ვიზალიბერალიზაციის ეკლიანი ვარდები საქართველოსთვის

ვიზალიბერალიზაციის ეკლიანი ვარდები საქართველოსთვის

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი კვლავ აქტუალურია და ქვეყანაში ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია და ევროპა ყველაფერს გადახაზავს, ყველა პრინციპს გადაუვლის ფეხით თუ ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით მიიღებს. მათი აზრით, EU-ს სურს, იმედი და გეგმა აქვს, რომ საქართველოზე სრული კონტროლი დაამყაროს და აქ მარიონეტული რეჟიმი დააყენოს. 

„ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია ქუჩაში. შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინასწარი ვიზის გარეშე შედის, 60-ან 123-მდე გავზარდეთ. შანტაჟის შიშით ეს საქმე ვერ გაკეთდებოდა. და საქართველოს მტრების გულის გასახეთქად ეს ციფრი არათუ დაიკლებს, გაიზრდება“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

რადიკალური ოპოზიციისთვის ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია და ფიქრობენ, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში დადგეს და საქართველოს მოსახლეობას ამ ინფორმაციას უკვე აგუებს, რითაც თავს იზღვევს.

ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს - ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ამ პრივილეგიით სარგებლობენ, მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, ევროკავშირი იკანონებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს და ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.

„ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.

კიდევ ერთი საინტერესო და ახალი ასპექტია ის, რომ მექანიზმის ამოქმედება ამ შემთხვევაში ევროკომისიის ექსკლუზიური პრეროგატივა იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების შემდეგ, რადგან ეს ბლოკის საგარეო ურთიერთობებს ეხება.

საბოლოო ჯამში, მესამე ქვეყანასთან სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება მაინც წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება - კვალიფიციური უმრავლესობით. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს კვლავაც უკიდურეს ზომად განიხილება, ვინაიდან ბლოკს, როგორც წესი, არ სურს მთავრობის გამო დასაჯოს ქვეყნის მთელი მოსახლეობა.

სწორედ ამიტომ იყო, რომ წლის დასაწყისში ევროკავშირმა არჩია, შეეჩერებინა სავიზო ლიბერალიზაცია მხოლოდ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის, ამ ქვეყანაში დემოკრატიული უკან დახევის ფონზე. თუმცა მთელი მოსახლეობის სამიზნეში ამოღების ვარიანტი კვლავაც არსებობს და შეჩერების მექანიზმის მომავალი გაფართოების შემდეგ ბრიუსელს შეეძლება უფრო მოქნილად იმოქმედოს“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ ხელისუფლება ძალიან სწორად იქცევა, როდესაც ამის შესახებ მოსახლეობას უკვე საქმის კურსში აყენებს და აფრთხილებს, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამაში ცუდი არაფერია, რადგან ჩვენმა ხალხმა ბევრი რამ გაიაზრა.

„სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის მიღება და ეს არის ამ ხელისუფლების დამსახურება. ვინც რა უნდა ილაპარაკოს ახლა და საკუთარ დამსახურებად მისი გასაღება სცადოს, ტყუილია. საქართველო საერთოდ არ იყო მათ დღის წესრიგში, პირიქით, უკრაინა იყო უფრო აქტუალური, მით უმეტეს იანუკოვიჩის ხელისუფლების დროს. სწორედ გვახსოვს ამის შემდეგ დაიწყო მაიდანი და ის უბედურება, რაც შემდეგ უკრაინაში განვითარდა. სწორედ საქართველოს ახალი ხელისუფლების დამსახურებით და პირობების შესრულებით მოხდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება.

როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისევე სჭირდება ევროპას საქართველო სატრანზიტო დერეფნად, შესაბამისად ასეთი გადაწყვეტილების მიღება ორმხრივი ზიანის მომტანი იქნება. კი ბატონო, აქ მარტო საქართველოზე არ არის საუბარი და 70-მდე ქვეყანაა, ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, მაგრამ ბოლო დროს ბრიუსელიდან რა სახის განცხადებებს ვისმენთ და ზეწოლას ვხედავთ, ეს რისკები იზრდება. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი ამაზე და პრევენციის სახით ლაპარაკობს. შესაძლოა, არც არაფერი მოხდეს, მაგრამ თუკი ბრიუსელს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ბერკეტის სახით ხელში ექნება, ვინ არის იმისგან დაზღვეული,რომ ამას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად არ გამოიყენებს?!“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, თუ ასეთი გადაწყვეტილება რეალურად მიღებული იქნება, მაშინ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება დასავლეთის მისამართით გაიზრდება.

„კი ბატონო, მათი მოქმედების მთავარი მიზანი სწორედ ის არის რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მისივე მოსახლეობამ მოახდინოს. ანუ აუჯანყონ ქართველები ხელისუფლებას, რომელიც ვერანაირი შანტაჟით და სანქციებით ვერ გატეხეს. რა თქმა უნდა, ეს არის გამიზნული, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეული იქნება და ამან შესაძლოა მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზარდოს.

ასევე გათვალონ იმაზე, რომ საპროტესტო მუხტი გამწვავდეს. ვხედავთ, რომ რუსთაველზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დადის, ისიც პარტაქტივი. ფაქტია, მიდის მსჯელობა იმაზე, როგორ შეიძლება საქართველოს მოსახლეობა გაბრაზდეს და საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ წაიყვანონ. აჩვენონ, რომ „ოცნების“ პოლიტიკა არასწორია და მათ აზიანებს. აი, ეს არის მთელი ამ აჟიოტაჟის მიზეზი, რასაც ხელისუფლება მომზადებული ხვდება და, როგორც ჩანს, ოპოზიციასაც ეს აღიზიანებს. მათ ხომ იმედი აქვთ, რომ დასავლეთიდან წამოსული დახმარება მათ პოლიტიკურ მომავალს შეცვლის და ხალხისთვის მისაღებები გახდებიან“, - ამბობს მამრაძე.