების დღე იზეიმეს და ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ:
როცა სტალინმა საქართველოს ოკუპაცია დაასრულა, საქართველოში (მოიხსენიებდა, როგორც “რუსეთის პატარა ტერიტორიას, რომელსაც საქართველო ჰქვია”) ვიზიტი დაგეგმა და ჩამოვიდა. შეხვდა მუშათა კლასს სამთავრობო სასახლეში, უნივერსიტეტში და ორივეგან დახვდნენ შეძახილებით:
“გამყიდველო!”
“მოღალატე!”
“მკვლელო!”
მოსკოვში დაბრუნებულმა ხალხთა ბელადმა საქართველოსადმი დამოკიდებულება გამოხატა ერთი ფრაზით: “საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი” (სტალინი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, 1921 წლის ივნისი).
სტალინი მთელი ცხოვრება ამ ფრაზის სისრულეში მოყვანით იყო დაკავებული და ამაში ქართველი “სასარგებლო იდიოტები” ეხმარებოდნენ.
ნუ ვიქნებით რუსეთის “სასარგებლო იდიოტები” 21-ე საუკუნეში!
დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!