კუდ-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდა. ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ოლეგ ფაცაცია, რაც შეეხება მეგის ქარდავას მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე მოთავსებულ პატიმარ მალხაზ არქანიას მეგის ქარდავამ მოსთხოვა გაურკვეველი ტერორისტული აქტების მომზადებაში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ ტერორისტულ აქტებში მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუპატიურებით დაემუქრა.
არქანიასგან კატეგორიული უარის მიღების შემდეგ, მეგის ქარდავას მითითებით სად-ის მე-8 დაწესებულების თანამშრომელმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, იგი ჩაიყვანა ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს დაუდგენელი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი, რის შემდეგაც მეგის ქარდავა მალხაზ არქანიას დაემუქრა, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც იგივე ბედი ეწეოდა. უარის მიღების შემდეგ მეგის ქარდავამ, ვიქტორ ყაჭეიშვილთან, ოლეგ ფაცაციასთან და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად მალხაზ არქანია სასტიკად აწამა.
პატიმრის ცემა-წამება რამდენიმე საათი გრძელდებოდა. გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლამდე პერიოდში ე.წ. „ტერაქტების“ საქმის ფარგლებში მალხაზ არქანიას დაკითხვა არაერთხელ მოხდა, რა დროსაც ხდებოდა ცემა-წამებით მისი დაპირისპირება იმავე საქმეში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან.
„მალხაზ არქანიას საბოლოოდ ფსიქოლოგიურად გასატეხად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება, რისი დაფიქსირებაც მოახდინეს ფოტოკამერაზე, სურათი კი მეგის ქარდავას გადასცეს.
ცემის, წამების, ფოტოსურათების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, მალხაზ არქანია იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი ე.წ. აღიარებითი ჩვენებისთვის. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს სასურველი ჩვენების მისაღებად, მეგის ქარდავამ მალხაზ არქანიას თავზე იარაღი მიადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.
ასევე ზეწოლის შედეგად მალხაზ არქანია აიძულეს უარი ეთქვა მისი უფლებების დამცველ ადვოკატებზე. მასზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მალხაზ არქანიამ თვითმკვლელობაც სცადა“, - აღნიშნა პროკურორმა ლაშა მაღლაკელიძემ.
გამოძიება გრძელდება სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით. მალხაზ არქანიას საქმეს გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრი. სოზარ სუბარის განცხადებით, მალხაზ არქანიას საქმე ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია წამების იმ მრავალი ფაქტიდან, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა.
„მალხაზ არქანია ერთადერთი ადამიანია, რომლის საქმე გახმაურებისთანავე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია და გამოძიება არც კი დაწყებულა. დღეს გამოძიება ჩატარდა, ბოლომდე მივიდა, გამოვლენილი არიან დამნაშავეები და ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს.
ეს არის ერთი ნათელი, მკაფიო, მაგრამ მაინც მცირედი მაგალითი წამების იმ მრავალრიცხოვანი ფაქტიდან, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. არქანიას წამებაში ბრალდებულ ადამიანებს ბრალი ედებათ ძალიან ბევრ სხვა საქმეშიც. ორი მათგანი თეთრაძის წამებაშიც მონაწილეობდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, მეგის ქარდავას სახელს პარლამენტის წინაშე ყველა მოხსენებისას, როგორც ერთ-ერთ მწამებელს, ისე მოიხსენიებდა.
„ელენე თევდორაძე, რომელიც უმრავლესობის წევრი იყო, ყოველთვის ახსენებდა მეგის ქარდავას, როგორც ერთ-ერთ მწამებელს, მაგრამ ამას ყურადღება არ ექცეოდა. შაშკინის მიერ სხვა ტიპის განცხადებების კეთებას სჯობდა, ყურადღება მიექცია ამ ადამიანების წამებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ნაწამები არქანია პირადად ნახა ციხეში საპარლამენტო უმრავლესობის წევრვა, ეკა ბესელიამ. პარალამენტის ადამანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს, რომ მას წამების კვალი აღენიშნებოდა და შველას ითხოვდა.
„ეს არის თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უმძიმესი დანაშაული და ვითხოვ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა, მკაცრად იყოს დასჯილი. მალხაზ არქანიას წამების თაობაზე ინფორმაცია 2011 წლიდან არსებობს, რასაც შესაბამისი რეაგირება თავის დროზე უნდა მოჰყოლოდა. პირადად ვნახე მალხაზ არქანია, რომელიც საშინლად იყო ნაწამები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მალხაზ არქანიას ადვოკატის განცხადებით, ამ დანაშაულის ავტორი და ორგანიზატორი არის მეგის ქარდავა. ლექსო არქანია ასევე ასახელებს იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც ამ დანაშაულის შემსრულებლები იყვნენ. ადვოკატის განმარტებით ბრალდება თავისი მტკიცებულებებით მყარია.
„ლაშა ყოლბაია, ყაჭეიშვილი, ფაცაცია, მუხაძე და სხვა თანამდებობის პირები იყვნენ ამ დანაშაულის აღმსრულებლები. ქარდავას დაცვის მხარეს გადაეცემა ეს დოკუმენტები და თვითონ მიხვდება, რამდენად მყარად დგას ამ შემთხვევაში პროკურატურა, იმ ბრალდებაზე, რომელსაც მოიცავს ბრალდება კონკრეტულ პირთან მიმართებაში.
არიან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები, რომლებიც შეესწრნენ მალხაზ არქანიას წამებას და არიან ასევე პატიმრები რომლებსაც აპირისპირებდნენ მალხაზ არქანიას და ამ პატიმრებმა გამოძიებას მისცეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არის სხვა ჩვენებებიც, რომლითაც შექმნილია უტყუარი მტკიცებუელბა და ეჭვი მეპარება, რომ მისი გარღვევა შეძლოს მეგის ქარდავამ და სხვა ბრალდებულებმა“, - აცხადებს for. ge - სთან საუბრისას ლექსო არქანიამ.
საქმის მასალები ჯერ არ უნახავს ქარდავას ადვოკატს, თუმცა მალხაზ ველიჯანაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურას გაუჭირდება ქარდავას ბრალეულობის დამტკიცება.
„მტკიცებულება არის მხოლოდ მოწმის ჩვენება და არანაირი სხვა მტკიცებულება არ არსებობს. მოწმეები არიან ბედუკაძე ე.წ. ბასტი და ბუბუ, ასევე სისაური და ტერაშვილი, რომლებიც ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრმლობენ და სადუნიშვილი, რომელიც ყველა პროცესზე დადის და ამბობს, რომ ის შეესწრო ყველა დანაშაულს, რომელიც თითქოსდა ჩაიდინა მეგის ქარდავამ. მეგის ქარდავაზე ბევრ საქმეში დადგება გაგამართლებელი განაჩენი და ამის გამო გადაწყვიტეს წარედგინათ ბრალი არარსებული მტკიცებულების საფუძველზე“, - ამბობს მალხაზ ველიჯანაშვილი.