დიტო გელოვანი: კეკელა და მაროთი, ტოიოტა პრადოთი

დიტო გელოვანი: კეკელა და მაროთი, ტოიოტა პრადოთი

...ზოგი ადამიანი იქნებ ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორად გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. ღირსებები ერთი მონაცემია, მათი სორად გამოყენების უნარი - მეორე. ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ სხვადასხვაგვარი ზნეობა ჰქონდეს. მაშინ, ყოველი მათგანი თავის შესაძლებლობებს საკუთარი ზნეობის თანახმად გამოიყენებს. ადამიანის ნამოქმედარის ღირებულება მისი ზნეობის ღირებულებით განისაზღვრება. დარწმუნებული ვარ, ყველა დროის საზოგადოებაში იყო არწივის, სვავის თუ ჩიორას მეტ-ნაკლები ასპარეზი და ადამიანი ერთს, მეორეს თუ მესამეს ზნეობრივი მიდრეკილების თანახმად ირჩევდა.

(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)

ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე - ზნეობაში, რომელიც მიდრეკილებებს განსაზღვრავს. შტანგის აწევა რომ შეგიძლია, ვიღაცის მკლავის გადაწევა რომ შეგიძლია, კალათში ბურთის ჩატენვა და შპაგატში ჩაჯდომა რომ შეგიძლია, სიმღერა და ცეკვა რომ გეხერხება და კიდევ ათასი რამ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რამეს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ის, რაც უკვე ჩამოითვალა. რა გინდა და რისთვის აკეთებ - ეს არის თემა. ეს არის თავისუფალი თემა, რომელსაც ყველა ვერ წერს, ბევრი კი, წაკითხულსაც ვერ იგებს.

მთავარი ხომ გაგებაა...

გასული კვირის (და, კიდევ, იმის წინა კვირის) ამბებიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გიგი უგულავას შუაღამეული ციმ-ციმ გადაყენება, ვანო მერაბიშვილის ჟიმ-ჟიმ გამოყენება, საზმაუს ბორდის კომისიის ჰიპ-ჰოპ კინტაურები, ჯაჭვლიანის „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“ და ავთანდილ ბერიძის „მე ტოიოტა ბიჭი ვარ“... და სხვაც ბევრი, თუმცა... როგორ გითხრათ... მაგალითად, თოვლი შეიძლება იყოს, მშრალი, სველი, მძიმე, მსუბუქი, ფანტელი, რომ ბარდნის, რომ ცრის... მაგრამ თოვლი ყოველთვის არის თეთრი. ანუ, ფერი (ქიმიურ შემადგენლობასთან ერთად) არის მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი.

იმის თქმა მინდა, რომ თუ თოვლზე ვამბობთ, რომ არის თეთრი, გასული კვირის ამბების, მოვლენებისა, გაელვებებისა და ეპიზოდების საერთო მახასიათებლად,, პირადად მე, ეს ნიუსი მიმაჩნია:

„კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ბრძანებით, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულის შესახებ მინისტრის ბრძანებას "ფეისბუქში" თავად უშიკიშვილი აქვეყნებს. ის თანამდებობიდან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე კომენტარსაც აკეთებს. "მეგობრებო, აღარ ვარ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი. მიუხედავად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტისა, გამათავისუფლა ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე, ოღონდ, აღსანიშნავია, რომ ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე, რომ შვებულებაში ვარ. აჰა, ასე აღადგინა სამართლიანობა ანზორ ერქომაიშვილმა. არა უშავს, ეს დასაწყისია დიდი ბრძოლის, მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის“, - წერს უშიკიშვილი.

ა, ბატონო - არც ციხეში ჩაუსვამთ, არც ქონება წაურთმევიათ, არც უცემიათ, არც ცოცხი შურჭვიათ და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ხმა ჩამოურთმევიათ (რომელიც ღმერთმა მისცა) და არც ხმის უფლება (რომელიც კონსტიტუციამ უბოძა), მაგრამ, მაინც, „ეს დასაწყისია დიდი ბრძოლისა“-ო.

ახლა, ამ ნიუსით ისიამოვნეთ: „მიუხედავად იმისა, რომ გირაო შემეფარდა, ჯერ ბრძოლა არ არის დამთავრებული“, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის შემდეგ „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას გააკეთა“.

მოკლედ, გასული კვირის, იმის წინა კვირის, იმის, იმის, იმის და მომდევნო და კიდევ მომდევნო კვირების მხატვრულ-გრაფიკული გამოსახულება ის შეიძლება იყოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი ლოგო ვერტიკალურად რომ დააყენო და აქეთ-იქიდან მაქაცარია-შარანგიების (ჯერ კიდევ მაგათია, მაგრამ მალე...) „კავკასუს ონლაინის“ ახალი ლოგო რომ მიუხატო. სიტყვით კი არის ეს - „გოიმები“, ანაც ეს - „ქაჯები“.

და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქაჯებს ციხეს კი არ უნდა უნგრევდე, არამედ, უნდა უშენებდე - „მშვიდობაში მოიხმარეთ 20-20 წელი და რომ გამოხვალთ, კიდევ 20-20 წელი ღილაკზე თითის მიჭერა არ დაგავიწყდეთ“.

მაგრამ, ვინაა პატრონი? პატრონობა მოვლას ნიშნავს, მაგრამ მოვლაც არის და მოვლაც. ის კი არა, რაჭველებს რომ უსაყვედურეს, ოსებს როგორ ვერ მოუარეთო და ამათ - რავა ვერ მოვუარეთ, ქვე შენი ჭირიმე, თერჯოლაზე დავდივართო. ანუ, ზოგს რომ კითხო, მოვლა გადაადგილებაა, გადაადგილება კი, ფეხითაც შეიძლება - რკინის ჯოხით და რკინის ქალამნებით. ასევე, არსებობს გადაადგილების სხვა, თანამედროვე საშუალებებიც.

„ახალი ავტომობილის შესყიდვის საკითხს საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა და მე გავითვალისწინე საზოგადოების აზრი“, - აღნიშნა მან. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ავტომობილი, რომლითაც ის გადაადგილდება, მწყობრიდან არის გამოსული. „გუშინ ქედის მუნიციპალიტეტში გავემგზავრე, თუმცა ავტომობილის გაუმართაობის გამო გზიდან დაბრუნება მომიხდა. ამასთან, უმაღლეს საბჭოში შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის კომისია და აღნიშნული სამსახურები საჭიროებენ ავტომობილით გადაადგილებას“, - განმარტა ბერიძემ“.

აქვე დავძენ, რომ ცხელ-ცხელი და ალალ-მართალი ამბებით კვლავ „ინტერპრესნიუსი“ მამარაგებს.

ზემოთ შემთხვევით არ მიხსენებია „გადაადგილების თანამედროვე საშუალებები“. სწორედ „გადაადგილების თანამედროვე საშუალებების“ არქონა იყო მიზეზი იმისა, რომ ავთანდილ ბერიძეს შუა გზიდან მოუხდა დაბრუნება. „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს ამ დრომდე 2012 წლის "ტოიოტა პრადო" და „ტოიოტა კამრი“ ემსახურებოდა...“ - ესეც იმ ნიუსის ნაწილია.

განა შეიძლება, რომ 2012 წლის „ტოიოტა პრადო“ გადაადგილების თანამედროვე საშუალებად ჩაითვალოს? მინდა დაგამშვიდოთ, ამისათვის კი ნიუსის კიდევ ერთ ნაწყვეტს გაახლებთ:  „2012 წლის "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, ამავე მარკის 2014 წლის მოდელი მოემსახურება. სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის ჩატარებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანა 83.000 ლარი ღირს“.

გოიმი ყოფილა... რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ერთი ხელისუფლების შეცვლა მეორე ხელისუფლებით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთი გოიმი მეორე გოიმით არ შეიცვლება.

გიგი უგულავას დავუბრუნდეთ. სასამართლო მსჯელობს, მოიპარა თუ არა გიგი უგულავამ მილიონები. მაგაზე მსჯელობა თემიდისთვის მიმინდია, სულ არ ვენდობი, მაგრამ სხვა რა გზაა? მილიონები - მილიონებად, ვენაში მემკვიდრის დაბადება და დაბადების აღსანიშნავად ავსტრიაში დელეგაციით ჩასვლა კი ის არის, რასაც, ისევ და ისევ, გოიმობას ვუწოდებთ. ზუსტად მახსოვს, რომ იმ დელეგაციაში შედიოდა ნიკოლოზ რაჭველი (ასეთ რაჭველებს გაარტყას შხივანელი კოწიას ბუღამ) და შემიძლია ვივარაუდო, რომ საერთო-სახალხო დღესასწაულს არც გიორგი უშიკიშვილი (ყველა ეგეთ გიორგის გასცხო არმაგედონის ზანგმა) გამოაკლდებოდა - თუ მშობიარობას შოპენი უხდება, მისი წარმატებით დასრულების აღსანიშნავი ნადიმი „მრავალჟამიერით“ ფასობს.

ეს - საერთოდ, უგულავას ავსტრიული ჭინთვების გამო კი, წესით, უშიკიშვილს და რაჭველს „კეკელა და მარო“ უნდა შეესრულებინათ.

რომ შევაჯამოთ, იქით - გიგი უგულავა თავისი კეკელა მაროთი და აქეთ - ავთანდილ ბერიძე თავისი „ტოიოტა პრადოთი“.

ე ბიჭო, მგონი გაირითმა, ხო იცი!

გასული კვირის დასაწყისში იყო, ვანო მერაბიშვილმა რომ განაცხადა - შუაღამისას საკნიდან გამიყვანეს, თავზე დამახურეს და დასაჩმორებლად  გენპროკურორთან მიმიყვანესო, კვირის ბოლოს, მას შემდეგ, რაც იწილო-ბიწილო-გიგილოს მერის უფლებამოსილება შეუჩერდა, ამ უკანასკნელმა დაიჩივლა, მოსამართლეზე ზეწოლა ხდებოდაო.

ეს ორი ქეისი (რა სიტყვა გავაძრე!!!) ერთმანეთს იმით გავს, რომ ორივე შემთხვევაში საბრძოლო ყიჟინა დასცეს როგორც ასო-ებმა (არასამთავრობო ორგანიზაციებმა), ასევე - ასო-ებში დაფრთიანებულმა პოლიტიკოსებმა, როგორც ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე - ქართული ოცნებიდან.

მა როგორ - მათ ხომ მენტალიტეტში ასო-ები უდევთ?

ყიჟინა დასცხეს, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა: „სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს გამოძიება!“

მაიცა და, რამდენჯერ ეგენი რაღაცას იტყვიან („კუჭი ამეშალა“, „ცხვირში ვარ გაჭედილი“, „თმაში ჭაღარა შემომერია“...) იმდენჯერ გამოძიება უნდა დაინიშნოს? აკი, გამომძიებლები არ გვყოფნისო? აკი, პროკურორების ნაკლებობააო? აკი, ანუსში ექსკრიმენტი გვახმებაო?

რაც მაგათ მარტო ბოლო ამ ერთ თვეში ადამიანის უფლებებზე გულისამაჩუყებელი განცხადებები აკეთეს, იმ ცხრა წლის განმავლობაში მაგის მეათედი რომ ეთქვათ, იქნებ არც ისე ცუდად ყოფილიყო საქმე, როგორც არის და იქნებ უფრო უკეთესადაც, ვიდრე იქნება.

ავიღოთ პარლამენტი.  „დეპუტატების მიერ პარლამენტისა და კომიტეტის სხდომების გაცდენებთან დაკავშირებით არსებული სანქციები შესაძლოა,  გადაიხედოს და დისციპლინური პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ თემაზე უმრავლესობაში მუშაობა მიმდინარეობს“ - იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო. როგორც მივხვდი, იმ დეპუტატებს, რომლებიც სხდომებს გააცდენენ, ფინანსური ან სხვა სახის (ტაჯგანალებით ცემა, მოპირულ ხმლებზე გადახტომა) სანქციები დაეკისრებათ.

კი, მაგრამ, ძალიან მაინტერესებს, რა აკლდება ქვეყანას იმით, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და მისივე უმცირესობის რამდენიმე კვერცხუჯრედი სხდომებს აცდენს? პირიქით, მეგობრებო, პირიქით! მე თუ მკითხავთ, ეგეთები დასწრებისთვის უნდა დააჯარიმო, გაცდენისთვის კი - მადლობა უთხრა, ფერადი ტელევიზორით ან ორკასეტიანი მაგნიტოფონით დააჯილდოვო, ანაც, მარტივად - პრემია უნდა გამოუწერო. პრემიებზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი, კვლავ საქმიანი სააგენტო და უსაქმური პარლამენტი.

„დავით უსუფაშვილი წინააღმდეგი არ იქნება, რომ დეპუტატები გინებისთვის პარლამენტიდან და პარტიებიდან გაირიცხონ, თუმცა ასეთ შემთხვევაში უსუფაშვილი ელოდება, რომ პარლამენტში შესაძლოა, აღარავინ დარჩეს. "არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუკი ვინმე დეპუტატებისგან სადმე გინება დაგიფიქსირებიათ, ის გარიცხული იყოს პარლამენტიდან და პარტიებიდან, მაგრამ არ ვიცი, ასეთ შემთხვევაში რამდენი კაცი დარჩება პარლამენტში“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა“.

ისა და, ბატონო დავით, მაგ სათვალიდან და გინდაც სათვალის ზემოდან, კარგად გადახედეთ პარლამენტს და განა რამდენ კაცს დათვლით? მერწმუნეთ, ჯონ სილვერის ხელებისა და ფეხების თითები გეყოფათ. ჯონ სილვერს კი, გეხსომებათ, ერთ-ერთი ფეხი საერთოდ არ ქონდა.

პრემიები-მეთქი... „თბილისის საკრებულო "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ გაღებულ სხვადასხვა ხარჯებს უკავშირდება.

"უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტური მიდგომის შემთხვევაში ადვილად შესამჩნევია, რომ არსებობს ფუნდამენტური სხვაობა ორ რეალობას შორის. კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობაში ყოფნის პერიოდში, მივლინებებსა და სხვა ამოცანებისათვის იხარჯებოდა სამჯერ და ოთხჯერ მეტი თანხა, რის დასტურადაც გამოდგება სტატისტიკა...“

სტატისტიკა კი, ასეთია: იანვარ-ოქტომბერში თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 707 631 ლარი, საიდანაც საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი. 2013 წლის 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს წევრების მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 203 445 ლარი. 2012-2013 წლების განმავლობაში თბილისის საკრებულომ 28 ავტომობილი შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულება 915 725 ლარს შეადგენს. დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ყველაზე დიდი თანხა - 54 850 ლარი გადახდილია 2011 წელს გამოშვებული Mitsubishi I200 მოდელის ავტომობილში. თბილისის საკრებულოს 2013 წელს საწვავის ხარჯების გეგმა შეადგენს 352 100 ლარს. აღნიშნული თანხა კიდევ უფრო გაზრდილია 2014 წლის გეგმით და განისაზღვრა 432 000 ლარით.

აეეეე... იგულავეთ, დებო და ძმებო, - „ვაინა ვსიო რავნო ვსიო სპიშეტ“!

და აი კიდევ: „თბილისის საკრებულომ 2013 წლის ბიუჯტში ცვლილება დაამტკიცა, რომლითაც მერიის მიერ დაფუძნებულ სიპ-ებში, აიპ-ისა და შპს-ში დასაქმებული ოცი ათასამდე ადამიანი საახალწლოდ მეცამეტე ხელფასს მიიღებს. ამ საკითხის განხილვა სხდომაზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მედია არ ესწრებოდა. საკითხის დამტკიცების შემდეგ სხდომიდან გამოსულმა თბილისის მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკითხი სხდომაზე ერთხმად მიიღეს, რისთვისაც საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა“.

რატომ არ ესწრებოდა მედია? რატომ და, კოჰაბიტაციური სექსის შესახებ არავინ არ უნდა იცოდეს, ეს არის ორი პარტნიორის პირადი საქმე.

ზემოთ მინდოდა მეკითხა, თუ ხედავთ რამე განსხვავებას ნაცებსა და მეოცნებეებს შორის-მეთქი, თვითონვე ვაპირებდი მეპასუხა - „არავითარი განსხვავება“, მაგრამ ამ ბოლო ამბავმა რამსები ამირია, ჩამაფიქრა და ერთი განსხვავება მაპოვნინა - ნაცები მხოლოდ თვითონ გულაობდნენ, მეოცნებეები კი, თვითონაც გულაობენ და ნაცებსაც აგულავებენ.

აი, სად და ვისთვის უნდა ეთქვა სოსო ჯაჭვლიანს თავისი ფრთიანი ფრაზა „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“, ანუ „ნუ ბლატაობთ, თქვე ჩმორებო“, მან კი მხოლოდ გია ბარამიძეს უთხრა და, საერთოდაც, თუ ჩმორია, მიაჩმორე და ნუ აბლატავებ!!!

ნუ აბლატავებ, თორემ აი -  „თბილისის და კიევის შემდეგ, ნიუ-იორკი არის ჩემთვის ყველაზე ახლობელი და მშობლიური ქალაქი. მაქვს ძალიან კარგი და სერიოზული წინადადება წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტისგან. როდესაც ამ პროგრამაზე მუშაობას დავასრულებ, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში და ჩავერთვები პროცესებში“, - განაცხადა იმ მართლა ჩმორმა, რამდენიმე წლის წინ რომ ამბობდა, ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს აფხაზეთში დავბრუნდებითო.

გადავქექე, გადმოვქექე, ნიუსებში ვიძრომიალე, თვალები დავითხარე... მინდოდა რამე დადებით-ოპტიმისტური მენახა, რაც არ უნდა იყოს, ახალი წელი მოდის. ვეძებე, ვნახე, მთლად ისეთი ვერა, მაგრამ მაინც.

„საქართველოს პარლამენტის წევრი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია ხვალ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის ორგანიზატორი და მხარდამჭერია "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI). როგორც "ინტერპრესნიუსს" შეხვედრის ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრის მიზანია, ნაძალადევის რაიონში 9-თვიანი საქმიანობის შეჯერება და გამოვლენილ პრობლემებზე მსჯელობა. მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრების შემდეგ გამოვლინდა, რომ ნაძალადევის მოსახლეობა მხარდაჭერას საჭიროებს შემდეგ სფეროში: საკუთრება, სოციალური, კომუნალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და სხვ. თითოეული მათგანზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებით დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ შესაბამის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს", - განაცხადა თამარ კორძაიამ. მისივე თქმით, იგი აქტიურად თანამშრომლობს "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტთან". თანამშრომლობის მიზანია, ნაძალადევის რაიონში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების ხელშეწყობა და გაძლიერება. სამუშაო შეხვედრის დასასრულს დამატებით გამოიკვეთება ის კონკრეტული თემები, რომლებზეც პარლამენტის წევრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება“.

დიდია ციტატა, მაგრამ მისი სრულად მოყვანის ცთუნებაც დიდი იყო. ისე, მართლა ხომ მაგარია? გოგომ ნახალოვკელების პრობლემებზე საუბარი გადაწყვიტა, მიმართა ლუის ენდიაია ნავაროს, მისი ფინ. მხარდაჭერით დაიქირავა „რედისონი“, სადაც შეხვდა ენჯეოშნიკებს და... აღმოჩნდა, რომ 9 თვეში მხოლოდ ეს გაურკვევია - „ნაძალადევის მოსახლეობა მხარდაჭერას საჭიროებს შემდეგ სფეროში: საკუთრება, სოციალური, კომუნალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და სხვ“. ასევე - „აქტიურად თანამშრომლობს "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტთან". თანამშრომლობის მიზანია, ნაძალადევის რაიონში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების ხელშეწყობა და გაძლიერება“.

ნაცებმა მატროსოვის ციხესთან სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს, გიგი უგულავა პროკურატურაში ტაშით შეაცილეს და საქმიანობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ, აკო მინაშვილის სიდედრმა თმა შეიღება, გიორგი კანდელაკმა წარბების კორექტირება გაიკეთა...

ვინ აბლატავებს ამ ჩმორებს?

„სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის ცემაში ბრალდებული წყალბურთელები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ“ - შემატყობინა მოძმე-მოამაგე სააგენტომ.

გენაცვალეთ, ძმებო.

ძ.მ. (ძაან მაგარია) მხოლოდ რამდენიმე წამით მოაკითხა ფიქრის უნარმა, ეფემია წინამძღვარი და მისი ნათქვამი მოაგონდა: „ბოლომდე დამწვარი სანთლის ნაღვენთი თავისთავადაც მშვენიერებაა და იმ მშვენიერებასაც გვაგონებს, რაც რბილად მოციმციმე, მაგრამ წყვდიადის შემანგრეველი ძალა იყო“.

(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)