ხელისუფლება მოქალაქეებს შვედური კომპანიის დახმარებით უთვალთვალებს

ხელისუფლება მოქალაქეებს შვედური კომპანიის დახმარებით უთვალთვალებს

ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების სააგაენტოს სადაზვერვო (CIA) მოწყობილობის მასშტაბებთან შედარებით, საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები, რომელსაც დღეში თითქოს 21 ათასი მობილური ტელეფონის მოსმენა შეუძლია - სასაცილოა. თუმცა, საზოგადოების აღშოთება იმით, რომ სახელმწიფო მათ ცხოვრებაში ცხვირს ჰყოფს, კვლავ უქმნის პიარ-პრობლემას ქვეყნის ხელისუფლებას. 

ანტიკორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (Transparency International (TI)) აქტივისტები აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც დღეს კოალიცია „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, ამტკიცებენ რა, რომ მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ უარს იტყოდა მიყურადების და თვალთვალის ჩვევაზე, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას ახასიათებდა, ქვეყნის შსს განაგრძობს პირადი საუბრების უკანონო მოსმენებს. შსს იყენებს ეგრეთ წოდებულ „შავ ყუთებს“, რომელიც საქართველოს ყველა მობილური ოპერატორის ქსელთან არის მიერთებული, ასაიდუმლოებს და ინახავს ათასობით სატელეფონო საუბარს, ტექსტურ შეტყობინებებს და ელექტრონულ წერილებს, ამტკიცებენ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 

„ეს არის დიდი კარადების მსგავსი რამ, პროცესორებითა და მყარი დისკებით... ვფიქრობთ, ასეთი ყუთები ყველა [ტელესაკომუნიკაციო] კომპანაშია“, ამბობს ორგანიზაციის იურისტი მარიანა ჩიჩუ, რომელიც ამ კვლევაშია ჩართული. 

ეს შავი ყუთები, რომელიც შვედური ტექნოლოგიური გიგანტის Ericsson-ის წარმოებისაა, კაბელებით მიერთებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან, რომელიც საქართველოს შსს-ს თვალი და ყურია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ამტკიცებენ, რომ სამინისტროს არ აქვს არც ტექნიკური და არც საკადრო რესურსი და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ქვეყნის მობილური კავშირის ყველა აბონენტს (4,9 მილიონი, რაც ქვეყნის მოსახლეობაზე (4,5 მილიონი) ოდნავ მეტია)) ერთდროულად მოუსმინოს. 

TI-ს განცხადებები, არამხოლოდ პოტენციურ თავის ტკივილს უჩენს საქართველოს ხელისუფლებას, არამედ განამტკიცებს შვედეთის, როგორც ჯაშუშური პროგრამული უზრუნველყოფის წყაროს რეპუტაციას. პარალელურად, დეკემბრის დასაწყისში საინფორმაციო სააგენტოები, მათ შორის Reuters იუწყებოდა, რომ შვედურმა სააგენტომ National Defense Radio Establishment (FRA), რომელიც კომუნიკაციის ელექტრონულ საშუალებებს აკვირდება, აშშ-ის უსაფრთხოების ორგანოებს უამრავი ინფორმაცია გაუზიარა რუსეთის შესახებ. 

საქართველოში არსებული სისტემა საზოგადოების მხრიდან კონტროლს ფაქტობრივად არ ექვემდებარება, რითაც ქმნის საკმაოდ დიდ შესაძლებლობას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისათვის. ბევრი ევროპული ქვეყნისაგან განსხვავებით, ამ ამიერკავკასიური რესპუბლიკის მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებათ სასამართლო ინსტანციების დოკუმენტებზე, რომლის დახმარებითაც ისინი შეძლებდნენ იმის განსაზღვრას, უსმენენ თუ არა მათ ტელეფონებს და უთვალთვალებენ თუ არა მათ კომპიუტერებს, რის შემდეგაც შეძლებდნენ მსგავსი ქმედებების კანონიერების გასაჩივრებას. 

მართალია, კომპიუტერებზე თვალთვალისა და ტელეფონების მოსმენებისათვის საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდებათ, თუმცა წესრიგის დამცველებს მანევრირების უამრავი შესაძლებლობა აქვთ მსგავსი ქმედებების დასასაბუთებლად. „პროკურატურას უფლება აქვს მსგავს მოსმენაზე ნებართვა მოითხოვოს ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში, იქნება ეს მკვლელობა თუ სასტიკი მოპყრობა ცხოველებს მიმართ“, ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი მარიანა ჩიკუ. თანაც, დროსთან დაკავშირებული არანაირი შეზღუდვა გათვალისწინებული არ არის, დასძენს იგი.

საქართველოს შსს ამტკიცებს, რომ სამართალდამცველ ორგანოთა წარმომადგენლები სატელეფონო საუბრებს უსმენენ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, როდესაც საქმე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება. 

სატელეფონო კომპანიები ცდილობენ პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრონ. როგორც EurasiaNet.org-ს საქართველოს უმსხვილესი მობილური ოპერატორის Magticom-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნინო სურგულაძემ უთხრა, კომპანიას მოსმენების საკითხზე „მსჯელობა არ შეუძლია“. სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია დაარღვიოს აბონენტების საუბრის და გზავნილების კონფიდენციალურობის უფლება, დასძინა მან. 

ნაკლებად მსხვილი რუსული მობილური კომპანიის „ბილაინის“ წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ტყეშელაშვილმა EurasiaNet.org-ს უთხრა, რომ მისი კომპანია კონსულტაციებს გაივლის იურისტებთან და შავ ყუთებზე განმარტებას მხოლოდ ამის შემდეგ მოგვაწვდის. 

ამ ეტაპზე კომპანია Geocell, რომელიც შვედურ-ფინურ ტელესაკომუნიკაციო კონცერნ TeliaSonera-ს ეკუთვნის, ერთადერთი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელიც აღიარებს, რომ საკუთარ ობიექტებზე შავი ყუთების დამონტაჟების უფლება მისცა ხელისუფლებას. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შვედურმა მედიამ წელს TeliaSonera ამ საკითხში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლონისთვის გააკრიტიკა, Ericsson კი თბილისისთვის შესაბამისი ტექნოლოგიის მიწოდებისათვის 2005 წელს. 

საკუთარ ქვეყანაში კონცერნი TeliaSonera ერთ-ერთი გამოძიების ფიგურანტია. გამოძიება მის საქმიან ოპერაციებს სწავლობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. გასულ წელს, შვედური საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოთხრობილი იყო კონცერნ TeliaSonera-ს თანამშრომლობაზე ბელარუსიის, აზერბაიჯანის და უზბეკეთის ავტორიტარულ მთავრობებთან, რის შედეგადაც ამ ქვეყნების მმართველებს შეეძლოთ საკუთარი, მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების კონტაქტების თვალთვალი. 

2013 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი კონსტიტუციურ, სამართლებრივ და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგი წერდა, რომ ტელესაკომუნიკაციო კომპანიებში თვალთვალის მოწყობილობების „არსებობის ფაქტი“ „პრობლემაა, რომლის გადაჭრაც აუცილებელია“. 

საქართველოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ჯაშუშობას, როგორც ჩანს, ნაკლებად სერიოზული შედეგები ჰქონდა, ვიდრე სხვა რესპუბლიკებში, მაგრამ მაინც გამოიწვია საზოგადოების პროტესტი მოქალაქეების პირად ცხოვრებაში შეჭრის გამო. ოპოზიციის ლიდერების სატელეფონო მოლაპარაკებებიდან ფრაგმენტების გამოქვეყნება ხშირი მოვლენა იყო სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის დროს. კრიტიკოსთა მტკიცებით, ხელისუფლება იშვიათად იწუხებდა თავს, რომ მსგავსი მომენისთვის სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე სასამართლოს ნებართვა მიეღო. 

შსს-ში ამტკიცებენ, რომ უწყებამ მუშაობა სუფთა ფურცლიდან დაიწყო. ამის დასტურად, შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანს მოჰყავს ის, რომ სამინისტრომ გაანადგურა არქივი, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებს შეიცავდა. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ არ დაუწყია ჯერ მუშაობა კანონზე „ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების“ შესახებ, რომელიც 2010 წელს შესწორდა თვალთვალის ტექნოლოგიების გამოყენების გაფართოების მიზნით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იმედოვნებს, რომ მის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეტანილი სარჩელი, ამ კანონის შეცვლის პროცესს დააჩქარებს. მანამდე, „შინაგან საქმეთა სამინისტროში... ლაპარაკიც არ უნდათ ამ სისტემის შეცვლაზე, რათა გამკაცრდეს სამართლებრივი მექანიზმები და საპარლამენტო კონტროლი [ტელესაკომუნიკაციო] ქსელებთან მუდმივი პირდაპირი წვდომის აღკვეთაზე“, ამბობს TI-ს უფროსი ანალიტიკოსი მათიას ჰუტერი. 


foreignpress.ge