„ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, „ქართული ოცნებისთვის“ ეს ნამდვილად პროდუქტიული იქნება - თუ სააკაშვილს გამოუშვებენ, გაცილებით მეტი ადამიანი მისცემს ხმას „ოცნებას“, სააკაშვილისგან დამფრთხალი. პერსონალურად სააკაშვილი არის იმ 9 წლის სიმბოლო“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის მიერ, პირველი მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას.
კანონპროექტის განხილვის ფონზე, ერთგვარი აქცენტი კეთდება ამნისტიით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე, რის საპასუხოდაც უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ამ ქვეყანაში, ამიტომ ამნისტიის დროს მასზე საუბარი ძალიან უხერხულია, მეტიც, ამნისტია ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო რამაზ, რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი გადაწყვეტილება მიღებულ იქნას არჩევნებამდე?
- მგონია, რომ ეს საკითხი სერიოზულად არ დგას დღის წესრიგში. ბიძინა ივანიშვილმა არათუ სააკაშვილის გარეთ გამოშვება, არამედ პირობა დადო „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკიდან გაყვანის შესახებ. არჩევნებამდე ამ პირობის დარღვევა წარმოუდგენელია, ისედაც „ქართულმა ოცნებამ“ ანალოგიური პირობა ხშირად დადო, მათ შორის 12 წლის წინ და დაარღვია.
აღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პირობა „ნაციონალური მოძრაობის“ „დასრულების“ შესახებ მანამდეც გაჟღერდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ის დღეს მთავარ ოპოზიციურ ძალად ითვლება. არჩევნების შემდეგ, რამდენად არის შესაძლებელი ეს პირობა მართლაც შესრულდეს და რა შანსები რჩება „ქართულ ოცნებას?“ ბევრი საუბრობს, რომ რეალურად, „ნაცმოძრაობის“ ყოფნა ოპოზიციაში მმართველ გუნდს ხელს აძლევს, რადგან ცუდსა და უარესს შორის კეთდება არჩევანი...
- რომ გაიძახიან, არც ერთი და არც მეორეო, სახელმწიფოს მართვა არ უნდა?! - ეს არარეალისტურია. დავუშვათ, კოალიციური მთავრობა შედგა, ის უნდა შეადგინოს უმრავლესობამ. თუკი ამომრჩეველმა „ქართული ოცნება“ პენსიაზე გაუშვა და დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, ამ შემთხვევაში, უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. ასე რომ, არსებობს ფორმულები, რომლებიც არარეალურია.
ფიქრობთ, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას პერსპექტივა არ აქვს?
- თუ კოალიციურ მთავრობაში გულისხმობენ იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ არ იქნება, მაშინ თავს იტყუებენ და ატყუებენ სხვებსაც. „ნაცმოძრაობა“ იქნება წამყვანი იმ კოალიციურ მთავრობაში, რადგან კოალიციურ მთავრობა ყალიბდება მხადამჭერების რაოდენობით. თუ „ნაცმოძრაობა“ არა, „ქართული ოცნება“ იქნება წამყვანი. რატომ ვატყუებინებთ თავს ვიღაცებს, ეს გაუგებარია.
რაც შეეხება მესამე, ალტერნატიულ ძალას? ამ ახალ ძალად ბევრი მოიაზრებს „ლელოსა“ და გიორგი გახარიას შესაძლო გაერთიანებას, რომელიც ჯერჯერობით ვერ შედგა.
- ბუნებრივია, რომ ეს გაერთიანება ეჭვის ქვეშ დგას - „ლელო“ არ არის ის პარტია, რომელთან გაერთიანებასაც ისურვებს რომელიმე პარტია. ბოლო გამოკვლევებით, გახარიას მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე „ლელოს“ და რატომ უნდა შეუერთდეს?! არჩევნებს სულხან-საბას იგავ-არაკივით ვექცევით - რაც მეტი გაერთიანდება, მით მეტად ძლიერები ვიქნებითო - საიდან მოიტანეს?! არასწორია. გაერთიანება ყოველთვის არითმეტიკული არაა, შეიძლება დააფრთხონ ერთმანეთის ამომრჩევლები. მაგალითად, გახარიას ამომრჩეველი ხაზარაძეს ხმას არ მისცემს, რადგან გახარიას ამომრჩეველი ძირითადად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე ამომრჩეველი, რომელსაც „ოცნებაშიც“ არ გაუმართლა იმედებმა. ხოლო, „ლელოს“ ამომრჩეველი, ძირითადად. არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი, რომელიც „ოცნებისთვის“ ხმის მიმცემი არ არის. ამ ორი ადამიანის პოლიტიკური ჯგუფი როგორ უნდა გაერთიანდეს?!
საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით, ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ დღეს ის „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ვერ მიიღოს. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- ამ შემთხვევაში, ის ადამიანები, რომელთაც არც „ნაცმოძრაობა“ უნდათ და არც „ქართული ოცნება“, ალბათ, დარჩნებიან სახლებში. ვფიქრობ, სახლში დარჩენილი ადამიანების დიდი ჯგუფია, რომელიც მეტად გაიზრდება. არჩევნებზე არმისული ადამიანების რაოდებობა თუ ბევრი იქნება, მაშინ მათი ხმები გადანაწილდება და „ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი ხმა ექნება, ვიდრე მას მხარს უჭერს. ამომრჩეველი, რომელიც სახლში დარჩება, „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ გააძლიერებს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბევრი ასახელებს, როგორც ოპოზიციის ლიდერად, ასევე შესაძლოა ის დასახელდეს ოპოზიციის მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად. როგორ ფიქრობთ, რა როლი ან რეიტინგი აქვს დღეს მას პოლიტიკურ ასპრეზზე?
- ზურაბიშვილის არჩევის დროს, მისი რეიტინგი მაღალი არ იყო, ძლივს გაიყვანეს. ამის შემდეგ, კიდევ ბევრი რამ მოხდა, რამაც კიდევ უფრო დაბლა დასწია მისი რეიტინგი. მას მაღალი რეიტინგი ჰქონდა ერთ დღეს, როდესაც გამოაცხადა, ქაჯები კი არ მოდიან, მიდიანო. შემდეგ კი, მან ვერ მოახერხა ამ რეიტინგის შენარჩუნება და გაზრდა.