„ეს იქნება შიმშილობა სიკვდილამდე“

„ეს იქნება შიმშილობა სიკვდილამდე“

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი დეციმეტრული სიხშირის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს. უკვე დაიდო დასკვნა, სადაც აღწერილია დეტალურად, თუ როგორ წაართვეს „ობიექტივს“ სიხშირე, ეს დასკვნა უახლოეს მომავალში გადაეგზავნება პროკურატურას და დაიწყება გამოძიება. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მათ უკვე მიმართეს მარეგულირებელ კომისიას, ასევე ხელისუფლებას, რომ იხელმძღვანელონ კომისიის დასკვნით, სადაც დადასტურებულია, რომ „ობიექტივს“ წაართვეს სიხშირე და მარეგულირებელმა კომისიამ მათ გამოუყოს ალტერნატიული სიხშირე მანამ, სანამ დაიწყება გამოძიება.

რა გზას ირჩევს იმ შემთხვევაში თუკი მათ არ გამოუყოფენ ალტერნატიულ სიხშირეს, ამ საკითხებზე for.ge. ირმა ინაშვილს ესაუბრა.

რა ვითარებაა დღესობიექტივთანმიმართებაში?

ირმა ინაშვილი: იცით, რომ 2005 წელს ობიექტივს წაართვეს 35-ე ანუ თბილისზე მაუწყებელი ტელეარხი, ანუ დეციმეტრული სიხშირე. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ „ობიექტივმა“ ჩაატარა გამოძიება და აჩვენა, რომ 40-ზე მეტ მესაკუთრეს წაართვა სააკაშვილის რეჟიმმა კუთვნილი არხები და შემდეგ ეს არხები ფორმდებოდა სააკაშვილის რეჟიმის მაღალაჩინოსნებზე. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მოხდა „ობიექტივთან“ მიმართებაში, როდესაც ამ ტელევიზიის ხელმძღვანელობას მუდმივად ემუქრებოდნენ, იყო ზეწოლა ჩვენს დირექტორზე მიხეილ აგლაძეზე, რომ მას დაეთმო ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი და სასტიკად იყო ნაცემი. დღეს ის ინვალიდია იმიტომ, რომ დაკარგა სმენა.

ამის შემდეგ მოხდა ტელეკომპანიის წართმევა. რამდენიმე უკანონო მესაკუთრე გამოიცვალა ობიექტივმა. თავდაპირველად იყო სტომატოლოგი ვინმე კაკაურიძე, რომელზეც ასევე გაფორმებული იყო ტელეკომპანია „იბერიაც“, ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონის უხეში დარღვევა. არ შეიძლება ერთი პირი ორ სხვადასხვა ტელეკომპანიაში ფლობდეს საკონტროლო პაკეტს. იმ პერიოდში არავინ არ აქცევდა ყურადღებას ირღვეოდა თუ არა კანონი. კანონი იყო მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

ამის შემდეგ, კაკაურიძემ, უკვე, ეს ტელევიზია გადასცა ნოდარ ჭარხალაშვილს, მისგან გადაეცა ბიზნესმენ გურამ კვირიკაშვილს, ხოლო კვირიკაშვილმა ეს ტელევიზია და მისი ლიცენზია აჩუქა სახელმწიფოს. სხვისთვის წართმეული არხი აჩუქა სახელმწიფოს. მე ვესწრებოდი მარეგულირებელი კომისიის იმ სხდომას, სადაც მოხდა „ობიექტივის“ ლიცენზიის გადაცემა სახელმწიფოსთვის და კარგად მახსოვს, რომ 2008 წელს მარეგულირებელი კომისიის ყველა წევრს, რომელიც მაშინ სხდომას მართვადა, ვუთხარი, რომ დადგებოდა საქართველოში დრო, როცა ისინი ამის გამო პასუხს აგებდნენ.

პარალამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც დაიწყო წართმეული ტელეარხების საქმის შესწავლა, მათ შორის იყოობიექტივი“, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით?

- დიახ, ჩვენ დავესწარით ამ კომისას, მივეცით ჩვენებები, ჩვენება მისცა ასევე ჩვენმა დირექტორმაც. კომისიამ მოუსმინა საპირისპირო მხარესაც დიმიტრი ქიტოშვილს, გურამ კვირიკაშვილს და ა.შ. კომისიამ უკვე მოამზადა დასკვნა, სადაც გამოძიებულია და დადასტურებულია, რომ „ობიექტივს“ სიხშირე წაართვეს უკანონოდ. ჩვენი სიხშირე წართმევის შემდეგ გადაეცა ტელეკომპანია „ალანიას“, მაგრამ საპარალამენტო კომისიის ამ დასკვნას იურიდიული და სამართლებლივი ძალა არ აქვს, ეს არის მორალური აქტი, ჩემთვის როგორც დაზარალებულისთვის.

ეს მორალური აქტი გადაეცემა პროკურატურას და უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიება რამდენ ხანს გაგარძელდება კაცმა არ იცის, ჩვენ ვართ მოქმედი ტელევიზია, რომელიც კარგავს აუდიტორიას. 10 წლის განმავლობაში, ერთი მხრივ მივიღე ზიანი როგორც ჟურნალისტმა და მედია ორგანიზაციამ და მეორე მხრივ მესაკათურემ მიიღო ზიანი. დღეს კიდევ მეუბნებიან, რომ დრო უნდა გავიდეს და ამის შემდეგ კანონიერად წართმეული სიხშირე ან დაგიბრუნდება, ან არაო, არავინ იცის გამოძიება როგორ წავა. მე, პრეტენზია, რომ 35-ე არხი დღესვე მომცენ, არ მაქვს, დაიწყონ გამოძიება და დასრულდეს როცა იქნება.

მაშინ, დღეს რას ითხოვთ?

- ყველაზე პრიორიტეტული საქმე იყო „ობიექტივი“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული. სახელმწიფომ გამოყოს ალტერნატიული სიხშირე „ობიექტივისთვის“. ჩვენ მოქმედი ტელევიზია ვართ, ძალიან დიდი მაყურებელი გვყავს და ირღვევა კონტიტუციის 24-ე მუხლი, იმიტომ, რომ იზღუდება ინფორმაციის გავრცელების საშუალება.

ეკონომიკის სამინისტროს თუ მიმართეთ, რადგან ეკონომიკის სამინისტროს აქვს თავისუფალი სიხშირეები?

- მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ წერილობით მომწერეს, რომ ჩვენ ამ სიხშირეს ვერ გავცემთ, იმიტომ, რომ თურმე, ჩვენი ქვეყანა 2015 წელს უნდა გადავიდეს ციფრულ მაუწყებელზე და აი, 2015 წელს ციფრული მაუწყებელი იქნება და დეციმეტრული არხები აღარავის არ დასჭირედება და დღეს ჩვენ ამ ლიცენზიას არ გავცემთო.

მიმაჩნია, სახელმწიფო ფლობდეს სიხშირეებს, ჰქონდეს გაყინული და ამ დროს ტელევიზიას არ ჰქონდეს საშუალება მაუწყებლობის არეალი გააფართოვოს, ეს არის მავნებლობა და დანაშაული. ჩემი ინფორმაციით, ამჟამად 35-ე დეციმეტრული სიხშირით საეთერო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „TV 3“ მაუწყებლობს. ალტერნატიული სიხშირის გამოყოფა ძალიან ადვილია სახელემწიფოსთვის, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება.

რატომ არ არსებობს ხელისუფლების მხრიდან მაშინ ეს პოლიტიკური ნება, ვის გულისხმობთ?

- აქ მე ვგულისხმობ სახელწიფოს პირველ პირებს. მათ პოლიტიკურ ნებას, იგივე ეკონომიკის სამინისტროს, რომელზეც უშუალოდ არის დამოკიდებული თავისუფალი სიხშირეების გაცემის საკითხი, აი, ამ ნებას ვერ ვხედავ. გამაოგნებელია, რომ თავისუფალი ტელევიზია არეალს ვერ აფართოვებდეს და შენ სახელმწიფოს ჰქონდეს დაკონსერვებული ტელეარხები.

როგორც ვიცი აპირებთ შიმშილობის დაწყებას, მაგრამ თუ კი ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, როდემდე უნდაშიმშილოთ?

- მე არ მითხოვია ახალი ხელისუფლებისთვის თანამდებობა, კეთილდღეობა არც პირადი კომფორტი. ერთადერთი მოლოდინი რაც მე მქონდა ეს იყო, რომ „ობიექტივს“ დაბრუნებოდა კუთვნილი სიხშირე, მაგრამ მივიღეთ წერილი ეკონომიკის სამინისტროდან და გვეუბნება, რომ შეუძლებელია სიხშირის გაცემა, 2015 წელს დაელოდეო. ვეკითხები ეკონომიკის მინისტრს, მოადგილეებს, ხელისუფლების წევრებს, თვითონ რომ რაღაცა პრობლემა ჰქონდეთ 2015 წლამდე დაიცდიან?

სააკაშვილის რეჟიმის დროსაც კი არ მიმიმართავს პროტესტის ამ ფორმისთვის. მაშინ უამრავი პრობლემა იყო, დიქტატურა იყო, რეჟიმი იყო, მაგრამ მე არ ვიყავი იმ მდგომარეობაში, რომ ასეთი განცხადება გამეკეთებინა. დღეს მე შეურაცხყოფილი ვარ, წართმეული მაქვს ყველანაირი საშუალება როგორც მედია-საშუალების მფლობელს და ჟურნალისტს, ამავდროულად, მე ვხედავ, რომ სამართლიანობა „ობიექტივთან“ მიმართებაში კიდევ დიდხანს არ აღსდგება და ამიტომ, დასაკარგი რა არის? - არც არაფერი.

დიახ, ჩემი მეგობრები და ჩემი ძველი თანამოაზრეები არიან ხელისუფლებაში, მათ მინდა ვაჩვენო მაგალითი, რომ არ ბნელა და არ მოხდება საქართველოში ისე, რომ იყოს დაკოსერვებული სიხშირეები და ჟურნალისტებს არ ჰქონდეთ საშუალება განავითარონ მათი პროფესიული მოვალეობა. შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ ფიზიკურად ამას აიტანს ირმა ინაშვილი და ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ვინც მიცნობს კარგად იცის, რომ ტყუილად ასეთ განცხადებებს არ ვაკეთებ და თუ დავიწყე შიმშილობა, მაშინ ეს იქნება შიმშილობა სიკვდილამდე.