ევროკომისიის დაკვეთით ორგანიზაცია Ipsos-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების ორი მესამედი უსაფრთხოებით არის შეშფოთებული.
გამოკითხულთა დაახლოებით 47%-მა განაცხადა, რომ ისინი „საკმაოდ შეშფოთებულნი არიან“ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირის უსაფრთხოებით, 17% კი ამბობს, რომ „ძალიან შეშფოთებულია“. ყველაზე მეტად უსაფრთხოების საკითხები პორტუგალიის მოქალაქეებს აწუხებთ, შემდეგ მოდის გერმანია.
Ipsos-მა ონლაინ გამოკითხვა ივნისი-ივლისის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა ევროკავშირის 25 ათასამდე მოქალაქემ მიიღო.
გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების დაახლოებით 58% კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით, 37 % კი – პესიმისტურად.
მოქალაქეების დაახლოებით 50% მიიჩნევს, რომ ევროკავშირისთვის ამჟამინდელი ყველაზე დიდ გამოწვევა უკრაინის ომია, ხოლო გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა არალეგალური მიგრაციაა.