ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი წერილს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მისი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლას არასდროს დაემორჩილება.
„შეერთებულმა შტატებმა უნდა აღიარონ რეალობა და ერთხელ და სამუდამოდ შეიგნონ, რომ ირანი არ დაემროჩილება ზეწოლას“, - ნათქვამია პეზეშკიანის წერილში.
ის ასევე ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობასაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ეს ორი ქვეყანა ირანს გვერდში უდგას, რაც დასაფასებელია.
„ჩინეთი და რუსეთი ჩვენ რთულ დროს თანმიმდევრულად გვიჭერდნენ მხარს. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ მეგობრობას. ჩვენი ჩინეთთან 25-წლიანი საგზაო რუკა ერთმანეთისთვის სასარგებლო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გზაზე ქვაკუთხედს წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.
ის აგრეთვე ევროკავშირთან ურთიერთობებსაც მიმოიხილავს და დასძენს, რომ თეირანი ბრიუსელთან კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა. პეზეშკიანის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაითავისონ, რომ ირანელები ამაყი ერია, რომლის უფლებების და ღირსების იგნორირება არ შეიძლება.
ირანში 5 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პეზეშკიანის მეტოქე საიდ ჯალილი იყო. პეზეშკიანმა ხმების 53,6% დააგროვა და გაიმარჯვა.