შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის მოქალაქე ჰაბიბ ს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჰაბიბ ს. აზერბაიჯანიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას იმ დროს დააკავეს, როცა მან აზერბაიჯანში შეძენილი, სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება საქართველოში შემოიტანა.
ექსპერტიზის დასკვნით, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ამოღებულია 3,211 გრ ოპიუმი.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ჰაბიბ ს. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).