დღევანდელი საკვირაო სპორტული მოგონებების უმთავრესი გმირები ქართველი კალათბურთელები იქნებიან. ცოტა ხნის წინ სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებმა ახალი თავკაცი აირჩიეს. იმედია ახალი წლის შემდეგ ქართული კალათბურთი განვითარების ახალ გზას დაადგება და ახალი ხელმძღვანელობა თავისი წინამორბედების საქმეს ღირსეულად და წარმატებულად გააგრძელებს.
დიდი ხანია ქართული სპორტის პრობლემებზე საკუთარი აზრები მკითხველისთვის არ გამიზიარებია. მალე ახალ წელს შევხვდებით და ვცდილობ ტრადიციულ საკვირაო შეხვედრებს ერთგვარი სახალისო ელფერი მივცე. ქართულ სპორტზე სალაპარაკო ბევრია, მაგრამ ამ თემას მომავალ, 2014 წელს აქტიურად დავუბრუნდები.
დღევანდელი სახალისო ისტორიების პირველი სტუმარი ვეტერანი კალათბურთელი პაატა გურასპაული იქნება.
„1981 წელია. თბილისში ტარდება გაგარინის სახელობის ტურნირი კალათბურთში, იმ დღეს სსრკ ახალგაზრდული ნაკრები თბილისის "დინამოს" ხვდება. მე სსრკ-ს ახალგაზრდული ნაკრების გუნდში ვირიცხები. როგორი საქმეა შენი ქალაქის გუნდის წინააღმდეგ ითამაშო. რა ვქნა აღარ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე. თამაშზე უარს ვერ ვიტყვი, შეიძლება გამრიცხონ. შეიძლება კი არა - გამრიცხავენ. არადა ჩვენს კალათში ბურთი როგორ ჩავაგდო? არ ჩავაგდებ და სიმულიანტად მომნათლავენ ნაკრებში, ჩავაგდო და... და აქ გამახსენდა ერთი ინციდენტი, რომელიც ამ ამბამდე ორი წლით ადრე ჩვენი "დინამოს" სტადიონზე მოხდა.
„დინამო" თბილისი ჩვენსავე სტადიონზე ხვდებოდა სსრკ ნაკრებს, რომელშიც ერთი ჩვენი თანამემამულე, ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა. თავდამსხმელი იყო და მოგეხსენებათ თავდამსხმელის ფუნქცია გოლის გატანაა.
დაიწყო თამაში და თითქოს ჯინაზეო, ამარაგებენ და ამარაგებენ პასებით ნაკრების წევრები ამ ჩვენს ქართველ თავდამსხმელს. შავ დღეშია... აღარ იცის როგორ მოიქცეს... ხან ვითომ ბურთი "გაექცა", ხან ვითომ ფეხებში "გაებლანდა". ცოდვილობს და ცოდვილობს. სწორუპოვარი ბომბარდირი გახლდათ, აბა ნაკრებში ისე ვინ მიიწვევდა და ლოგიკურია მისგან გოლს ითხოვდნენ ნაკრების მწვრთნელები.
კიდევ მიაწოდეს ამ "ჩვენსას" ბურთი. ესეც ახტა და "ვერ შეწვდა". ისმის ქართველი მაყურებლის "სამადლობელი და საქებარი ყიჟინა - ყოჩაღ! ყოჩაღ ქართველო! მაგრამ შესვენებაზე ნაკრების მწვრთნელმა თითი დაუქნია - ნუ სიმულიანტობ, თორემ კარიერას დაემშვიდობეო.
ჩაყოლას რომ ჩათრევა ჯობია - იცით. ეს ჩვენიც ათამაშდა მეორე ტაიმში, მაგრამ კართან მისულმა ისევ "გამაზა" ვითომ. რას იზამ? ძნელია "მამლუქობა". ერთი ისეთი პასი მიიღო, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და მოწყენილად გაგზავნა ბურთი ჩვენი "დინამოს" კარის ბადეში.
პროფესიული ჩვევაა და გოლის გამტანი ტრადიციულად შეხტა და მარჯვენა ხელი მაღლა შესტყორცნა. ისევე ერთდროულად შემოეხვივნენ ნაკრების წევრები.
მოულოდნელობისგან წამით გარინდული "დინამოს" სტადიონი ერთბაშად გაიბერა, გაფართოვდა:
- ოოხ, მე შენიიი!
- ოხ, მე შენი ქართველობააა!
- ოხ, შე გამყიდველოოო! იუდააა!
...და აი, ამ მდგომარეობაში ვიყავი მე იმ დღეს და მწვრთნელებს ყელგამოწელვით შევეხვეწე - პირველ ხუთეულში ნუ შემიშვებთ მოედანზე-მეთქი, რაც ნაწილობრივად შემისრულეს კიდევაც. მაგრამ მოედანზე მაინც გამოვჩნდი. ვერ აგიწერთ რა მძიმე წუთები და წამები გადავიტანე. ბედის დაცინვას რა ვუთხარი. თამაშის ბოლო წუთზე ერთი ქულით ვაგებთ (სსრ ნაკრები), გულში მიხარია, რომ მაყურებლის რისხვა ამცდა და ვიღაც რუსმა ალალბედზე ნასროლი ბურთი სულ ბოლო წამზე არ ჩასვა თბილისის "დინამოს" კალათში. თამაშიც დამთავრდა და წავაგეთ... ერთი ქულით (ქართველებმა).
აღარ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე: გამიხარდეს თუ მეწყინოს? აღარ ვიცი რა ვქნა, ვიცი ერთი, რომ მაყურებელი მე მიყურებს. ესაა ტანჯვა, ითამაშო შენი გუნდის წინააღმდეგ, რა მექნა? თავი ჩავღუნე, ორივე ხელი თავს ზემოთ აღვმართე და ვუკრავ ტაშს, თან გასახდელისკენ მივიპარები. ტაში ჩვენს მაყურებელს ეკუთვნოდა, თუმცა ვინ გაიგებს? ტაში ყველამ თანაბრად გაინაწილა“.
მომდევნო მოგონების ავტორი ყოფილი კალათბურთელი, ბატონი ვალერი ლომაძე იქნება. ქართული სპორტის სტაჟიან გულშემატკივრებს ახსოვთ დრო როდესაც ჩვენი გუნდები „დიდ რუსეთში“ შეხვედრების ჩასატარებლად მატარებლით მიემგზავრებოდნენ. მოსკოვამდე „მისაღწევად“ გადაადგილების ამ საშუალებას სამი დღე სჭირდებოდა. გამიგრძელდა სიტყვა და ბატონ ვალერის მოვუსმინოთ.
„მწვრთნელი გვყავდა ერთ დროს შესანიშნავი პიროვნება და თავისი საქმის ბრწყინვალე ოსტატი - ძეკონსკი. საქმე კარგად მიდის. მოსკოვში მატარებლით გავემზავრეთ. ვინც იცის - იცის, ვინც არა - ავუხსნი, რომ თბილისიდან მოსკოვამდე მატარებელს სამი "სუტკა" სჭირდებოდა.
სამშობლოდან წაღებული სურსათ-სანოვაგე მალე გამოგველია. მეორე დღეა და მატარებელი ბელორეჩინსკის სადგურზე გაჩერდა.
ეს სადგური განთქმული იყო პროდუქტის სიუხვით. სახელდობრ, შემწვარი ქათმებით და მწყერებით.
გაჩერდა თუ არა მატარებელი - აბა ზედახორააა?! (სულ 5 წუთი ჩერდებოდა და რას მოასწრებ?!) ძეკონსკი ჩავიდა და რიგის ბოლოში მოექცა. აქედან ერთ-ერთი მწვრთნელი - ოგანეზოვი ეძახის:
- იძი კამნე, ია ტებე ადინ უმნი ვეშ სკაჟუ. ისიც მოვიდა. "ჩაიწყო ვარიანტი" - ოგანეზოვმა უნდა დაიყვიროს მატარებლიდან - "პოეზდ ატხოდიტ". მერე ყველა მატარებელს მოაშურებს და ძეკონსკი ურიგოდ აიღებს შემწვარ და მოხარშულ ქათმებს. დაუჯერა და დადგა რიგში. ოგანეზოვმა ყელი მოიღერა და იყვირა:
- პოეზდ ატხოდიტ!
დაფანცქალდნენ რიგში მდგარები და და ფაცხაფუცხით მოახტნენ მატარებლის კიბეებს. ამ დროს სულ "ცარიელი" ძეკონსკიც მარჯვედ ამოხტა კიბეზე და ოგანეზოვს ეუბნება:
- ვაა, უჟე ატხოდიტ?!
დავრჩით მშივრები“.
მომდევნო „საკალათბურთო“ მოგონება ბატონ ნოდარ ქორქიას ეკუთნის.
„1969 წელია. თბილისში თანამემამულე კლუბს ვეთამაშებით. ჩვენს გუნდში ძალიან იმედისმომცემი კალათბურთელი ნუგზარ ჭეიშვილი თამაშობდა. მაშინ მთელ ქალაქს მისი სახელი და გვარი ეკერა პირზე.
- ჭეიშვილი კალათბურთის ვირტუოზია.
- ნუგზარი ჩვენი სიამაყეა!
- ნუგზარის იმედი გვაქვს, თუ არა...
ხშირად გაისმოდა ქართველ ფანებში ეს მორბენალი ფრაზა - ფრაზები.
მართლაც ასეთი იყო ჭეიშვილების სიამაყე. ცოდვა გამხელილი სჯობს და მაგარ ფორმაში იყო იმ წელს, რომ არა ერთი ინციდენტი, რომელიც ზემოთ დავიწყე და ქვემოთ მოგახსენებთ:
ის მატჩია და მთელი დარბაზი სკანდირებს:
- ჭეი... ჭეი... მიდიიი.
- ჩაგლიჯე კალათი ნუგზაარ!
და აი, ნუგზარმა მიიღო ბურთი, წამსვე მომძებნა და მომაწოდა, მომაწოდა და წინ გაიჭრა. იმწამსვე დავუბრუნე ბურთი, მაგრამ ნუგზარი მაგარ გარემოცვაში მოხვდა. ტრიალებს ბურთიანად და ტრიალებს, მაგრამ არ აძლევენ გასაქანს. ყველა მხრიდან - საითაც კი შებრუნდა აფარებენ. დაესხა თავბრუ კაცს ამდენ ტრიალში.
- მომაწოდე ბიჭო ბურთი ჩქარა! - ვუყვირე კარგ პოზიციაში მდგომმა. ნუგზარი რისი ნუგზარი იყო მაყურებელი გაეწბილებინა და მისი ყრუ პასუხიც წყალქვეშა გემის განწირული ხმის ანალოგი იყო:
- შენ (ამ შემთხვევაში მე მიგულისხმა) რატომ უნდა მოგაწოდო, რა, მე ვერ ჩავაგდებო? (რა თავმოყვარეა ქართველი კალათბურთელი), ამდენი ტრიალით გაბრუებულმა ტყორცნა როგორც იქნა და... ბურთი ჩვენს კალათში ჩასრიალდა.
დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ერთ წამში მაყურებლებიდან ვიღაცამ იყვირა:
- დაგვღუპე ნუგზააააარ?! - და...
იმის შემდეგ ნუგზარი მორჩილად ანაწილებდა ბურთს თანაგუნდელებზე“.
დღევანდელი „ისტორიების“ ბოლო ფურცელს ცნობილი ქართველი მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია ჩაწერს. მის მიერ მოყვანილ შემთხვევას სახალისოთა რიგში ნამდვილად ვერ გავიყვანთ, მაგრამ დასაფიქრებლად ნამდვილად ღირს. ამ მოგონებას ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ.
„გუშინ ტელევიზორს ვუყურებდი. ქუჩაში ჟურნალისტი გამვლელებს კითხვებს უსვამდა და დღევანდელი ახალგაზრდობის ცოდნის დონეს ამოწმებდა.
- აბა - ეკითხება ერთ გამვლელს, სადაა მდინარე "ნილოსი" - 1-იმერეთში, 2-ზემოქართლში, 3-კახეთში. გამეცინა ჟურნალისტის "ეშმაკობაზე" და ველოდები ახლა იმ ახალგაზრდის პასუხს. იმანაც გვარიანად იფიქრა და იცით რას პასუხობს?
- ვერ დამაბნევთ, ნილოსი არც ერთგან არ არისო.
- აბა სადაა? - ჩაეძია ჟურნალისტი.
- სად და... ზემო სვანეთშიო - სრულიად სერიოზულად უპასუხა გამვლელმა.
შემომეყარა გულზე და ერთი ამბავი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით:
გივი კარტოზიას ძეგლზე (იგი ახლა სპორტის სასახლის წინ დგას) ვმუშაობდი 8 წლის განმავლობაში. ამდენ ხანს არ მოვუნდებოდი, მაგრამ მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს ფულის გადარიცხვა "ჭირდა" (არც ახლაა დიდად გასახარად ეს საქმე). ერთ დღეს ვრეკავ სპორტკომიტეტში. ყურმილს ჩემთვის უცნობი ნომენკლატურული ქალბატონი იღებს.
- მე თანხის გადმორიცხვის თაობაზე გირეკავთ - გიორგი ვარ შხვაცაბაია.
- რომელი შხვაცაბაია?
- გიორგი.
- გავიგე, ყრუ კი არ ვარ - გაგულისდა ქალი - რა ფულს ითხოვთ?
ჩამწყდა გული რომ სპორტის სამინისტროში არ მიცნობენ. მაგრამ არ შევიმჩნიე.
- გივი კარტოზიას ძეგლზე ვმუშაობ.
აქ კი ჩემმა გაოცებამ მე თვითონ გამაოცა:
- გივი კარტოზია ვინაა? - სრულიად სერიოზულად მკითხა ქალმა ყურმილში...“