ამ კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, განსაკუთრებით ეს ეხება სფეროებს, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ხდება ზემოქმედება, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში რა არის, ამას ამბობს ხელისუფლება, ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონზე საუბრისას.
„ნორვეგიის ხელისუფლება ამბობს, რომ მან უფრო კარგად იცის, რა უნდა ქართველ ხალხს, ვიდრე ქართველმა ხალხმა; შვედეთის ხელისუფლება ამბობს, რომ მან უფრო კარგად იცის, რა უნდა ქართველ ხალხს, ვიდრე ქართველმა ხალხმა. შვედეთის დაფინანსებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც საქართველოში ტერორის წამახალისებელ და რიგ შემთხვევაში ფაშისტურ კამპანიებს აწარმოებს, რომელთა მიზანიც არის ადამიანების გარიყვა საზოგადოებიდან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველო, იყო ორგანიზატორი მიმდინარე წლის 9 აპრილს, პარლამენტის წინ ძალადობრივი აქციისა, როდესაც 9 აპრილის მონაწილეები არ მიუშვეს მემორიალთან და იქ ვინც მივიდა, ზოგიერთზე იყო ძალადობა“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა გერმანიაში ლობისტების რეესტრში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დარეგისტრირებაზე.
„ეს ორგანიზაცია იმ რეესტრში წარადგენს უფრო მეტ ინფორმაციას, ვიდრე გამჭვირვალობის კანონით ჩვენთან არის გათვალისწინებული - წარადგენს ანგარიშებს ვის შეხვდა, რაზე ელაპარაკა, სად რამდენი ცენტი დახარჯა. ამ ყველაფერს წარადგენს ლობისტების რეესტრში.
როდესაც ლობისტის იარლიყი მიიწებე შენ თვითონ, როდესაც წარადგენ მთელ ქვითრებს, ყველაფერს და არა მხოლოდ ფინანსურ ანგარიშს, შინაარსობრივ ანგარიშს, ვის რაზე ელაპარაკე და ამის შემდეგ ჩვენს კანონს რომ აკრიტიკებენ, ან ჰგონიათ, რომ ინგლისური, გერმანული და არც ერთი ენა არ ვიცით, ან თვითონ არიან ისეთი დაბალი კვალიფიკაციის, რომ ამის გააზრება და შედარებაც არ შეუძლიათ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.