[ლელა კობერიძე]
ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებასთან ერთად, ბიზნესმენთა ნაწილი ჯარიმა-საურავების ამნისტიაზე ალაპარაკდა. მათი ინფორმაციით, მთავრობაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით ეს ინიციატივა დააყენეს. თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ძველი კოდექსის სირთულესა და არაეფექტურობაზე თავად ხელისუფლება საუბრობს, რის გამოც ახალი კოდექის გახდა დასაწერი, შესაბამისად, ძველი კოდექსით დარიცხული ჯარმები ფიქტიურად უნდა ჩაითვალოს.
შემოსავლების სამსახურისთვის ეს ინფორმაცია უცნობია. ამას არც ფინანსთა სამინისტროში ადასტურებენ. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ახალ ინიციატივასთან დაკავშირებული ინფორმაციები ბიზნესმენების დიდი სურვილიდან გამომდინარეობდეს - იქნებ და სამინისტრომ ისინი ჯარიმა საურავებიდან გაათავისუფლოს.
ბიზნესმენების მიიჩნევენ, რომ თუკი მთავრობა ბიზნეს ძველი ჯარიმა-საურავებისგან გაათავისუფლებს, ეს მათთვის დიდი დახმარება იქნება. ხშირ შემთხვევაში ჯარიმა საურავები იმდენად მაღალია, რომ ბიზნესის განვითარებას რამდენიმე წლით აფერხებს. შესაბამისად, ეს იქნება ბიზნესში ჩადებული ინვესტიცია, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელის დავით კოღუაშვილის განცხადებით, ჯარიმა-საურავებზე ამნისტიის გამოცხადება, მთავრობისგან მხრიდან ბიზნესისთვის მიღებული დროული გადაწყვეტილება იქნება. განსაკუთრებით, ახლა, როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსი ამოქმედდა.
„ახალი საგადასახადო კოდექსი მეტწილად ახალ მიდგომებს გვთავაზობს, რომელმაც უფრო მკაფიო უნდა გახადოს ბიზნეს გარიგებები და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები. კონკრეტულ ტრანსაქციებთან მიმართებაში შემოდის წინასწარი გადაწყვეტილების ცნება. ბიზნეს შეუძლია ფინანსთა სამინისტროს წერილობით მიმართოს, შესაბამისი პასუხი მიიღოს, რომელსაც ექნება არა რეკომენდაციის, არამედ სავალდებულო აღსრულების ფორმა.
შესაბამისად, როდესაც ბიზნესი მეტ-ნაკლებად გათვლადია, ბიზნესმენს უფრო მეტი სტიმული მიეცემა, თუკი მთავრობა გამოიჩენს კეთილ ნებას და ბიზნესმენებს ჯარიმა-საურავების ვალდებულებებისგან გაათავისუფლებს“, - ამბობს კოღუაშვილი.
მისი თქმით, იმ დაავადების განსაკურნებლად, რომელიც დღეს ბიზნესს სჭირს ახალი სისხლის გადასხმაა საჭირო.
„სახელმწიფოს მხირადან ეს იქნება კეთილი ნების გამოხატულება, რაც თავისთავად ბიზნესმენებში ნდობის ფაქტორს აამაღლებს. გარდა ამისა, ეკონომიკისთვის, უკუგების წესით, უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნება. თუმცა, რამდენად არსებობს ეს ინიციატივა სამინისტროში ჩემთვის უცნობია“, - ამბობს კოღუაშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ბიზნესის ძველი ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფდება მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება, თუმცა კარგად უნდა გაანალიზდეს ეს პროცესი როგორ უნდა განხორციელდეს.
„ასეთი სახის ამნისტია ხანდახან აუცილებელია, თუმცა მას სიტემატიური სახე არ უნდა ჰქონდეს. არიან ბიზნესმენები, რომელთაც წლების წინათ დაგროვილი ჯარიმა-საურავები აქვთ. ამ თანხის გადახდა ხშირ შემთხვევაში საბრუნავი საშუალებებიდან ხდება, ამიტომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ბიზნესმენებისთვის კარგი შედეგის მომტანი იქნება“, - ამბობს ონოფრიშვილი.
ექსპერტის შოთა მურღულიას განცხადებით, საურავებისა და ჯარიმების ჩამოწერას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე აქვს. მისი თქმით, თუ დავა წლების განმავლობაში გრძელდება, ეს დავალიანება ბიზნესმენს ობიექტური მიზეზების გამო წარმოეშვა ან მიზეზი იყო საგადასახადო კოდექსის ორაზროვანი გაუმართავი მუხლები, უმჯობესია ასეთი დავალიანება ჩამოიწეროს.
„როდესაც მეწარმეები ამბობენ, რომ მათ დავალიანება გაუგებარი კოდექსის გამო წარმოეშვათ, სჯობს, რომ ასეთი ჯარიმა-საურავები გაუქმდეს. თუმცა, მეორე მომენტია ის, რომ ამნისტია ხშირად არ უნდა ცხადდებოდეს, ანუ გადასახადის გადამხდელი ამნისტიას არ უნდა ელოდებოდეს, მაშინ იგი დააგროვებს ვალებს იმის მოლოდინში, რომ მას ჩამოაწერენ“, - ამბობს შოთა მურღულია.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ თვითონ აღიარა, რომ ძველი საგადასახადო კოდექსი რთული იყო, ადმინისტრირება მკაცრი, ურთიერთსაპირისპირო, ორაზროვანი მუხლებით შემდგარი, ასეთ დროს კი ძველი ჯარიმა-საურავების ჩამოწერა მართლაც უპრიანი. თუკი ამნისტია გამოცხადდება, ეს პროცესი შერჩევითი არ უნდა იყოს.
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ცხაკაიას განცხადებით, მას ამგვარი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. იგივეს იმეორებენ ფინანსთა სამინისტროშიც. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიზნესმენების სურვილი მთავრობისთვის მისაღები იყოს, განსაკუთრებით საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში.