ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინაში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
ეს მოდის უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან პირველი ვიზიტი იქნება. ინდოეთის პრემიერის ვიზიტი ჯერ მომზადების სტადიაზეა და ივარაუდება, რომ ის კიევს აგვისტოს მესამე კვირას, 23 რიცხვში ეწვევა. ერთ-ერთი ვერსიით, მოდიმ, შესაძლოა, კიევს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის ფუნქცია შესთავაზოს.
აღსანიშნავია, რომ მოდი ივლისში მოსკოვს სტუმრობდა. მან რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართა შეხვედრა. მოგვიანებით ეს ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაფასა და განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი დიდი იმედგაცრუება და სამშვიდობო ძალისხმევისთვის დიდი დარტყმაა. ამის გამო ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის დაბარება მოუწიათ.