სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, ან სისხლის სამართლის პროცესის დროს გამოვლინდა. ამავე კოდექსის 373-ე მუხლი ადგენს სამართლებრივ პასუხისმგებლობას დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაზე. იმ შემთხვევაში, თუ კი გამოძიება დაადგენს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისრტრმა სასამართლო პროცესზე ცრუ განცხადება გააკეთა და პიროვნებები დანაშაულის ჩადენაში შეგნებულად ამხილა, კანონმდებლობა მერაბიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის საფუძველს იძლევა. თუმცა, პროკურატურა საქმის გამოძიებაზე უარს ამბობს. პროკურატურის მოტივი მარტივია - „მერაბიშვილი იტყუება“.
for.ge. სამართლის ექსპერტს კახი კახიშვილს ესაუბრა.
პროკურატურა მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს, რადგან ამბობენ, რომ მერაბიშვილი იტყუება. საინტერესოა, თუ მერაბიშვილი იტყუება, რატომ არ აწყობს ამის ოფიციალურად დადასტურება პროკურატურას?
- იტყუება თუ არა ვანო მერაბიშვილი, ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება. ეს მოთხოვნა დევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 101-ე მუხლში, სადაც წერია, რომ თუ გაკეთდა განცხადება, რომელიც შეიცავას სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, პროკურატურა ვალდებულია ამ განცხადების საფუძველზე დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს განცხადებაში მოყვანილი ფაქტები. თუკი გამოძიებით დადგინდება, რომ მერაბიშვილი ტყუის, მაშინ შეიძლება თავად მერაბიშვილი მიეცეს პასუხისგებაში დანაშაულზე ცრუ დასმენის გამო.
მიმაჩნია, რომ მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება მერაბიშვილის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით. ამავდროულად, გამოძიების დაწყებისთანავე მთავარი პროკურატურის გამომძიებელმა უნდა გააფრთხილოს ბატონი მერაბიშვილი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 373-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცრუ დასმენაზე. თუ ამ ხელწერილის შემდეგ, რომ ის გაფრთხილებულია ცრუ დასმენისთვის პასუხისმგებლობის შესახებ, ბატონი მერაბიშვილი დაადასტურებს განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს, უნდა დაიწყოს გამოძიება.
თუკი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მერაბიშვილმა სხვადასხვა მიზნების გამო, ცრუ დასმენა მოახდინა და შეეცადა, შეექმნა შთაბეჭდილება სხვადასხვა ადამიანების მხრიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ, მაშინ საბოლოოდ, ცრუ დასმენის გამო, თავად მერაბიშვილი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. თუკი გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ ეს იყო მოგონილი, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ნათელი გახდება, თუ როგორ ახერხებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით, წმინდა სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას.
თუკი ამ ფაქტს არ ჰქონდა ადგილი, მაშინ რატომ ამბობს უარს პროკურატურა საქმის გამოძიებაზე? მითუმეტეს სამართლებლივად და პოლიტიკურად ვისაც უნდა აწყობდეს დღეს გამოძიების ჩატარება, ეს უნდა იყოს ხელისუფლება...
- ჩემთვის ცოტა გაუგებარია ხელისუფლების პოზიცია გამოძიების არდაწყებასთან დაკავშირებით. გამოძიების არ დაწყება წყალს ასხამს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე, მათ ზუსტად ეს უნდათ. ყველანაირად ცდილობენ, რომ წმინდა სამართლებლივი საპროცედურო საკითხები გადაყვანონ პოლიტიკურ ჭრილში და ამის საშუალება არ უნდა მისცეს ხელისუფლებამ ოპოზიციას.
გამოძიების არდაწყებით „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაჩერდება. მოივლიან მსოფლიოს ყველა ტრიბუნას და იტყვიან, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რომელსაც თავს ესხმიან და ა.შ. თუ კი გამოძიება დაადგეს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩება მარტო ყველა იმ განცხადებასთან, რომელიც მანამდე კეთდებოდა და ყველა იმ განცხადებასათან, რომელიც შემდგომ გაკეთდება პროცესის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით.
სიმართლე გითხრათ მიკვირს, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუ მთავარ პროკურორს ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, მას ეს შეეძლო ძალიან მარტივად გაეკეთებინა. პროკურატურას შეეძლო საპროცესი შეთანხმების შეთავაზება მერაბიშვილისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის დათანხმდებოდა და მნიშვნელოვან საქმეებზე მისცემდა ჩვენებას.
რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს მერაბიშვილის განცხადება, რომ მთავარი პროკურორი მას ფარულად შეხვდა?
- ვერ გეტყვით, რადგან როგორც გითხარით, მთავარ პროკურორს ისედაც შეეძლო მასთან შეხვედრა და თუნდაც იმის შეთავაზება, რაც შესთავაზეს ჟვანიას და სააკაშვილის შესახებ. ამიტომ, ცოტა გაუგებარი ვითარებაა. ვფიქრობ, რომ აუცილებლია გამოძიების ჩატარება. თითოეული დღე, როდესაც გამოძიება არ იწყება და საზოგადოება ამაზე საუბრობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. ვის რაში აწყობს მოქმედი ხელისუფლებიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გენარალურმა მდივანმა, რომელმაც, წესით, ბევრ საქმეზე უნდა აგოს პასუხი, პოლიტიკური პატიმრის ჭრილში გადაინაცვლოს, ეს ჩემთვის გაუგებარია.
ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამას ემსახურება მერაბიშვილის ჩანაფიქრი, რომ ის აღიარებული იქნას პოლიტპატიმრად? „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გაორმაგებულად მიაწვდიან ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადეობას იმასთან დაკავშირებით, რომ მერაბიშვილს პოლიტიკური მოსაზების გამო დევნიან.
- მათი მიზანია ყველა სამართლებლივი საკითხი გადაიტანონ პოლიტურ ჭრილში, სამართლებლივი პროცედურები მათი პარტიის წევრების საქმეებთან დაკავშირებით გადაიყვანონ თითქოსდა პოლიტიკურ დევნაში. ამაში მათ ხელი პროკურატურამ არ უნდა შეუწყოს. ამიტომ, ჩემი აზრით კანონის სრული დაცვით ჩასატარებელია ყველა ის პროცედურა, რომელიც არ მისცემს საშუალებას „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ საქმეებზე რომელსაც, წესით, პასუხი უნდა გასცენ. მაგალითად, უგულავას დაბარება და დაკითხვაც კი პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. ერთი წელია ისინი ცდილობენ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ ამას ხელი ხელისუფლებამ არ უნდა შეუწყოს.
პროკურატურის ქმედება როგორ ფიქრობთ არ უწყობს ამას ხელს?
- ვერ გეტყვით, ამას პროკურატურა შეგნებულად აკეთებს, თუ შეუგნებლად. ფაქტია ერთია, რომ პროკურატურამ უნდა შეასრულოს ის, რაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში. არაკომპეტენტურობის, ან გაჯიუტების გამო, არ უნდა შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც შემდგომში შენს ოპონენტს ყოველთვის ექნება ამის თქმის საშუალება და ზოგ შემთხვევაში, ეს შეიძლება, არგუმენტირებულადაც კი იქცეს ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის თვალში. მე მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებელია პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყოს ამ საქმის გამოძიება.
მერაბიშვილმა ამ განცხადების შემდეგ მოითხოვა შესვენება, ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ კი დააყენა ადვოკატების აცილების შუამდგომლობა, რაც იქნა დაკმაყოფილებული და მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფრი წინასწარ იყო დაგემილი?
- ეს არის შორს მიმავალი აზრები. ბუნებრივია, მერაბიშვილის მრიდან ადვოკატების მომსახურეობაზე უარის თქმა აბსოლუტურად უსაფუძვლოა და კავშირში არაა იმისთან, რასაც ის აღნიშნავს განცხადებაში, რომ გაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. კარგად ვხედავთ, რომ მერაბიშვილს საკუთარ ადვოკატებთან აქვს კავშირი, მაგრამ მათი მხრიდან სამართლებრივ დაცვაზე უარი განაცხადა და ფაქტობრივად, პროკურატურას აიძულებს, რომ ის დაიცვან სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ, როცა გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ვანო მერაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ განაცხადებს, რომ სახაზინო ადვოტაკებმა გააკეთეს ყველაფრი, რომ არ დაეცვათ ვანო მერაბიშვილი, სასამართლოს გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი და, რომ ის იყო დაშინების მსხვერპლი. დაშინების მსხვერპლია ასევე მოსამართლე და ამ განაჩენს იმ ადვოკატებმა შეუწყვეს ხელი, რომელიც დაუნიშნეს თითქოსდა, პროკურატურიდან. ცხადია, რომ სალაპარაკო თემებს იტოვებენ იმისათვის, რომ სამართლებლივი საკითხები გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში.