ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.
The New York Times-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს სურს დააწესოს სანქციები იმ ტანკერებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს სანქციებისგან თავის არიდებაში ხელს უწყობენ. თუმცა, თეთრი სახლის თანაშემწეები შეშფოთებულნი არიან, რომ ამ ნაბიჯს თან ახლავს საწვავის გაძვირების რისკი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
„ეკონომიკის საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლები შიშობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის ფასების ზრდა ამ ზაფხულს და შესაბამისად, საწვავის ფასების ზრდა შეერთებულ შტატებში, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ბაიდენის საარჩევნო კამპანიას“, - წერს გაზეთი The New York Times-ი.
გაზეთ The New York Times-ის რამდენიმე ინფორმირებული თანამოსაუბრის თქმით, რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ შეთავაზებული სანქციები განხილვის პროცესშია და უახლოეს მომავალში არ განხორციელდება.
გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციაში არ დაეთანხმნენ სახაზინო დეპარტამენტის წინადადებას მაშინაც კი, როდესაც უწყების მოქმედმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს ანალიზი, რომელიც აჩვენებს, რომ ნავთობის ბაზარზე სერიოზული ზემოქმედების რისკები მცირეა.