არასამთავრობოები ფონდების საქმიანობის შემოწმებას ითხოვენ

არასამთავრობოები ფონდების საქმიანობის შემოწმებას ითხოვენ

საქართველოში ფონდების საქმიანობა დაფარულია. ბოლო წლებში არაერთი ფონდი თანხების გადაქაჩვისა და ფულის გათეთრების საშუალებად იქცა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძის განცხადებით, იგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ გამოძიება ფონდების საქმიანობთ უნდა დაინტერესებულიყო. მისი თქმით, თუ ბიუჯეტის თანხა იხარჯება პარტიული აქტივობისთვის, ეს ნამდვილად შეიძლება დაკვალიფიცირდეს გაფლანგვად ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებად. უფრო მეტიც, ფონდების საქმიანობის შესახებ საია ვერ იღებდა ინფორმაციას და ეს იყო ძალიან დახურული სივრცე.

„ფონდებთან დაკავშირებით კითხვები რომ არსებობდა, ამას დღესაც ვადასტურებთ“, -აცხადებს კახა კოჟორიძე „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობასთან დაკავშირებით, საიდანაც პროკურატურის ინფორმაციით, პარტიული ინტერესებისთვის გაიფლანგა 48 180 960 ლარი.

რატომ იყენებენ საქართველოში ფონდებს სათავისო მიზნებისთვის, მაშინ, როცა ასეთი რამ უცხოეთში იშვიათია. კიდევ რომელი ფონდები აჩენს ეჭვის საფუძველს? ამ ყველაფერთან დაკავშირებით ექსპერტები გვესაუბრებნიან.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საზღვარგარეთ ნებისმიერი ფონდი შემოწმებას ექვემდებარება და, თუკი საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას არ ეხება, ფონდის მიერ თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

ექსპერტს კითხვებს უჩენს სპეციალური მიზნობრივობით შექმნილი ფონდები, როგორიც იყო „თბილისის განვითარების ფონდი“, „გუდაურის განვითარების ფონდი“, „პრეზიდენტის ფონდი“ (თავისი სოლიდური თანხებით - ყოველწლიური 50 მილიონიანი დაფინანსებით), „მთავრობის ფონდი“. ეს ფონდები გამჭვირვალობასთან ყოველთვის მწყრალად იყვნენ, რადგან არასდროს არავინ იცოდა, კონკრეტულად რა ფინანსური ოპერაციებისთვის იხარჯებოდა თანხები.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ძველ ბიუჯეტში ერთმილიარდიანი ე.წ. „სხვა ხარჯი“ იყო გაწერილი და სწორედ „ეს სხვა ხარჯია“ ყველაზე კარგად შესასწავლი.

„დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი აღმოჩნდება, რადგან ეს არის ბუნდოვანი და ზოგადი ხარჯები. თბილისის მერიას რაც შეეხება, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო ბოლო წლებში მის ხარჯვით პროცესთან დაკავშირებით და აუდიტის სამსახურის დასკვნებს გრიფი „საიდუმლოც“ ედო. აღარაფერს ვამბობ, პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდზე და, ასევე, სხვა სპეცფონდეზე, რომლებიც კონკრეტული დანიშნულებით, მიზნობრიობით იქმნებოდა“, - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ გენერალური აუდიტის სამსახურს შეუძლია, შევიდეს და შეამოწმოს ყველა ის უწყება, სადაც სახელმწიფო ფული იხარჯებოდა. თუმცა პრობლემაა ისიც, რომ ბევრი ასეთი შემოწმება გვახსოვს, რომელსაც შემდეგ ედებოდა გრიფი „საიდუმლო“. ამიტომ გენერალური აუდიტის სამსახურმა ფუნქციურად უნდა იმუშაოს და რომელიღაც სამინისტროს, პროკურატურის კონტროლქვეშ არ იყოს, როგორც ადრე ხდებოდა. ამას კი პოლიტიკური ნება სჭირდება.

საია-ს იურისტი სულხან სალაძე აცხადებს, რომ საქართელოში კითხვები მართლაც ჩნდება ამ ე.წ. ფონდებთან მიმართებით. კერძოდ, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკის ფონდები გახლდათ. ცხადია, აქაც იყო პრობლემები მათ გაუმჭვირვალეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ფონდებში აბსოლუტურად თავისუფალი თანხის ხარჯვა მიმდინარეობდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ, სამწუხაროდ, კანონი არ ზღუდავდა, თუ რაში გამოიყენებდა პრეზიდენტი ან მთავრობა საერთო ქონებას და თანხის ხარჯვას. როგორც წესი, ყველა ამ ფონდის თანმდევი მოვლენა იყო ინფორმაციის დახურულობა. თუმცა ხანგრძლივი სასამართლო დავების შემდეგ კი, საია, გარკვეულწილად, აღწევდა მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

„ბოლო მეორე წელია, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აისახება და უკვე იქიდან ვიგებთ, რაში დაიხარჯა ეს თანხები. ასევე, ჩვენ შეგვიძლია, მთავრობის თუ პრეზიდენტის განკარგულებები, დადგენილებები გამოვითხოვოთ და გავიგოთ, რაზე ხარჯავდნენ თანხებს. რაც შეეხება თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ ფონდებს, ამის გაგება გამორიცხულია. საუბარია ორ ფონდზე - „ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდი“, რომელიც დღეს ლიკვიდირებულია და „თბილისის განვითარების ფონდი“. ამ ფონდების მიზნები, პრაქტიკულად, იდენტურია და მათი საქმიანობის ძირითადი ნაწილი მიმართული იყო თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციაზე. 2005 წლიდან მოყოლებული, ამ ფონდებში მუდმივად ხდებოდა თბილისის ბიუჯეტიდან თანხების გადარიცხვა და 2012 წლის აპრილ-მაისის ჩათვლით, ფონდებში ჯამში, 633 მილიონ ლარზე მეტია გადარიცხული, რომლის ძირითადი დანიშნულება სწორედ თბილისის რეაბილიტაცია უნდა ყოფილიყო. თუმცა ვერცერთ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვინტერესდებოდით, ეს ფონდი როგორ არჩევდა კონკრეტულ შემსრულებელ კომპანიებს, რა ჯდებოდა თითოეული პროექტის განხოციელება, ვინ არჩევდა ამ კომპანიებს და რა პრინციპით, ეს ინფორმაცია მუდმივად დახურული იყო“, - აცხადებს სულხან სალაძე For.ge-სთან საუბარში და თვლის, რომ ვინაიდან 2012 წელი საარჩევნო წელი იყო, ამიტომ თანხების კანონიერ ხარჯვასთან დაკავშირებით, ცხადია, კითხვები ჩნდება.

იურისტის თქმით, აქ მარტო ფინანსებზე არ არის საუბარი, არამედ პრობლემა იყო ქონების გასხვისებაც. ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს 2012 წელს, როცა ფონდებს საკუთრებაში გადაეცემოდათ თბილისის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და შემდგომში ფონდი ამ ქონებას ასხვისებდა, როგორც კერძო იურიდიული პირი, ასხვისებდა და არა კონკურსის ან შეჯიბრებითობის საფუძველზე, თუ ვინ უფრო მეტ თანხას გადაუხდიდა.

ამ კონტექსტში საინტერესოა რიყის ტერიტორიის შემთხვევა. 2006 წელს თბილისის მერიამ რიყის ტერიტორია გაასხვისა 7 მილიონ აშშ დოლარად, 2008 წელს კი „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ საშუალებით უკანვე გამოისყიდა 17 მილიონ დოლარად, ისე, რომ ტერიტორიის გაუმჯობესება და განახლება არ მომხდარა. პრაქტიკულად, მერიამ 10 მილიონი დოლარით მეტი გადაიხადა ამ ტერიტორიის უკან გამოსყიდვაში და ეს საეჭვოა.

ასევე, სულხან სალაძის თქმით, საინტერესოა წინა წლებში არსებული „რეგიონების განვითარების ფონდების“ საქმიანობაც, სადაც ძალიან დიდი თანხები მიდიოდა. გარდა ამისა, სარეზერვო ფონდები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკასაც გააჩნდა. ყველა ფონდის ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება, მაგრამ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული რეაბილიტაციის ფონდებიდან ბევრად დიდი თანხა იხარჯებოდა, ვიდრე სხვა სარეზერვო ფონდებიდან.