ლევან მაჭავარიანი: ფიცოც და ტრამპიც ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდასა და არალეგალურ მიგრაციას, ორივე არის უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დამთავრების მომხრე, მათზე თავდასხმების უკან გარკვეული ძალები დგანან

ლევან მაჭავარიანი: ფიცოც და ტრამპიც ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდასა და არალეგალურ მიგრაციას, ორივე არის უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დამთავრების მომხრე, მათზე თავდასხმების უკან გარკვეული ძალები დგანან

ძალიან უცნაურია, როდესაც დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ემთხვევა ის, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, ბატონ ფიცოზე ხდება თავდასხმა, ტერაქტი და შემდეგ უკვე დონალდ ტრამპზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„მათ შორის ერთი დიდი მსგავსებაა, რომ ორივე არის უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დამთავრების მომხრე, ორივე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდას და ორივე კატეგორიულად ეწინააღმდეგება არალეგალურ მიგრაციას. ასეთი ტიპის დამთხვევა არის. ამის უკან, რა თქმა უნდა, გარკვეული ძალები დგანან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, - განაცხადეს უწყებაში.