[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს ბიზნეს გარემო რომ ვინმეს შეშურდეს, ცოტა ძნელი წამროსადგენია. ჩვენთან ბიზნესის წარმოება რეგისტრაციის სიმარტივის ზღვარს ვერ სცილდება. თუმცა, სომხებისთვის ესეც სანატრელი ყოფილა. გაცილებით დიდი პოლიტიკური წნეხი, ბიუროკრატია და კორუფცია სომეხ ბიზნესმენებს საქართველოში მოერეკება.
„სომხური კომპანიების საქართველოში მასობრივი გაქცევა“, - ასე აფასებს მედიის ნაწილი სტატისტიკას, რომელიც საქართველოს საჯარო რეესტრმა გამოაქვეყნა. აღნიშნული უწყების ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეების მონაწილეობით 2010 გასული წლის 1-ელი იანვრიდან დარეგისტრირებული იყო, დაახლოებით, 100 ბიზნეს სუბიექტი.
ამავე დროს სომხურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თავისი ბიზნესის საქართველოში გადატანაზე ცნობილი სომეხი მეწარმე, „გრადნ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი, ვრანტ ვარდანიანიც დაფიქრდა. მიზეზი ოფიციალურ ერევანთან არსებული წინააღმდეგობაა.
თუმცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა უარყო „გრანდ ჰოლდინგის“ ხელმძღვანელთან კონფლიქტი. მან განაცხადა, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც წარმოებას აფართოებენ და სომხეთის პარალელურად ეკონომიკურ ექსპანსიას სხვა ქვეყნებში იწყებენ.
„თუ არის შემთხვევები, როცა ისინი ხურავენ ბიზნესს სომხეთში და ხსნიას მათ საქართველოში, ჩვენ აუცილებლად ცალკე შევისწავლით მათ და მიზეზებს შევისწავლით, რამ აიძულა ისინი ამ ნაბიჯზე წასულიყვნენ“, - აღნიშნა პრემიერმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვაზე პასუხისას.
ამ სიტვების საპირისპიროდ, სომეხი ბიზნესმენების მიერ საქართველოში საქმიანობის გადმოტანის შესახებ მორიგი მასალას გამოქვეყნდა. ამჯერად საუბარია რესპუბლიკის პარლამენტის წევრზე ვარდან აივაზიანზე, რომელმაც, როგორც გაზეთი „168 ჟამ“-ი აღნიშნავს, „ბევრი სომეხი მეწარმის მაგალითის გამეორება“ გადაწყვიტა და ბიზნესის საქართველოში გადმოტანას გეგმავს.
გამოცემა წერს, რომ აივაზიანს სომხეთის რესპუბლიკურ პარტიასთან პრობლემები აქვს. მართალია, თავად ბიზნესმენი ამ ინფორმაციას უარყოფს, მაგრამ გაზეთი ამას იმით ხსნის, რომ აღნიშნულ საკითხში ბიზნესმენები საჯარო განცხადებებს ერიდებიან.
სომხეთის მეწარმეთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გაგიკ მაკარიანი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ სომეხი მეწარმეებისთვის საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო მიმზიდველია, ამიტომ მათი ნაწილი საკუთარ ბიზნესს სომხეთის პარალელურად საქართველოში იწყებს. თუმცა არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც სამშობლოში საქმიანობას წყვეტენ და ბიზნესი მთლიანად საქართველოში გადააქვთ.
„ეს ტენდენცია სულ უფრო აქტიური ხდება. თუ ორი წლის წინათ სომეხი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოში ძირითადად ტურიზმი იწვევდა, ამჟამად სხვა პროფილის კომპანიებიც შედიან ქართულ ბაზარზე - მაგალითად, ტკბილეულის, ხორცპროდუქტების...
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არაა დსთ-ს წევრი და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში ექსპორტის საშეღავათო პირობებით არ სარგებლობს, სომეხი ბიზნესმენებისთვის ქართული ბაზარი მაინც ძალიან მიმზიდველია და ისინი საქართველოს შიდა მოხმარებაზე მუშაობენ.
მართალია, ბიზნესის კეთების სფეროში რეფორმები ჩვენთანაც მიმდინარეობს, თუმცა საქართველოში სომხეთთან შედარებით უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემოა - გამარტივებულია ბიუროკრატია, არ არის კორუფცია და ა.შ.“ - აცხადებს მაკარიანი.
2005 წლის 1-ლი იანვრიდან სომხეთის მოქალაქების მონაწილეობით საქართველოში დაახლოებით 100 კომპანია დარეგისტრირებული. მათ შორის 70 კომპანია არის შპს, 3 - ფილიალი, 24 - ინდმეწარმე და რამდენიმე არაკომერციული ორგანიზაცია.
„საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებლის მიხედვით ასევე საკმაოდ აქტიურები არიან თურქეთის აზერბაიჯანის, ინდოეთის და ჩინეთის მოქალაქეები“, - აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტი თამარ წიკლაური.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით საქართველოში თურქეთი ლიდერობს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2010 წლის განმავლობაში ბიზნესის რეგისრტაციის კუთხით უცხო ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
თურქეთი - 460, ინდოეთი - 209, აზერბაიჯანი - 151, სომხეთი - 103 და ჩინეთი - 75. მათგან ნაწილმა ინდივიდუალური საწარმო, ნაწილმა შპს, ნაწილმა კი სხვა ტიპის ორგანიზაცია დაარეგისტრირა.