ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია გახდა „პრორუსული

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია გახდა „პრორუსული", ორი წლის განმავლობაში სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობდნენ, არ შეიძლება, ორი წელი ლაპარაკობდე ერთს და შემდეგ სცადო ერთ დღეში ამ ყველაფრის შეცვლა

რადიკალური ოპოზიცია გახდა „პრორუსული" - არ შეიძლება, ორი წელი ლაპარაკობდე ერთს და შემდეგ სცადო ერთ დღეში ამ ყველაფრის შეცვლა, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ყველაფერს სათანადო შეფასებას მისცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალური ოპოზიცია მმართველ გუნდს პრორუსულ ძალად აცხადებდა იმის გამო, რომ საქართველო სანქციებს არ მიუერთდა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები არ გაგზავნა, დღეს კი თავად საუბრობს რუსეთთან მეტი ეკონომიკური ურთიერთობების აუცილებლობაზე.

„რადიკალური ოპოზიცია გახდა „პრორუსული". გახსოვთ, პრორუსულ ძალად გამოგვაცხადეს 2022 წლის თებერვალ-მარტიდან, ძირითადად ორი მიზეზის გამო - სანქციებს არ შევუერთდით და მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით. ეს იყო ორი აგრესიული მოთხოვნა, რომელიც მაშინ დაგვიყენეს და იმის გამო, რომ ეს ყველაფერი არ გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით ქვეყანა მეორე ფრონტისგან დავიცავით, გამოგვაცხადეს პრორუსულ ძალად. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, ახლა იმას ლაპარაკობენ ორი წლის თავზე. მადლობა ღმერთს, 21-ე საუკუნეა, არსებობს არქივი, ერთ წამში შეგიძლია ამოიღო მათი ძველი განცხადებები და ყველაფერი ხელის გულზე დევს, როგორ ითხოვდნენ  ისინი სანქციებთან მიერთებას, როგორ გმობდნენ სანქციებთან არმიერთებას, როცა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რა განცხადებები კეთდებოდა მებრძოლ მოხალისეებთან დაკავშირებით და ა.შ. გახსოვთ, რამხელა  აგრესია მოჰყვა, როცა რუსეთის გადაწყვეტილებით ფრენები აღდგა - ეს მათი გადაწყვეტილება იყო, ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში არ ჩავრეულვართ; გახსოვთ იგივე ბათუმში როცა ჩამოდგა გემი, რომელსაც გადაჰყავდა კრუიზის მონაწილე ტურისტები, რამხელა აგრესიით შეხვდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები. ვერაფრით ვერ ახსნეს და დღემდე ვერ ახსნიან, რა განსხვავებაა მაგალითად, ყაზბეგში რომ შემოდის ჩვეულებრივი საზღვრიდან რუსი ტურისტი და როცა კრუიზით შემოდის ბათუმში რუსი ტურისტი. ამხელა ნონსენსთან გვაქვს ხოლმე საქმე. დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ რაც მეტი ტურისტი შემოვა რუსეთიდან, მით უკეთესი, რაც მეტს ვივაჭრებთ რუსეთთან, მით უკეთესი, რაც მეტი ეკონომიკური ურთიერთობა იქნება, მით უკეთესი, ეს ყველაფერი ფრენებზეც ვრცელდება", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მათი მხრიდან რიტორიკის შეცვლა აღიარებაა, ვინაიდან, უყურებენ კვლევებს და ხედავენ, რომ ხელისუფლებას გასული ორი წლის განმავლობაში გატარებული პრაგმატული პოლიტიკის გამო ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.

„მშვიდობის შენარჩუნება, რაც არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ გაგვეზარდა რეიტინგი. მეორე - ეკონომიკური წინსვლა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ გვაქვს ისტორიულად ყველაზე მაღალი რეიტინგი დღევანდელ დღეს და უნდათ, ამ მესიჯებს, უხეშად რომ ვთქვათ, დააჯდნენ, თუმცა, რეალურად ამ ყველაფერს წარმატება ვერ ექნება, ვინაიდან შეგვიძლია, ძალიან მარტივად ამოვიღოთ არქივი, რომლითაც დასტურდება, რომ ორი წლის განმავლობაში ისინი სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობდნენ. არ შეიძლება, ორი წელი ლაპარაკობდე ერთს და შემდეგ სცადო ერთ დღეში ამ ყველაფრის შეცვლა. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ყველაფერს სათანადო შეფასებას მისცემს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.