ძვირფასო თანამემამულენო!
ვკადნიერდებით და მოგაგონებთ, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გაამარჯვებინა ბატონი ბიძინა ივანიშვილის უანგარო დამოკიდებულებით მოხიბლულმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, რომელიც ენდო კოალიციის დაპირებას, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას ეროვნული ღირებულებების, სამართლიანობისა და დემოკრატიის დამკვიდრებისათვის.
განვლო ერთმა წელმა... რა ჩანს ჰორიზონტზე, რას უნდა ველოდოთ?
ბატონებო!
იძულებული ვართ ღიად გამოვხატოთ ჩვენი წუხილი ზოგი საკითხის გამო:
უპირველეს ყოვლისა, რატომ ვიმასხარავებთ თავს (ბოდიშს ვიხდით გამოთქმის გამო), რატომ ვუქმნით შესაძლებლობას “დამარცხებულ გვარდიას”, საქვეყნოდ დაგვცინონ, სიამაყით აღნიშნონ, რომ მათმა “ჩიჩინმა”, კაპრიზებმა შედეგი გამოიღო?! ხუშტურებით ნაკარნახევი დანაშაულებრივი ქმედებები არათუ მოსანანიებელი, არამედ სატრაბახო ყოფილა!..
რაც მთავარია: რატომ არის კომპეტენტური აზრი კვლავაც უგულებელყოფილი?
როგორ შეიძლება საკითხის ყოველმხრივ შეუსწავლელად საქართველოს საზღვრებში ზღვის აკვატორიის თუნდაც ერთი მეტრის დატვირთვა (და არა განტვირთვა) ისეთი ფუნქციით, რომლის განთავსების ალტერნატიული ვარიანტებიც არსებობს. საკითხი, პირველ რიგში, მეცნიერების, პროფესიონალების მიერ არის შესასწავლი, შემდგომ შესადარებელია ალტერნატივები ყველა პარამეტრით, ყველაფერი ასაწონ-დასაწონია და მხოლოდ ამის შემდეგაა დასაშვები საჯაროდ განცხადების გაკეთება. ნუთუ წინა ათწლეულის პრაქტიკამ არაფერი არ დაგვანახა, არაფერი არ გვასწავლა?!
იგივე სურათი იხატება თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ჯერ შეჩერების, შემდეგ კი მშენებლობის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღების გამო. ან რისთვის ატყდა ხმაური ეროვნული ღირებულებების - ნარიყალას, სიონის, ანჩისხატის - გარემოს შეურაცხყოფის გამო? სად და რატომ გაიყინა საკითხი? ნუთუ ეს ყველაფერი არჩევნების სასურველად დასამთავრებლად იყო საჭირო?
რომელ ერთზე შევაჩეროთ თქვენი ყურადღება?
მეცნიერებამ, რომელიც ყოველთვის, ყველგან იყო და არის ფუძე ქვეყნის აღმშენებლობისა, ამ ცივილურ ეპოქაში მაინცდამაინც ჩვენთან განიცადა გამანადგურებელი, მიზანმიმართული დარტყმები და, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი ბედი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას!..
განათლების საკითხი? ხომ თვალნათლივია, რომ რეფორმად წოდებულ ერთ “დაცრეცილ ტომარაში” ჩაიყარა ყველა განხრის უმაღლესი სასწავლებლები. რა სპეციფიკა, რის სპეციფიკა, სადაა ეროვნული ინტერესები?
სურათი, რაც წინა წლებში შეიქმნა, ახლაც ისევე იხატება, თუნდაც ქვეყნის “მშენებლობით აღმშენებლობის” შესახებ. სად არის მართვა ამ პროცესებისა დროის მოთხოვნათა შესატყვისად? ან სად გაგონილა დაგეგმვა მშენებლობისა ყოველგვარი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის გარეშე და იმავდროულად სათანადო პროფილის სახელმწიფო უწყების არსებობის გარეშე?! რატომ იქმნება პირობა ქაოტური ქმედებებისა, რომელიც, ვინ იცის, სიკეთის მაგივრად რას უქადის მომავალ თაობებს?!
საიდან ჩნდება სამთავრობო სტრუქტურებში ამდენი არაკომპეტენტური, ყოველივე ქართულის ურწმუნო და ცინიკოსი, ,,გათამამებული სიბრიყვე”?!..
გულსატკენია, მეტი რომ არა ვთქვათ! უფალმა ხომ ასე უხვად დააბერტყა ერს ნიჭიერება, ანალიტიკური აზროვნება. ჩვენ კი ხელოვნურად ვთრგუნავთ და ვხდით მას უნაყოფოს.
როდემდე?!