ალექსანდრე რაქვიაშვილი:

ალექსანდრე რაქვიაშვილი: "გამიკვირდება, რომ 4000 კაცზე მეტი მოვიდეს, განცხადებები, რომ სპეცრაზმი არ ეყოფა მთავრობას, ცოტა უხერხულია იმ არასერიოზულობის ფონზე, რომელიც ამ მიტინგს ახლავს თან"

რა ფორმას მიიღებს საბოლოოდ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, რომ ხელისუფლების დამხობის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი წინააღმდეგობის გაწევა იქნება.

მათი მტკიცებით, ძალოვან უწყებას, საპროტესტო აქციის მონაწილეების გასანეიტრალებლად საკმარისი რესურსი არ აქვს.

თუმცა რატომ უნდა გახდეს საჭირო აქციაზე სპეცრაზმის მიყვანა, თუ დემონსტრაცია მშვიდობიანი უნდა იყოს? ამის ახსნა "ნაციონალურ მოძრაობაში" უჭირთ.

მმართველი გუნდი კი კვლავ აფრთხილებს ყველას, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. შესაძლო ძალადობრივი პროცესების განვითარებას ემიჯნებიან არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები.

"გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი არ ფიქრობს, რომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე 4000 ადამიანზე მეტი გავა, შესაბამისად, მისი თქმით, ასეთი ტიპის აქციის დარბევა არავის მოუნდება.

"გამიკვირდება, რომ 4000 კაცზე მეტი მოვიდეს ასეთ მიტინგზე. ცხადია, არც არავის გაუჩნდება მოტივი, რომ ასეთი მიტინგი დაარბიოს.

განცხადებები, რომ სპეცრაზმი არ ეყოფა მთავრობას, ცოტა უხერხულია იმ არასერიოზულობის ფონზე, რომელიც ამ მიტინგს ახლავს თან.

არ მგონია, რომ ბევრი ადამიანი გამოვა და რამე დაძაბულობა შეიქმნება ამის გამო, თუ ვიღაცას ძალიან არ უნდა ხელოვნურად შექმნას ეს ყველაფერი", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.