ახალგაზრდობის სასახლეში „ძველგაზრდული“ კრიზისია

ახალგაზრდობის სასახლეში „ძველგაზრდული“ კრიზისია

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება კვლავაც გრძელდება. სასახლის თეატრალურ დარბაზში ხმაურით წარიმართა მათი შეხვედრა და ვერც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზურაბ აზმაიფრაშვილის გამოჩენამ განმუხტა სიტუაცია. პირიქით, პედაგოგები აცხადებენ, რომ ზურაბ აზმაიფარაშვილმა მათ არც კი მოუსმინა, ისე დატოვა დარბაზი. თანაც, ის პედაგოგები, რომლებიც დირექტორის გადაყენებას მოითხოვდნენ, თანამდებობის დაკავების მერკანტილურ სურვილში დაადანაშულა.

უკვე თვეებია, რაც სასახლის კოლექტივის ნაწილი დირექტორის,  ქეთევან ფეიქრიშვილის გადაყენებას ითხოვს, რომელსაც ადმინისტრაციული რესურსის ხელოვნურად გაზრდასა და საბიუჯეტო თანხების არასწორად გადანაწილებაში ამხელენ.

მათი აზრით, ახალ დირექციას სურს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ელიტარულად გაადააქციოს, ჩაკეტოს, როგორც კერძო სკოლა და ტურნიკეტებით განსაზღვროს ბავშვების შეშვების წესი. მათი თქმით, დირექცია ამითაც არ დაკმაყოფილდა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში წლიური მოსაკრებელი 50 ლარის ოდენობით დაადგინა, რისი გადახდაც მშობლებს უჭირთ. დირექტორთან მათი კომუნიკაცია კი შეუძლებელია.

თავდაპირველად პედაგოგებმა ვიდეოკოლაჟი წარმოადგინეს პიონერფილმის ოქროს არქივიდან, სადაც ეტაპობრივად ასახული იყო სასახლის ცხოვრება. ისინი აცხადებენ, რომ კრიზისი სასახლეში ახალი ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობამ გამოიწვია. ადმინისტრაციის ბიუჯეტი 10-15-ჯერ მეტია, ვიდრე რიგითი თანამშრომლების. ამ დროს კი სოლიდური თანხა იხარჯება ტურნიკეტებზე, რომელიც მოსწავლეთა სიების არარსებობის გამო არც მოქმედებს.

უფრო მეტიც, ორი კვირის წინ პედაგოგთა კოლექტივმა უნდობლობა გამოუცხადა დირექციას და დამოუკიდებელი აუდიტის შესვლა მოითხოვა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე მაშინ შეხვდნენ პედაგოგებს, თუმცა სასახლის კოლექტივი თვლის, რომ მათი მცდელობა უფრო დირექციის პოზიციას ამყარებდა. ფაქტობრივად, მეორდება მანკიერი პრაქტიკა და ეს ხელისუფლებაც პარტიული აქტივისტების დასაქმებითაა დაკავებული.

მოგვიანებით ზურაბ აზმაიფარაშვილმა მოითხოვა სიტყვა, სანამ ცივ დარბაზში გავყინულვარო. მან აღნიშნა, რომ არ ელოდა, თუ ასეთ შეკრებას მაინცდამაინც პატრიარქის აღსაყდრების 36-ე წლისთავს დაამთხვევდნენ და ამ დღეს პირადი ინტერესებისთვის გამოიყენებდნენ. ამას დამსწრე საზოგადოების ჩოჩქოლი მოჰყვა. თუმცა აზმაიფარაშვილი განაგრძობდა: „მიჩვეული არ ვარ, რომ არ მისმენდნენ... ვერაფრით შევეგუები სიცრუის მოსმენას, ჩემი თანამდებობა არ მიღირს, რომ რამე მოვიტყუო“.

მისი თქმით, დირექტორის გადაყენება ამ ეტაპზე არ მოხდება, რადგან ეს არ არის არჩევითი თანამდებობა. რაც შეეხება სასახლის ფოიეში დამონტაჟებულ ტურნიკეტებს, არც მათი აღება მოხდება, რადგან ტურნიკეტი დღევანდელ სამყაროში აუცილებელია. აქვე იგი სასახლის სტატუსის აღდგენასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს მათ კომპეტენციას სცილდება და განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. ამასთან, მინისტრის მოადგილე კოლექტივს დაჰპირდა, რომ მათი საათობრივი ანაზღაურება 1.87 ლარიდან 5 ლარამდე გაიზრდება. აზმაიფარაშვილმა, ასევე, მათ შეახსენა, რომ პრემირება არასდროს მომხდარა თვეში ორჯერ და, თუ პედაგოგებს პრემიის მიღება არ სურდათ, ამის პრობლემაც არ იყო. მინიმალური ხელფასები კი 2014 წლიდან გაიზრდებოდა.

ამის საპასუხოდ აზმაიფარაშვილმა აღელვებული პედაგოგებისგან რეპლიკა დაიმსახურა: „სასახლის ადმინისტრაციისა და ჩვენი ხელფასები თუ პრემიები ერთია? ჩვენ შიმშილით ვკვდებით“.

მოგვიანებით მხარეებს შორის დაპირისპირება უფრო გამწვავდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეპლიკები გაისმა სასახლის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან. ზურაბ აზმაიფარაშვილმა შეხვედრა მოულოდნელად დატოვა და მის კვალში მიდევნებულ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დირექტორის გადაყენების მოთხოვნა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდებოდა, აბსტრაქტულ მოთხოვნებზე პასუხის გაცემას კი არ აპირებდა იმ პედაგოგებისთვის, რომელთაც დირექციის თანამდებობის დაკავება თავად სურდათ.

For.ge მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებს ესაუბრა.

„პიონერფილმის ხელმძღვანელი“ გრიშა ჩიგოგიძე აცხადებს, რომ ერთი წელია, სასახლე დუღს და გაურკვეველ სიტუაციაშია, ასე მუშაობა კი არ შეიძლება. ამიტომ სასახლემ თავად უნდა აირჩიოს დირექტორი, როგორც ეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ყველა ფედერაციაში ხდება.

„ავირჩევთ იმ ადამიანს, რომელიც სასახლისთვის მეტს გააკეთებს. ბავშვებს გადასახადი დაუწესეს, დაუშვებელია ასეთი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, ტარდება უაზრო ღონისძიებები. არადა, სასახლე მოწოდებულია კარგი განწყობისთვის, ბავშვთა უფლებების დაცვისთვის. რა კრიტერიუმით დაგვინიშნეს ახალი დირექტორი, არავინ იცის. ის არ არის პედაგოგი, არ უმუშავია ასეთ კოლექტივში, ის მსახიობია“, - გვითხრა გრიშა ჩიგოგიძემ.

კომპიუტერული სტუდიის გამგე ლია შენგელია აცხადებს, რომ სასახლეს მმართველობითი კრიზისი აქვს და დიდია უნდობლობა დირექციის მიმართ, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთა სასახლის სასიკეთოდ. პირიქით, ადმინისტრაციული შტატი ძალიან გაბერილია. მაშინ, როცა პედაგოგების მდგომარეობა უმძიმესია, 45 ადამიანი ჰყავთ ადმინისტრაციაში. პრესაში დაიწერა კიდეც, რომ პენტაგონს შეშურდებოდა ასეთი ადმინისტრაციული შტატი.

„აზმაიფარაშვილი გამოვიდა, მაგრამ ისევ კოლექტივი დაადანაშაულა, თითქოს, მას არ აცლიდნენ ლაპარაკს. არადა, დაამთავრა სიტყვა და გავიდა. თუ უნდოდა მის ნათქვამზე რეაგირების მოსმენა, მაშინ დარჩენილიყო. ისევ თითი აქეთ გვიქნია, თქვა სათქმელი და წავიდა. გამოდის, რომ პრობლემების ღრმად წვდომა არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, სპორტის სამინისტროსთვის პრიორიტეტი მაინც არ არის განათლების სფერო. ჩვენი ადგილი, ალბათ, უფრო სხვაგანაა“, - აღნიშნა ლია შენგელიამ.

ინგლისური ენის პედაგოგი მედეა იმნაძე მიიჩნევს, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ბავშვის შესვლა დაუშვებელია ტურნიკეტების საშუალებით, რადგან სასახლე თავისუფალი სივრცეა. ისიც გაუმართლებელია, რომ დებულების მიხედვით, ორი გაცდენის გამო მოსწავლე ირიცხება. წესით, სასახლეში ბავშვი ნებაყოფლობით დადის და მისთვის შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს.

„სასახლის კოლექტივი გახლეჩილი არასდროს ყოფილა. ახლა ეს ძალიან მაწუხებს. დირექციამ თავისი ინტრიგებითა და ხრიკებით მოახერხა, რომ კოლექტივში მტრულად განწყობილი ორი ბანაკი გააჩინა. როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ჯანსაღი ბავშვი გაიზარდოს?! ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დიდი მუყაითობით არ გამოირჩეოდა, მოხვდა მათ ჯგუფში და დღეს უკვე გვეუბნება, თქვენ უსაქმურები იყავით, არაფერს აკეთებიდით, დამყაყებული კომუნისტების სასახლე გინდათო?!“ -  განმარტავს მედეა იმნაძე.

ხაზვის წრის პედაგოგი მედეა თედიაშვილი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ რვა წლის წინ დაიწყეს სასახლის წინააღმდეგ ბრძოლა და ნინო ანანიაშვილისთვის შენობის გადაცემა. თუმცა წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოების თანადგომის შემდეგ სასახლე ბავშვებს დარჩათ. ამის შემდეგ ფარულად ბრძოლა გაგრძელდა და სასახლეს სტატუსი შეუცვალეს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადააქციეს, ხოლო პედაგოგებს სტატუსი ჩამოართვეს. შესაბამისად, კოლექტივი მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგებს ინფორმაციას და არა გადაწყვეტილების პროცესში.

„ახალი დირექციისგან პრობლემების მოგვარებას ველოდით, რომ პედაგოგებსა და მოსწავლეებზე გაკეთდებოდა აქცენტი. თუმცა დირექტორის მოსვლის შემდეგ მეორე სართული სასწავლო ოთახებისგან დაიცალა და ადმინისტრაციული შტატისთვის ოთახები შეიქმნა. ადმინისტრაციულ შტატს მაღალი ხელფასი აქვს, ჩვენ კი ძალიან დაბალი ხელფასი დაგვიტოვეს“, - აცხადებს მედიკო თედიაშვილი.

უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც სასახლის კოლექტივს უთანაგრძნობს, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობს, რაც ახალი ხელისუფლების პირობებშიც პრობლემად დარჩა. მისი თქმით, მასწავლებლების, პედაგოგების ხელფასი 45-100 ლარია, ხოლო ზედმეტი კადრებით გაბერილი ადმინისტრაციის ხელფასი საშუალოდ 1000 ლარიდან იწყება, დირექტორს კი 3900-ლარიანი ხელფასი აქვს.

„სიტუაციიდან გამოსავალი იქნება, თუკი დირექციას თავად კოლექტივი აირჩევს თავისივე წრიდან და არა მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნის,ზაზა გოგსაძის მეუღლეობის ნიშნით. ამისთვის საჭიროა სამართლებრივი ცვლილებები. ჩვენ მხოლოდ სახელებისა და გვარების შეცვლისთვის არ გვიბრძოლია, ჩვენ გვინდა, მიდგომები შეიცვალოს. ამ კოლექტივმა სააკაშვილის რეჟიმსაც უკან დაახევინა და დღესაც იგივე მოხდება“, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

ერთ-ერთი მშობელი ელენე ხეცურიანი ახალ ხელისუფლებას სთხოვს, გამოასწოროს პირობები სასახლეში. იგი იხსენებს, რომ წლების წინ აქ თავისი შვილები თითქმის ყველა წრეზე დაჰყავდა, თუმცა ახლა შვილიშვილებისთვის გადასახადის გადახდა ძალიან უჭირს. მეტიც, მის შვილიშვილს მუსიკალური მონაცემები აქვს, მაგრამ ახალად დანიშნული მოსაკრებლის გამო ვერ ატარებს სიმღერაზე.

რეჟისორი გოგი თოდაძე განმარტავს, რომ ასეთი სიტუაცია არასდროს ახსოვს სასახლეში. მთელი წელი გაუგებრობა იყო, რასაც კოლექტივი მიჩვული არ ყოფილა.

„რატომ ხდება ასე? თუკი ასეთი ცუდები ვართ, რატომ აღვზარდეთ ამდენი ბავშვი?“ - კითხულობს რეჟისორი.

დღესვე პედაგოგებმა კრების დადგენილება შეიმუშავეს: „მოვითხოვთ, სასახლის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანების გაუქმებას და პედაგოგების სტატუსის აღდგენას, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან გამოყოფას და შესაბამის უწყებაში დაქვემდებარებას, სასახლის ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას და ახალი დებულების შედგენას, მოსწავლეთა სარეგისტრაციო მოსაკრებლის გაუქმებას, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან დამოუკიდებელი ფინანსური კომისიის შექმნას“. ასევე, ისინი დირექციისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებენ და ითხოვენ, შეიქმნას სასახლის თანამშრომლებისა და გარეშე კომპეტენტური პირებისგან შედგენილი მონიტორინგის ჯგუფი.

და ბოლოს, პედაგოგებმა ერთმანეთს მომავალი წლიდან ახალი დირექტორი უსურვეს და აღნიშნეს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, რადიკალური მეთოდებით ბრძოლა ახალი წლის შემდეგ გაგრძელდება, რადგან ისინი წინასაახალწლოდ არეულობის გამოწვევას მოერიდნენ.

მომხდარის საპასუხოდ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ მას ასეთი ხელფასები და საშტატო განრიგი დახვდა. მისი პირობა იყო, რომ 2014 წლიდან ეს ყველაფერი შეიცვლებოდა, რასაც ეტაპობრივად ასრულებს კიდეც. თუმცა რეფორმები მტკივნეულია.