ესტრადის მომღერალთა ნაწილი მარინა ბერიძეს უპირისპირდება. ეკა კვალიაშვილისა და კახა კუხიანიძის თქმით, მომღერლები საახალხწლო კონცერტზე მარინა ბერიძემ დაბლოკა. კუხიანიძე for.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ 10 წელია იბლოკება. ამბობს, რომ აქვს სანდო ინფორმაცია თითქოს საახალწლო კონცერტზე ბერიძემ დაბლოკა. მისივე თქმით, იქამდე იბრძოლებენ, სანამ მარინა ბერიძე კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას არ დატოვებს. კუხიანიძის განცხადებით, ბერიძის წინააღმდეგ სხვა მომღერლებიც იბრძვიან, რომელთა ვინაობაც უახლოეს დღეებში (ახალ წლამდე) გახდება ცნობილი.
მარინა ბერიძე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ჩვენთან საუბრისას დასძენს, რომ კონცერტის ორგანიზებაში საერთოდ არ არის ჩართული და მხოლოდ ფინანსურ მხარეზე ზრუნავს.
კულტურის სამინისტროშიც ამბობენ, რომ ბერიძე არაფერ შუაშია და რომ კონცერტის ორგანიზება საკუთარ თავზე ჯგუფმა “ალტერ ვიჟენმა” აიღო, რომლის მედიაკოორდინატორიც for.ge-ს ამ ინფორმაციას უდასტურებს.
კახა კუხიანიძე ამბობს, რომ 10 წელია მას საქართველოში გამართულ არცერთ გალაკონცერტში არ მიუღია მონაწილეობა.
“კონცერტებზე მე ვერ გამოვდიოდი იმიტომ, რომ თურმე ეს არ სურს მარინა ბერიძეს, ეს არის მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ყოველთვის მაინტერესებდა, თუ ვინ იყო ის ადამიანი, ვინც აკონტროლებდა კონცერტში ჩასმული მომღერლების სიას, ანუ ვინ გადახაზავდა ხოლმე ჩემს გვარს. ამის გარკვევას ყოველთვის ვცდილობდი, მაგრამ რა თქმა უნდა ამას არავინ მეუბნებოდა.
მეგონა, რომ წელს განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ წელს შავი სიები აღარ იქნებოდა, მაგრამ გავიგე რომ თურმე მარინა ბერიძე კვლავ თანამდებობაზეა. გავარკვიე ვინ შემიყვანა შავ სიაში. ეს ადამიანი სწორედ მარინა ბერიძეა, რა თქმა უნდა, ამის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია მაქვს”, - აღნიშნავს კუხიანიძე for.ge-თან საუბარში.
მისი თქმით, მან ვითარების გარკვევა მარინა ბერიძესთან სცადა, თუმცა უშედეგოდ. “დავურეკე მას, როდესაც გაიგო, რომ მე ვურეკავდი, წივილ-კივილი ამიტეხა. რა თქმა უნდა, მასთან საუბარი ვერ შევძელი. მოგვიანებით, მომღერლები კულტურის სამინისტროში მივედით, მინისტრის მოადგილეს, მანანა ბერიკაშვილს ვესაუბრეთ, იგი სიტუაციის გარკვევაში დახმარებას დაგვპირდა. ჩვენ, მომღერლები დათმობას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ მან თანამდებობა დატოვოს. მინისტრის სახელზე შედის განცხადება და ველოდებით რომ სახელმწიფო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მარინა ბერიძეს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.
დაწმუნებული ვარ, რომ კონცერტზე გამომსვლელ მომღერალთა სიიდან მე არც სააკაშვილი ამომიღებდა და ამას არც გიორგი მარგველაშვილი გააკეთებს. ეს კეთდებოდა ქვედა საფეხურებზე. ქვედა საფეხურზე შემორჩენილი ერთ-ერთი ადამიანი მარინა ბერიძეა. კი ამბობს, რომ თურმე არაფერ შუაშია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეგ არის მთავარი ფიგურა ამ შემთხვევაში.
სიებს სხვა პირებიც ადგენდნენ, მაგალითად აჩიკო გულედანი, სტეფანე მღებრიშვილი, კახუჩელა (კახა ცისკარიძე)… კახუჩელას და სტეფანესთვის არაერთხელ მითხოვია, რომ ყველა კონცერტზე თუ არა, რამდენიმეზე მაინც ჩავესვი, მაგრამ რატომღაც ეს ვერ ხერხდებოდა. ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანები დღეს არაფერ შუაში აღარ არიან.”, - აღნიშნავს მომღერალი.
კუხიანიძის თქმით, მისი და ეკა კვალიაშვილის გარდა მარინა ბერიძის წინააღმდეგ კიდევ არაერთი მომღერალი იბრძვის. “მომღერალთა ვინაობას ძალიან მალე შეიტყობთ. ამის შესახებ თქვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ცნობილი ახალ წლამდე გახდება”, - დასძენს ის.
ჩვენ მარინა ბერიძესაც დავუკავშირდით. იგი ოფიციალურ კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა მცირე განმარტებები მაინც გააკეთა. “რაღაცეებს მაბრალებენ, მაგრამ არ მაინტერესებს რაც უნდათ ის ილაპარაკონ. მე არ ვაკეთებ კონცერტს, მხოლოდ ფინანსური მხარის მოწესრიგებაში ვარ ჩართული. გამოვიდა აჩიკო გულედანი და თქვა, რომ კონცერტს ის აკეთებს და ჩემგან რაღა უნდათ?!” - აღნიშნა ბერიძემ for.ge-თან საუბრისას.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ოფიციალური განცხადება გაკეთდება. “ეხლა რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ მომღერლების შერჩევასთან მარინა ბერიძეს არავითარი კავშირი არ აქვს. კონცერტს აკეთებს “ალტერ ვიჟენი”. ყველაფერზე ესენი ზრუნავენ, მათ შორის კონცეფცია და მომღერლებიც მათვე შეარჩიეს”, - გვითხრა კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
For.ge ჯგუფ “ალტერ ვიჟენის” მედია კოორდინატორ სოფო ებრალიძესაც ესაუბრა, იგი ამბობს, რომ კონცერტის კონცეფცია მთლიანად მათ მიერაა შემუშავებული. “იქნება რაღაც დროის მანქანის მსგავსი კონცერტი, ანუ 1930-იანი წლების ჰიტებიდან მოყოლებული - დღემდე. მსოფლიოს სცენაზე რაც კი მნიშვნელოვანი ჰიტი შექმნილა, იმის გათამაშება იქნება 31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე. მომღერალთა სია ჰიტებიდან გამომდინარე დაკომპლექტდა. შევარჩიეთ როგორც ბენდები, ისე - ესტრადის მომღერლები. ძალიან ბევრი კარგი ჯგუფიცაა, რომლებიც კონცერტზე ვერ მოხვდნენ. არსებობს რაღაც შეზღუდვები, კონცერტი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ანუ მომღერლები ჰიტებიდან გამომდინარე შევარჩიეთ, ვინ როგორ მოერგებოდა ამა თუ იმ ჰიტს”, - ამბობს იგი.
ებრალიძე კომენტარს მარინა ბერიძის შესახებაც აკეთებს და დასძენს, რომ ბერიძე კონცერტის დაგეგმვის პროცესში არ ჩარეულა.
“მარინა ბერიძე კულტურის სამინისტროს თანამშრომელია. კონცერტის დამკვეთები არიან კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია ერთობლივად. კონცერტის მონაწილეთა შერჩევა-გადარჩევაში არც კულტურის სამინისტრო და არც მერია არ ჩარეულან. ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება ამ ორივე უწყებასთან შეთანხმებით ხდებოდა, მაგრამ მათი მხრიდან უხეში ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა”, - აღნიშნა ებრალიძემ for.ge-თან საუბრისას.