აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას უზენაესი სასამართლოს რეფორმირების გეგმას წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ბაიდენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ვადის შეზღუდვის ინიციატივით გამოვა. ის ასევე მოსამართლეებისთვის სავალდებულო ეთიკის კოდექსის შემოღების იდეას წარადგენს.
ივარაუდება, რომ ბაიდენი კონგრესს საკონსტიტუციო ცვლილებასაც შესთავაზებს, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დღეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნისგან დაცულები არიან, იმუნიტეტით აღარ ისარგებლებენ. გამოცემა ამტკიცებს, რომ ასეთი იმუნიტეტით ისარგებლა დონალდ ტრამპმა, რომელმაც საპრეზიდენტო რბოლის პერიოდში 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე შტურმის საქმის გამოძიება გადაავადა.
რეფორმის კონკრეტული დეტალები ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება. წინასწარი ინფორმაციით, ბაიდენი სასამართლო რეფორმას ტეხასში მოგზაურობისას გამოაცხადებს, სადაც მას ქალაქ ოსტინში ლინდონ ჯონსონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამოსვლა აქვს დაგეგმილი.