თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცველები, რომელიც სიგარეტის წარმოებისთვის გამოიყენება, 12%-იანი იმპორტის გადასახადით აღარ დაიბეგრება. ეს თამბაქოს ინდუსტრიისთვის მეტად სასიამოვნო ცვლილებაა. სამაგიეროდ, 2014 წლიდან მკვეთრად გამკაცრდება თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი და მთავრობა ამ მიმართულებით გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს.
იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ წარუდგინა. მისი განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ პროექტი პარლამენტში კონკრეტული ბიზნეს-სუბიექტების ინტერესების ლობირების მიზნით არის შესული.
თავად ზურაბ ტყემალაძე კი განმარტავს, რომ ცვლილება ადგილობრივი მეწარმეებისთვის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის კეთდება.
„აღნიშნულ კანონპროექტს არანაირი კერძო მოლაპარაკებები საფუძვლად არ უდევს. წინა ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ზუსტად ანალოგიური მიდგომა არის დაფიქსირებული აქციზზე. აქციზთან დაკავშირებულ ცხრილში, აღნიშნული საქონელი არ იბეგრება, ხოლო იმპორტთან მიმართებით გაურკვევლად არის მითითებული და იბეგრება.
კანონმდებლობით ერთი და იმავე საქონლის მიმართ განსხვავებული მიდგომაა დადგენილი და შემოთავაზებული პროექტის მიზანი აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებაა“, - განმარტა სესიაზე ზურაბ ტყემალაძემ.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით ისიც აღნიშნა, რომ საუბარი კანონპროექტის კონკრეტულ ბიზნესს-ინტერესებთან კავშირის შესახებ მათსავე გამოცდილებას უკავშირდება და ოპოზიციონერ კოლეგებს ურჩია, რომ ის „თავისთვის შეენახათ“.
2013 წელი თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმართ საკმაოდ აქტიური იყო. დაწესდა ბევრი შეზღუდვა, თუმცა სპეციალისტების აზრით, მათი პრაქტიკაში „გადატანა“ ბოლომდე ვერ მოხერხდა. ამის მიზეზად თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს ინდუსტრიის გავლენას მიიჩნევს, რომელსაც ხელს უწყობდნენ მთავრობისა და პარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლები, ან მათთან ახლოს მყოფი პირები.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კი ირწმუნება, რომ მომავალი წლიდან მთავრობა მეტ პრინციპულობას გამოიჩენს და შეეცდება, კონტროლის მექანიზმი გახდეს უფრო მოქნილი, რის შესაძლებლობასაც კანონი მისცემს.
„ჩვენი პოზიცია იქნება ბევრად პრინციპული, რაც აქამდე არ იყო, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს აკრძალვასთან დაკავშირებით. რეგულაციები აუცილებლად გამკაცრდება.
თამბაქოს სრულად აკრძალვა შეუძლებელია, მას აქვს განსაზღვრული ნორმა, სად უნდა იკრძალებოდეს მოხმარება და სად იყოს ნებადართული. მთავარი აქცენტი გაკეთდება სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, გამკაცრდება არასრულწლოვანებზე თამბაქოს გაყიდვა და სხვა. ვფიქრობ, მომავალი წლიდან ამ მხრივ სერიოზული სამუშაოები გატარდება, რაც მეტ ეფექტს მოგვიტანს და ბევრ კითხვას გასცემს პასუხს“, - აცხადებს ხუნდაძე.
თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და მისთვის მეტი ჯანმრთელი წლების უზრუნველყოფა თამბაქოს მოხმარების შემცირებისა და მეორადი კვამლისგან დაცვის გზით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყარელიძე ადასტურებს, რომ აუცილებელია მოწევის ნაწილობრივი აკრძალვა დახურული ტიპის რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში, რასაც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები სჭირდება.
„გარდა აღნიშნული კანონებისა, მომზადდა ცვლილებები სხვა კანონპროექტებშიც: საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, საქართველოს კანონი სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ, საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ, საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, საქართველოს საგადასახადო კოდექსი. პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილებების დამტკიცება ნავარაუდევია 2014 წლის პირველ კვარტალში და შესაბამისად, ამავე პერიოდიდან აკრძალვები რეალურად ამოქმედდება.
რაც შეეხება დახურული ტიპის რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვის შემოღებას, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, 2013-14 წლებში ჩატარდება შესაბამისი კვლევები და დადგინდება როგორც ამ რეგულაციის მიზანშეწონილობა, ისე მისი შემოღების თარიღი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.