საფრანგეთის ჩქაროსნული რკინიგზა რამდენიმე „განზრახ მავნებლური აქტის“, მათ შორის ცეცხლის წაკიდების სამიზნე გახდა, რაც ფრანგმა სამართალდამცველებმა კოორდინირებულ საბოტაჟად შეაფასეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, ასეთი კოორდინირებული აქტების მიზანი პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისთვის მატარებლების მოძრაობისთვის ხელის შეშლა იყო.
როგორც საფრანგეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, მატარებლების მოძრაობა შეფერხდა ატლანტის, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზებზე. რკინიგზის ადმინისტრაციას მატარებლების გადამისამართება ან რეისების გაუქმება უწევს.
სპეციალური ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობენ, თუმცა, როგორც ტელეარხი აღნიშნავს, შეფერხება შესაძლოა უქმე დღეებშიც გაგრძელდეს. „ჩვენ ვთხოვთ ყველა მგზავრს გადადოს გამგზავრება და სადგურებზე მისვლისგან თავი შეიკავოს“, - ციტირებს CNN-ი საფრანგეთის სახელმწიფო რკინიგზის განცხადებას.
რემის სარკინიგზო ცენტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მათი სარკინიგზო ხაზები ორშაბათამდე არ იმუშავებს, რადგან ცეცხლის გაჩენამ მატარებლების მოძრაობა შეაფერხა.
საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ამელი უდეა-კასტერამ განაცხადა, რომ რკინიგზის ხაზებზე შეფერხება „ერთგვარი კოორდინირებული დივერსიაა“. „ჩვენ შევაფასებთ შედეგებს მოგზაურებისთვის, სპორტსმენებისთვის და ყველა დელეგაციას სათანადო ტრანსპორტირებით უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა მან.
ცნობისათვის, პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დღეს ოფიციალურად გაიხსნება და 11 აგვისტომდე გასტანს.