ევროსაბჭო საქართველოს მდგომარეობაზე „რეალურ და ობიექტურ“ ანგარიშს ამზადებს. „ბებერი კონტინენტის“ წარმომადგენლები განსაკუთრებით ინტერესდებიან საკითხით, არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები, ირღვევა თუ არა ქვეყანაში მედიის თავისუფლება, და საერთოდ, რამდენად დემოკრატიული ქვეყანაა საქართველო. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ევროპელებს არსებულ სიტუაციაზე ობიექტური სურათი მიაწოდეს.
– ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი დაინტერესებულია, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ რეალური და ობიექტური ანგარიში მოამზადოს, – ეს განცხადება მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა, მაიკლ იენსენმა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
– „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს რეფორმები და ყველა სფეროს დემოკრატიზაციის პროცესი, ასევე, ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა; განსაკუთრებით საინტერესოა საკითხი, არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები, არღვევს თუ არა ვინმე მედიის თავისუფლებას და საერთოდ, რამდენად დემოკრატიული ქვეყანაა საქართველო“, – აღნიშნავს იენსენი.
ამასთან, მან გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული მიმართულებებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან საკმაო ინფორმაციას მიიღებს.
– „ჩვენ ამ ინფორმაციას აუცილებლად შევიტანთ ჩვენს ანგარიშში, რადგან დაინტერესებულნი ვართ, რომ ანგარიში იყოს ობიექტური, ყველა რეალური ინფორმაციის შემცველი“, – აცხადებს მაიკლ იენსენი.
ევროსაბჭოს წარმომადგენელმა შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა მინსიტრ ვანო მერაბიშვილთან და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანთან შეხვედრაც.
– „ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედერა. ჩვენ მათ გვითხრეს, როგორ ცდილობენ, მათი უწყებები გახადონ გამჭვირვალე. მე დავინახე, რომ ამ მხრივ საკმაოდ კარგი მდგომარეობაა; ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ამ ინფორმაციასაც, რა თქმა უნდა, შევიტანთ ჩვენს ანგარიშში“, – დასძენს იენსენი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები, მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ.
თავის მხრივ ქართველმა უფლებადამცველებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ რამდენიმე კვლევა და დასკვნა გადასცეს. ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თამარ ხიდაშელის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ქართველ უფლებადამცველებს საკმაოდ ბევრ კითხვას უსვამდნენ საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავიშრებით და მათგან რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის და ფაქტობრივი გარემოების მოსმენა სურდათ.
„ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში სასამართლო სისტემაში, ასევე, პეიტენციარულ სისტემაში არსებულ პრობლემებზე და ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე; ასევე, პატიმრების ცემის ფაქტებზე; პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე”, – აცხადებს თამარ ხიდაშელი.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის განცხადებით კი, მან დღევანდელ შეხვედრაზე სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში რამდენიმე ოსი მოქალაქის გაუჩინარებისა და მათი უფლებების დარღვევის შესახებ.
„ასევე, ვისაუბრეთ პოლიტპარტიმრების, ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.
„განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები; კერძოდ, აშკარად ჩანდა, რომ ამ არჩევნებზე მედია არ იყო დაბალანსებული და ელექტრონული მედიის ნაწილი მიკერძოებულია,“ – აცხადებს ლაშა ტუღუში.
მისივე თქმით, იგი საუბრობს მედიის კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობაზე; განსაკუთრებით, საკუთრების უფლების თვალსაზრისით.
- „ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური გამჭვირვალობის, რეკლამის, ლიცენზირების გამარტივების საკითხი და, რა თქმა უნდა, სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხი“, – აცხადებს ლაშა ტუღუში.