„ჩვენგან წარგზავნილ დიპლომატს თუ მიიღებენ, როგორც ელჩს, ამ პერსონის აღიარებაზე იქნება საუბარი და არა ქვეყნის“

„ჩვენგან წარგზავნილ დიპლომატს თუ მიიღებენ, როგორც ელჩს, ამ პერსონის აღიარებაზე იქნება საუბარი და არა ქვეყნის“

რა ეტაპზეა საქართველო-ამერიკის ურთიერთობა და შეცვლის თუ არა ახალი ელჩის დანიშვნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ სიტუაციას. საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დაახლოებით ორი კვირაა, ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშშ-ში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა. მისივე თქმით, აღნიშნულ პროცედურას, სტანდარტულად, ორი კვირიდან ორ თვემდე პერიოდი სჭირდება.

„აშშ-ში ჩვენი ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია, დაახლოებით, ორი კვირაა. ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით. პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე ორი კვირიდან ორ თვემდე პერიოდი. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ არ გაიწელება ეს პროცესი და მალე მივიღებთ დასტურს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ჩვენი ელჩის ვინაობაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციაში კი ამ განცხადებამ გარკვეული სპეკულაციები გააჩინა. მათი თქმით, „ოცნება“ ვერ ახერხებს ამ ეტაპზე ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვას. მათ იმედი აქვთ, რომ როგორც კი ამერიკიდან ახალი სანქციების პაკეტი წამოვა, ხელისუფლებას გადატვირთვის პოლიტიკა თავზე ჩამოექცევა. მათ იმედი აქვთ, რომ „მეგობრობის აქტი“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს და ელჩის დანიშვნის საკითხი პრობლემური გახდება.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-თან ამბობს, რომ ელჩის დანიშვნა, ადრე თუ გვიან, ამერიკაში მაინც მოხდება და ეს სხვადასხვა მიზეზების გამო არის შეფერხებული. ამიტომ ოპოზიციის სიხარული და მოლოდინი, თითქოს ელჩის არდანიშვნა ახალი ადმინისტრაციიდან პოლიტიკური გზავნილია, ძალიან ცდებიან.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია ჯერ კიდევ ცდილობს და იყენებს იმ ბერკეტს, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ მომხდარა და ვითომ ახლა ამას ამერიკის ადმინისტრაციიდან ელჩის არდანიშვნა დაემატება. საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის გარკვეული ნაბიჯები რომც გადადგას, ოპოზიცია ამ რიტორიკას მაინც გააგრძელებს, რადგან მათ ბრიუსელიდან ეს მხარდაჭერა მაინც ექნებათ, სანამ ევროპაში ის პოლიტიკური ძალები იქნებიან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა ბერკეტს იყენებენ. ახლა ამერიკის და ევროპის პოლიტიკა სრულიად სხვადასხვაა და ვხედავთ მათ შორის როგორი ფარული ომია გაჩაღებული. რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის კარგი იქნება, თუკი ამერიკიდანაც მიიღებენ ასეთ პოლიტიკურ დივიდენდებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდება.

 ფაქტი ერთია, რომ ელჩთან დაკავშირებით შეფერხების მიზეზი სრულიად სხვაა და ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული საერთოდ არ არის. ამერიკის ევროპაზე გავლენის შესუსტების შემდეგ, ახლა ბერკეტები ხელში დიდმა ბრიტანეთმა აიღო. „დიფ სთეითის“ ძალაუფლების ცენტრი ახლა ლონდონია და ბრიუსელშიც საკმაოდ კარგად აქვთ ფეხი მოკიდებული. ასე რომ, ოპოზიცია ამ რიტორიკას მაინც გააგრძელებს. თუმცა როგორ კი. საქართველო-ამერიკის ურთიერთობა დაიძვრება და ამის მცირე ნიშნები უკვე სახეზეა, მათი რიტორიკა ასეთი მყარი ვეღარ იქნება“, - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი კი ყველაზე კარგად ზელენსკისთან მიმართებაში ჩანს, როცა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ომი უნდა შეწყდეს და ამ დროს ევროპა ფულს აგროვებს, რომ ომი გაგრძელდეს და უკრაინა იარაღით მოამარაგონ. ამიტომ საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკამ პოზიციები რომ შეცვალოს, ევროპა მაინც ეცდება, რომ ეს რიტორიკა გააგრძელოს.

„დღეს ამერიკის და ევროპის გზები გაყოფილია, ეს სიტუაცია კი მეორე მსოფლიო ომის წინ არსებულ სიტუაციას მაგონებს, როცა ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ისევე, როგორც ტრამპი დღეს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს - საუბარი კულისებს მიღმა მიდის. რაც შეეხება ელჩის დანიშვნას და ამაზე ჩვენი ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური იმედების დამყარებას, ეს საკითხი დიპლომატიურ კონტექსტში რომ განვიხილოთ, სრულიად ნორმალური პროცესია. აქ არის ასეთი ტერმინი, როცა ელჩს აგრემანს აძლევს ქვეყანა, ეს არის ნებართვა, რომ ელჩი წავიდეს ამ ქვეყანაში და რწმუნების სიგელი წაიღოს. ჩვენ ელჩთან დაკავშირებით ორი კვირაა რაც პასუხი არ ისმის, ეს არაა საგანგაშო დრო და არც არაფერს ნიშნავს. აქ ხდება ელჩის გადამოწმება, არის თუ არა ის პიროვნულად ამ ქვეყნისთვის მისაღები. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული და დაშვებული ნორმა. დიპლომატებთან არის ასეთი წესი, თუ დიპლომატთან დაკავშირებით პასუხი არ იქნება მიღებული, პირდაპირ ეს ქვეყანა მიზეზს არ ამბობს. თუმცა შემდეგ რაღაცა არაოფიციალური გზებით ხდება ინფორმაციის მიღება, რატომ არ არის ეს დიპლომატი მისაღები. ამიტომ ჯერ უნდა დაველოდოთ ჩვენი ელჩის მიმართ აზრის ჩამოყალიბებას. 2 კვირა არაა დიდი დრო. თუ მიიღებენ მას, როგორც ელჩს, ეს ბუნებრივია, ამ პერსონის აღიარებაზე იქნება საუბარი და არა ქვეყნის. დიპლომატიური ურთიერთობა ამერიკასთან გვაქვს და მტრულ სახელმწიფოებშიც კი ხდება ელჩების მიღება. ოპოზიციის მხრიდან ეს ხმაური, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის მცდელობას ჰგავს“, - ამბობს კიკნაძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს იმოქმედებს თუ არა „მეგობრობის აქტი“ ელჩის დანიშვნაზე და შესაძლოა, ესეც იყოს დროში ელჩის დანიშვნის გაჭიანურების მიზეზი, კიკნაძე ამბობს, რომ გამორიცხულია, რადგან ამერიკას მაშინ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა უნდა სურდეს. მისი თქმით, „მეგობრობის აქტი“ ვერ მოახდენს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობაზე გავლენას, მით უმეტეს, როცა ის კანონის სახით არ არის მიღებული და მხოლოდ აქტია.

Gami სათაური ცოტა ორაზროვანია, ყველა ისე გაიგებს, როგორც უნდა... ელჩის აღიარება არის ქვეყნის და გამომგზავნი ხელისუფლების აღიარება!
1 დღის უკან