ერთ კვირაში რუსეთის სამმა მაღალჩინოსანმა საქართველოსთან პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მზადყოფნა გამოთქვა და თქვეს, რომ იმდენად შორს წავლენ, რამდენადაც ამისთვის საქართველოს ხელისუფლება იქნება მზად. თუმცა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღების გარეშე.
„მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენად მზად არის თბილისი. 2024 წელს საქართველოს მხრიდან უდავოდ პოზიტიური სიგნალები გაჟღერდა, კონკრეტულად, ბოდიშის მოხდის საჭიროებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ისინი [სიგნალები] საქართველოს აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კონკრეტულ ნაბიჯებში განხორციელდება.
დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთის გამო არ მომხდარა, არამედ ამაში დამნაშავეა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მაშინდელი რეჟიმი. მზად ვართ მათი აღდგენისთვის, მზად ვართ იმდენად შორს წავიდეთ, რამდენად შორს წასვლისთვისაც მზად არის ქართული მხარე. შეზღუდვები ჩვენთვის აქ არ არის…
ამისთვის [თანამშრომლობისთვის] დიდი შესაძლებლობებია. და საქართველოსთვის რუსეთი საკვანძო ბაზრად რჩება ბევრი მიმართულებით, კერძოდ ღვინის პროდუქციის მხრივ, ხილეულის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.
მანამდე კი იგივე სახის განცხადებები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა გააკეთეს.
პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის დადგენილი რაიმე ზუსტი ვადები.
რაც შეეხება მიხაილ გალუზინს, მან „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების განახლებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ამ საკითხის „დაკავშირება“ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილებასთან.
საქართველოს ხელისუფლება კი საპასუხოდ აცხადებს, რომ თბილისიც მზად არის მოსკოვთან ურთიერთობისთვის, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება. მმართველი გუნდიდან რუს „კეთილისმსურველებს“ უთვლიან, რომ თავად უნდა იყვნენ მზად ქართველების პირობის მისაღებად.
„შეუძლებელია საუბარი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ოკუპაციის პირობებში. თუ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ამ შემთხვევაში, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ლოგიკურიც იქნება.
ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. ეროვნული ინტერესების დაცვა გარკვეულ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამართლებრივად ჩვენთვის შეუძლებელია საუბარი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ოკუპაციის პირობებში. დღეს რუსეთი ფედერაციას აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20% და ამ ვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ნიშნავს გარკვეული ფორმით შეგუებას იმ მოცემულობასთან, რომ შენი ტერიტორიების ნაწილად ამ სახელმწიფოს მხრიდან არ მიიჩნევა შენი ისტორიული რეგიონები. მთავარი ბარიერი არის ოკუპაცია. ბუნებრივია, ოკუპაციას თუ გვერდზე გადავდებთ, ყველაფერზე შეიძლება საუბარი. თუ აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ამ შემთხვევაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ლოგიკურიც იქნება. რაც შეეხება იმ მოცემულობას, როცა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული და არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. ჩვენთვის წითელი ხაზია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“, - ეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პასუხია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალი ვახტანგ კაპანაძე for.ge-თან ამბობს, რომ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა სურს, ოღონდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარეშე. შესაბამისად, ბოლო დროს, მათი მხრიდან გახშირებული განცხადებები ურთიერთობის აღდგენაზე ამასთან არის დაკავშირებული. ისინი სინჯავენ ნიადაგს სადამდე ან რაზეა წამსვლელი საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი. ეს არის ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკის ხელწერა.
„რუსებს ახლა საქართველო ძალიან სჭირდებათ, როგორც სამხრეთ კავკასიაში პოზიციების აღდგენისთვის და გაძლიერებისთვის, ასევე პროპაგანდის კუთხითაც. საქართველოს ხელისუფლებას უსინჯავენ პირს, რაზე და სადამდეა წამსვლელი. მათი სურვილია, რომ ეს ურთიერთობის აღდგენა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე მოხდეს. საქართველო ძალიან კარგი მაგალითი იქნება იმ რესპუბლიკებისთვის, რომლებიც რუსეთის მიმართ გარკვეულ სკეპტიციზმს გამოხატავენ. საქართველო იქნება იდეალური მაგალითი მათთვის, რომ აი, ევროპის გზაზე მიმავალმა საქართველომ მათ ზურგი აქცია და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა დაიწყო. ამას გაყიდიან ისე, რომ საქართველო თავის მომავალს ისევ რუსეთს უკავშირებს და შეცდნენ, როდესაც რუსეთის გარეშე ეგონათ იცხოვრებდნენ. ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვისაც. როგორც რეგიონში მყოფ ჩვენი მეზობლებისთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით ამას დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ეს იქნება რუსების აზრით, ძალიან კარგი ბერკეტი სომხეთის და აზერბაიჯანის ასევე გაკონტროლებისთვის, მასზე ზეგავლენის მოხდენისთვის. უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსთან თანამშრომლობის და ურთიერთობის აღდგენა რუსეთისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური წარმატება იქნება“, - ამბობს კაპანაძე.
მისივე თქმით, თუ რუსეთმა საქართველოში ფეხი ისევ მოიკიდა და ჩვენი ქვეყანა მასზე დამოკიდებული გახდა, რა თქმა უნდა, ის ამით რამდენიმე კურდღელს დაიჭერს.
„საქართველოს კონტროლით, რა თქმა უნდა, სომხებს დასავლეთთან გზა საერთოდ მოეჭრებათ. ეს გამოიწვევს ავტომატურად სომხეთის ხელში ჩაგდებას და აზერბაიჯანზე კონტროლის დამყარების გარკვეულ გარანტიებს მისცემს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ხელში ჩაგდება ასეთი მარტივი ვერ იქნება, რადგან მის უკან თურქეთი დგას, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში საქართველოთი რუსეთი რამდენიმე პრობლემას გადაჭრის. გეოგრაფიულად სომხეთი დასავლეთზე საერთოდ ვერ გავა. საქართველოზე გავლენით რუსეთი გადაწყვეტს ასევე სომხეთის პრობლემასაც. შესაბამისად, აზერბაიჯანიც რუსეთთან დაპირისპირებული პოლიტიკურად არ არის და საკმაოდ მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს. ამიტომ რუსეთისთვის ახლა საქართველო არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი და ლოგიკურიც არის ეს განცხადებები. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, რა თქმა უნდა, სწორია და ვერც ერთი ხელისუფლება ამ პირობებს ვერ მიიღებს, როცა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს. რუსეთის ნდობა არ შეიძლება, შესაბამისად, პოლიტიკის ცვლილება და გადახედვა გამორიცხულია. ეს იქნება ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესების უგულებელყოფა, რასაც ვერცერთი ხელისუფლება ვერ იზამს“, - ამბობს კაპანაძე.