48 180 960 ლარის გაფლანგვის ფაქტზე, პროკურატურამ თბილისის მერს ბრალი წაუყენა. გამოძიება უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისა და უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა და მერს 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. რაც შეეხება უფლებამოსილების საკითხს, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა მერის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.
სასამართლოს განჩინებით გიგი უგულავა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე თანამდებობიდან გადაყენებულია. სპიკერ მოსამართლის, ეკა არეშიძის განცხადებით, სწორედ გამოძიებისათვის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან.
აღსანიშნავია, რომ ეს რიგით მესამე სისხლის სამართლის საქმეა, რომელშიც ბრალდებულია უგულავა. შეგახსენებთ, რომ უგულავა უკვე ბრალდებულია რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა უკვე მიმდინარეობს.
ამ საქმეს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომელთა განცხადებით ხელისუფლება მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურებას სცდილობს. თავად სასამართლოს მიერ გადაყნებულ მერს კი სასამართლოს გადაწყვეტილება სტალინის მიერ მოლოტოვის გადაყენებას ახსენებს.
განსხვავებულია იურისტების შეფასება - ლია მუხაშავრია თვლის, რომ სასამართლოს აქვს უფლება მხარეთა დაუსწრებლად განიხილოს.
არის თუ საქმე პოლიტიკური და რამდენად ადეკვატურია გირაოს თანხა, ამ საკითხებზე For.ge იურისტ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
გიგი უგულას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, ყოფილი მმართველი ძალა პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. რამდენად სამართლიანია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა შეფასებები?
ლია მუხაშავრია: ლაპარაკია მაღალი რანგის პოლიტიკოსზე, ქალაქის მერზე, რომელიც თანამდებობრივად პოლიტიკურია, ამიტომ, ცხადია, რომ ამ საქმეს პოლიტიკური საფუძველი აქვს. ამიტომ, ასმაგი სიფრთხილე მართებს ბრალდებას, პროკურატურას და სასამართლოს, როცა ასეთი რანგის პირს ან ბრალს უყენებენ, ან ასამართლებენ. ეს კარგად უნდა გაიგოს იმან, ვისაც სამსახურეობრივად ევალება ყურადღებით საქმის განხილვის ვალდებულება.
საზოგადოებას ამ საქმის მიმართ აქვს უზარმაზარი ინტერესი. ამიტომ, ამ ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ საქმეზე გაცილებით მეტი გამჭვირვალეობა, ვგულისხმობ გამოძიებას და სასამართლოს, რომ საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული. ჰააგის ტრიბუნალი, რომელიც უმძიმეს დანაშაულს იძიებს, ეს არის ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ისინიც კი გამჭვირვალეობის გარკვეულ ხარისხს ინარჩუნებენ.
ვერ გავიგე რა გახდა ეს ჩვენი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველაფერს ასაიდუმლოებს და ყველანი ვართ ვარაუდებში, რადგან არ გავქვს დოკუმენტები. ამიტომ, რაც უფრო მეტ დოკუმენტებს გამოაქვეყნებს სასამართლო ამ საქმესთნ დაკავშირებით, ნაკლები კითხვები და ეჭვები იქნება. მით უფრო, რომ ვალდებულება ამაზე არსებობს და ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს, რადგან ბრალდებული არის მაღალი რანგის პოლიტიკოსი.
მოქმედი მერის დაკავების პრეცედენტი არსებობს ევროპის ქვეყნებში და მათ შორის ანალოგიური ბრალდებით 28 მილიონის გაფლანგავზე დააპატიმრეს ამერიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი...
- იქ სანამ სასამართლოში წავა საქმე აღკვეთის ღონისძიების შესახებ, გამოძიება დებს უტყუარ მტკიცებულებას. შესაბამისად სასამართლოსაც არაფერი არ აბრკოლებს, რომ გამოიტანოს საპატიმრო ღონისძიება. განსხვავება ეს არის და ჩვენი უდღეური პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმე მოგეხენებათ, რომ არაა ისეთი მტკიცე, რომ სასამართლომ ცალსახად გამოიყენოს აღმკვეთი ღონისძიება, პატიმრობა.
ამ საქმეზე სასამართლოს მიერ გირაოს გამოყენება ადასტურებს იმას, რომ პროკურატურამ დადო მტკიცებულება?
- რა თქმა უნდა და ამიტომაც დააკმაყოფილა შუამდგომლობა. თორემ ჩვენ ვიცით, რომ წინა ჯერზე სასამართლომ არ დაკმაყოფილა ეს მოთხოვნა და უგულავამ გააგრძელა მერის თანამდებობის მოვალოების შესრულება. ახლა, ეტყობა, უფრო მეტი მტკიცებულება არის იმის, რომ ეს კაცი არის დანაშაულის ჩამდენი. 70 მილიონი მოიპარა ხაზინიდან, 20, 1 თუ საერთოდ არ მოუპარია, ეს სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.
48 180 960 ლარის გაფლანგვის ფაქტზე უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა იმ მოსამართლემ, რომელმაც არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძეს შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულის გათვალისწინებით, რამდენად ადეკვატურია გირაოს თანხა?
- ძალიან ცოტაა. მე მახსოვს ერთ-ერთი ფინანსური სკანდალი, როდესაც ბანკირმა გაფლანგა ასობით მილიონი დოლარი, სასამართლომ მასაც შეუფარდა გირაო და მერე თვითონ ითხოვა, რომ ციხეში ჩამსვითო. ამიტომ, სრულიად არ მიკვირს, რომ გირაო შეუფარდა სასამართლომ, მაგრამ თანხის ოდენობა ძალიან საეჭვოა და ამიტომ, მე როგორც იურისტი გირჩევთ, რომ გამოითხოვოთ ის დოკუმენტი, რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ 50 ათასიანი გირაო საკმარისია იმისთვის, რომ უგულავა არსად არ მიიმალოს და გამოცხადდეს გამოძახებისთანავე.
რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, მხარეთა დაუსწრებლად უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილების უფლება ჰქონდა სასამართლოს?
- რა თქმა უნდა, ფორმალურად, ეს უფლება ჰქონდა სასამართლოს და მან ეს უფლება განახორციელა.
თვითმმართველოს არჩევნებამდე 5 თვით ადრე მერის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და უფლებამოსილების შეჩერება, პოლიტიკურად რამდენად მომგებიანია ხელისუფლებისთვის?
- ხუთი თვით ადრე არანაირად არ შეიძლება პოლიტიკური პროგნოზები გაკეთდეს. თუ პირი დამნაშავეა 5 დღეც რომ იყოს დარჩენილი არჩევნებამდე, უნდა დააკავონ და პასუხისგებაში მისცენ. მე მგონია, რომ აქ ეს ლოგიკა არაა გამართლებული. მარტივად არის საქმე, თუ დაუდასტურდება დანაშაული უნდა დააკავონ და ციხეში ჩასცან და პასუხი აგოს, თუ არ დაუდასტურდება უნდა გაუშვან. მე არ მინდა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში დავინახო. სამართლებრივად დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, მეორე დღეს, თუნდაც, პრეზიდენტიც რომ ხდებოდეს.