ფონდებზე “შემდგარი” ეკონომიკა

ფონდებზე “შემდგარი” ეკონომიკა

ხელისუფლების ფონდებით გატაცება გრძელდება. თანაინვესტირების ფონდის რელსებზე დაყენების შემდეგ მთავრობა ძალიან სწრაფად ახალ მიმართულებაზე გადაერთო.

მთავრობა „საქართველოს სუვერენულ ფონდს“ აფუძნებს, რომლის აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება და მის კაპიტალში გადავა ამჟამად საპარტნიორო ფონდში არსებული სახელმწიფო აქციები.

ახლადდაარსებულ ფონდს ისეთი მსხვილი და სტრატეგიული ობიექტები გადაეცემა, როგორიცაა „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” და “თელასი”.

“სააქციო საზოგადოება - საქართველოს სუვერენული ფონდის შესახებ” კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა, სადაც აღნიშნული ფონდის მიზნებად განსაზღვრულია მომგებიანი საინვესტიციო პროექტების განვითარება და ხელშეწყობა, მომგებიან პროექტებში კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

თავის მხრივ, საპარტნიორო ფონდი სტატეგიული განვითარების ფონდად გარდაიქმნება და ის საქართველოს სუვერენული ფონდის შვილობილი საწარმო იქნება, რომლის დამფუძნებელი და აქციათა100%-ის მფლობელი თავად ეს ფონდი იქნება.

მთავრობის შეფასებით, “საპარტნიორო ფონდის” მოქმედი სტრუქტურა და ფუნქციები საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი ტიპის ორგანიზაციებისადმი არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება და სახელმწიფო სტრატეგიულ საწარმოებში არსებული წილები სამეწარმეო რისკებისგან დაცული არ არის.

საქართველოს სუვერენული ფონდი ასევე დააფუძნებს სტრატეგიული აქტივების კომპანიას, სადაც “საქართველოს რკინიგზის”,”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის”, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”, “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” და “თელასის” აქციები შევა.

“სააქციო საზოგადოება - საქართველოს სუვერენული ფონდის შესახებ” კანონპროექტის მიღებისა და ამოქმედების შემდეგ, ”საპარტნიორო ფონდის შესახებ” კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას სწორედ სხვადასხვა ფონდების ამოქმედებით გეგმავს, მაგრამ ექსპერტთა ნაწილი ამ მიმართულებით წარმოებულ მუშაობას საერთოდ არ იწონებს.

“სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ არსებული ფონდების იდეა ფასადური, პიარზე გათვლილი პოლიტიკის მატარებელია და ეკონომიკური თვალსაზრისით შედეგის მომტანი არ არის”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე.

მისი შეფასებით, ქართული სუვერენული ფონდის კონცეფცია მსოფლიოში არსებული სუვერენული ფონდის აღიარებულ სტანდარტებს არ შეესაბამება. “ეს არის უბრალოდ საინვესტიციო კომპანია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად ამა თუ იმ პროექტს ახორციელებს. ფონდს კეთილი მიზნები ამოძრავებს, თუმცა სახელმწიფო პოლიტიკის აწყობა ამ ტიპის ფონდების იმედად მიზანშეწონილი არ არის”, - ამბობს კალანდაძე.

ექსპერტ პაატა შეშელიძეს კი ვერ გაუგია, რატომ სჭირდება მაინცდამაინც სუვერენულ ფონდს სპეციალური საკანონმდებლო პაკეტის შექმნა, როდესაც საქართველოში ძალიან ბევრი ფონდი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ფუნქციობს.

“ვერ გამიგია, რატომ სჭირდება ამ ფონდს განსაკუთრებული კანონმდებლობა. თუ მისთვის განსხვავებული კანონი უნდა არსებობდეს, დანარჩენი ფონდები არსებული კანონმდებლობით როგორ საქმიანობენ? ასევე გაუგებარია, რატომ უნდა გაუჩნდეს ვინმეს სურვილი ამ ფონდში ფული დააბანდოს, როდესაც უფრო სარფიანი გზები არსებობს? ან ინვესტორი რატომ ჩაისვამს წილში ამ ბიუროკრატიულ წარმონაქმნს და აკონტროლებინებს ბიზნესს? არ არის გამორიცხული, ფონდის ბაზაზე პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი ჩამოყალიბდეს”, - ამბობს შეშელიძე.